"ვერ გეტყვით როგორ და რა გზებით, მაგრამ ძალაუნებურად, მოგვიწევს გადარჩენაზე ვიფიქროთ"
ირმა ჩიტაია
08.04.2024

აღდგომის დღესასწაულის მოახლოების მიუხედავად, კვერცხის ფასი, სავარაუდოდ, არ გაიზრდება. სადღესასწაულოდ მოთხოვნა მზარდია, მაგრამ ბიზნესის წარმომდაგენლები მიიჩნევენ, რომ ბაზარზე რყევა არ იქნება. ის კი არადა, პრობლემა შეიძლება გაჩნდეს იაფ თურქულ პროდუქციასთან დაკავშირებით. მეზობელი ქვეყნიდან დაბალ ფასად შემოტანილმა პროდუქტმა შესაძლოა, კვერცხის ფასი დააგდოს.

რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, ქართველი მეფრინველეები ბაზრის სრულად ათვისებას ახერხებენ, დეფიციტი არ შეინიშნება. პრობლემას იაფი იმპორტი ქმნის. ვარაუდობენ, რომ ქართულ ბაზარი მალე იმპორტირებული, კერძოდ, თურქეთიდან შემოტანილი კვერცხით გაჯერდება. ეს უკანასკნელი დიდ პრობლემას შეუქმნის ადგილობრივ მეწარმეებს. იმპორტირებული კვერცხი, სავარაუდოდ, იაფად შემოვა და ხელს შეუშლის ქართველ ფერმერებს პროდუქციის რეალიზებაში.

ფასების სტაბილურობაზე გაამახვილა ყურადღება მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა. მისი ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულის მოახლოების მიუხედავად, მარაგი გაკეთებულია და მოკლევადიან პერიოდში კვერცხი არც გაძვირდება და არც გაიაფდება.

„მარაგი გაკეთებულია და სიტუაცია ამ ეტაპზე ბაზარზე სტაბილურია. გამორიცხულია, რომ მოკლევადიან პერიოდში რამე შეიცვალოს, როგორც კვერცხის, ასევე ფრინველის ხორცის მიმართულებით. ყველაფერი ნორმალურადაა, არც დეფიციტია მოსალოდნელი და არც ფასის ცვლილება. აღდგომამდე მაინც, ფასის ზრდა ან შემცირება გამორიცხულია", - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

რაც შეეხება იმპორტირებულ კვერცხს, როგროც მეწარმემ აღნიშნა, ეს საკითხი ქვეყნისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს. ადგილობრივ წარმოებას საგრძნობლად აზარალებს. რასაც ხელს უწყობს მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში არსებული ინფლაციაც.

„რუსეთში  წარმოება გაიზარდა და  თურქული იმპორტი კვლავ  შეგვაწუხებს. ერთი პერიოდი  გაჩერებული იყო და ახლა  კვლავ გრძელდება, სავარაუდოდ  უფრო  მოიმატებს საქართველოში იმპორტი. შემცირებით ნამდვილად არ შეამცირებენ. თურქეთში ინფლაციაა,  ფასი დაბალია და  გადასული არიან ზედმეტი კვერცხის მოშორებაზე“ - აღნიშნა უჩუმბეგაშვილმა.

სააღდგომოდ კვერცხის ფასის სტაბილურობის შენარჩუნებაზე საუბრობს კომპანია ,,კოდას" დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილიც, რომელიც კატეგორიულად აცხადებს, რომ პროდუქცია არავითარ შემთხვევაში არ გაძვირდება.

,,ჩვენთვის მთავარია რომ წინასააღდგომო პერიოდში მოსახლეობას დისკომფორტი არ შევუქმნათ. მათთვის ხელმისაწვდომი იყოს კვერცხის ფასი და პროდუქცია არ გავაძვიროთ. ამიტომაც, დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ კვერცხის გაძვირება არ იგეგმება," - განაცხადა ჭუჭულაშვილმა.

გაზრდილი  თურქული კვერცხის იმპორტის საშიშროებაზე საუბრობს ,,ბიზნეს-რეზონანსთან" კომპანია „მცხეთის მეფრინველეობის“ დირექტორი დავით ათუნაშვილი. მას სააღდგომოდ ფასის ცვლილებასთან დაკავშირებით სხვა მოლოდინი აქვს და წინასწარი პროგნოზის გაკეთებაც უჭირს.

,,ჩვენ ბაზარზე მცირე კომპანია ვართ, სხვები გაცილებით მსხვილი მოთამაშეები არიან. ამიტომაც ფასის  რყევა მათზეა დამოკიდებული. პატარა კომპანიები მივყვებით ამ დინებას. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თუ მოთხოვნა მზარდი იქნება და დიდი კომპანიები მომზადებული შეხვდებიან, შეიძლება ფასიც იგივე დარჩეს.

ჩვენთვის, მცირე კომპანიებისთვის, მთავარი პრობლემა იმპორტირებული კვერცხია. თუ ადგილობრივი ბაზარი გაჯერდება თურქული კვერცხით, მაშინ ეს სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის და შესაძლოა, ბევრი მცირე წარმოება დაიხუროს კიდეც. ძალიან რთულ პიროებში მოგვიწევს არსებობა. ამის წარმოდგენაც კი მიჭირს. მძიმე ტვირთად დააწვება ქართულ ბაზარს და მეფრინველეობას იმპორტირებული კვერცხის შემოტანა", - აღნიშნა დავით ათუნაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

სააღდგომოდ ფასების შენარჩუნებაზე საუბრობს კომპანია ,,პატარძეულის" დირექტორი ოთარ მუჩიაშვილი. იგი კატეგორიულად აცხადებს, რომ კვერცხზე ფასი შენარჩუნდება. რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქციას, თურქეთიდან შემოსული კვერცხი ქართულ ბაზარს მძიმე ტვირთად დააწვება და ქართველ მეწარმეებს სერიოზულ ზარალს მიაყენებს.

,,აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კვერცხი არ გაძვირდება. მომხმარებელს პროდუქცია სტაბილურად მიეწოდება. ფასები უცვლელი დარჩება. რაც შეეხება იმპორტირებულ თურქულ კვერცხს, ეს ადგილობრივ მეწარმეებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. იმპორტირებული კვერცხი საკმაოდ დაბალ ფასად შემოდის. მოგვიწევს ფასის კორექტირება, რაც ჩვენს წარმოებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

მუშახელის შემცირებაზე ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, მაგრამ ცხადია, დაბალ ფასად შემოსული კვერცხით ბაზრის გაჯერება ადგილობრივ წარმოებაზე უარყოფითად აისახება. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით როგორ და რა გზებით, მაგრამ ძალაუნებურად, მოგვიწევს გადარჩენაზე ვიფიქროთ", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ოთარ მუჩიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×