მამუკა სალუქვაძე: "იმდენი დავაშავეთ და იმდენი ცუდი გავუკეთეთ ჩვენს კურორტებს, რომ უკვე საშიშია ბახმაროც არ დავკარგოთ"
გვანცა წულაია
04.04.2024

ბახმაროში მასშტაბური დეველოპერული პროექტის განხორციელებას საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ,,ორბი ჯგუფი“ ისეთი მშენებლობის დაწყებას გეგმავს, რომელიც ადგილობრივ ტურისტულ პოტენციალს საფრთხეს შეუქმნის და ეკოლოგიური თვალსაზრისითაც პრობლემას უკიდურესად გაამწვავეს.

საუბარი არ არის მხოლოდ იმაზე, რომ ბახმაროს იერსახე მახინჯდება, არამედ, როგორც ურბანისტები აცხადებენ, პროექტს ახლავ სხვა რისკიც, მათ შორის ეკოლოგიასთან დაკავშირებით და მისი განხორციელება დაუშვებელია.

მთავრობამ საკითხის მიმართა დამოკიდებულება თითქოს შეცვალა და როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ბახმაროში „ორბი ჯგუფის“ პროექტი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ სამშენებლო ნებართვის ფარგლებში, გენგეგმის მოთხოვნები მაქსიმალურად იქნება დაცული.

„ინტერნეტში გამოჩნდა რენდერები, რომელიც ინვესტორის მხრიდან გავრცელდა და ეს არ იყო შესაბამისობაში გენგეგმის მოთხოვნებთან. გენგეგმის მიხედვით არის გაცემული სამშენებლო ნებართვა, რომელიც არსებულ კოეფიციენტებს და შეზღუდვებს სრულად შეესაბამება. თუ მოხდება ხარისხიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობა, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ბახმაროს ტურისტული პოტენციალის მეტად გამოყენებას, მაგრამ ვსაუბრობთ პასუხისმგებლობიან ინვესტიციებზე, რომელიც კანონმდებლობის მოთხოვნებთან სრულად შესაბამისია და ვფიქრობთ, ინვესტორი მხოლოდ ამ პირობებში შეძლებს პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ბახმაროში არსებობდეს მეტი ხარისხიანი ინვესტიცია და შეიქმნას ისეთი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მიმზიდველს გახდის ამ კურორტს ვიზიტორებისთვის. ეს იქნება როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო და გურიის ეკონომიკისთვის კონტრიბუტორი.

„ბოლო პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, რაც გულისხმობდა ახალი გენგეგმის დამტკიცებას, რომელიც ფართო საჯარო განხილვებისა და საზოგადოების ჩართვით იყო მიღებული, სწორი დაგეგმარების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ბახმაროს მიმზიდველობა. გაიზარდა ასევე მიწის ღირებულება, რომელიც 165 ლარს შეადგენდა 2019 წლისთვის და დღის მდგომარეობით უკვე 500 ლარს გადასცდა. ასევე მნიშვნელოვანი შემოსავალი - თითქმის 20 მილიონი ლარი მიიღო რეგიონმა აუქციონებიდან. თანხის აკუმულირება მოხდა საინვესტიციო მიზნით გაცემული მიწის შედეგად“, - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

პროექტს, ადგლობრივ მოსახლოებასთან ერთად, არქიტექტორებიც აპროტესტებენ და ამბობენ, რომ იმ ფორმით და მასშტაბით, როგორიც დღეს ბახმაროა, მომავალში ფიზიკურად ვეღარ იარსებებს. როგორც არქიტექტორ-ურბანისტი მამუკა სალუქვაძე მიიჩნევს, ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი პროექტის საჯაროდ განხილვაა.

"როდესაც კორორტებზე მსგავსი სახის პროექტები იგეგმება, ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კი არის, რომ საჯაროობის ფარგლებში მოხდეს განხილვა. იმდენი დავაშავეთ და იმდენი ცუდი გავუკეთეთ ჩვენს კურორტებს, მათ შორის გუდაური იქნება ეს თუ ბაკურიანი, გონს უნდა მოვეგოთ. ჩუმად და მალვით არ უნდა გაკეთდეს საქმე და დეველოპერმა არ უნდა თქვას, რომ კარგ პროექტს აკეთებს და თან ეს ჩვენ მედიიდან შევიტყოთ. ამ ყველაფერის შეფასება უნა მოხდეს ექსპერტების და სპეცალისტების მიერ.

ვერავის გაუგია ბოლოს და ბოლოს ზვავსაშიშ ზონაშია თუ არა პროექტი, შეიძლება თუ არა მისი განხორციელებით იდენტობა დაკარგოს კურორტმა, 4 სართულიანია შენობა თუ 5 სართულიანი, ანუ უამრავი კითხვა ისმის და პასუხისმგამცემი კი, პრაქტიკულად, არავინაა, რადგან ვისაც ეხება, ხვდება პროფესიულ საზოგადოებას და არ ესაუბრება ამ საკითხებზე. საჯარო განხილვები სწორედ იმიტომაა, რომ შეჯერდეს ყველაფრი, რადგან მშენებლობის შემდეგ არ მივიღოთ ცუდი მოცემულობა და არ დავკარგოთ ეს კურორტიც. მე არ ვიცი ეს პროექტი როგორია, რადგან არავის გამოუტანია საჯარო განხილვაზე. სწორედ ესაა მთავარი პრობლემა”, - განუცხადა "რეზონანსს" სალუქვაძემ და დასძინა, რომ პრეცენდენტულობა არ არის ყველა შემთხვევაში აუცილებელი.

"შეიძლება რომელიღაც ტერიტორიაზე ესა თუ ის მშენებლობა მისაღები იყო, მაგრამ ამან ფართო ხასიათი არ უნდა მიიღოს. ჩვენთან ასეა, ერთი თუ აშენდა, შემდეგ მიადგებიან და ყველა აშენებს. ეს არ უნდა მოხდეს, პრეცენდენტულობა არ არის ყველა შემთხვევაში დასაცავი. როცა კურორტებზე და ტურისტულ ადგილებზე გვაქვს საუბარი, აუცილებელია საზოგადოებრივი ინტერესები იყოს გათვალისწინებული”, - უთხრა "რეზონანსს” მამუკა სალუქვაძემ.

ასეთი პროტესტის მიუხედავად, ,,ორბიმ" პროექტის პრეზენტაციაც გამართა და აპარტამენტების გაყიდვაც დაიწყო. კომპანიაში ითქვა, რომ ბახმაროში წარმოდგენილი 350-ნომრიანი სასტუმროს გარდა, სხვა ტიპის კომპლექსის მშენებლობას არ განიხილავენ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კომპანია „ორბი ჯგუფ ბახმაროს“ კურორტ ბახმაროში 9 მიწის ნაკვეთი საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად 2019 წლის 15 მაისს გადაეცა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია. განკარგულების თანახმად, კომპანიამ არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში „ორბი ჯგუფს“ ამ მიწის ნაკვეთებზე, ან მათ ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება ევალება, რაც მოიცავს არანაკლებ 120-ნომრიან სასტუმროებს, კვების ობიექტებს, სპორტულ მოედნებსა და სხვა ინფრასტრუქტურას. ამასთან, ცნობილია, რომ  ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის ვადაში „ორბი ჯგუფისთვის“ გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არ უნდა აშენდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×