„რითეილ სექტორში შიდა კორუფციაა. ადგილობრივ ფერმერს სულ რომ კარგი ფასი ჰქონდეს, მის პროდუქტს მაინც იმპორტულს ამჯობინებენ"
გვანცა წულაია
24.04.2024

ადგილობრივი წარმოების პროდუქცია სავაჭრო ქსელებში ძალიან მცორე დოზით არის წარმოდგენილი. მონოპოლიასა და კორუფციაზე საუბრობენ ასოციაციებში. მათი ინფორმაციით, ქსელურ მარკეტებში ქართული პროდუქცია უმეტესად იბლოკება და უდიდესი აქცენტი იმპორტირებულ საკვებს ენიჭება.

ერთი დაკვირვებითაც კი შესამჩნევია, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია სავაჭრო ქსელების დახლებზე ნაკლებად მოიძებნება. ქართულ ხილ-ბოსტნეულს მომხმარებელი, ძირითადად, აგრარულ ბაზრობებში თუ შეიძენს. როგორც ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა, ქსელური მარკეტები უპირატესობას ანიჭებენ იმპორტულ პროდუქციას და ქართული ნაწარმს მცირე ადგიი აქვს დათმობილი.

„ქსელებში ძალიან მცირე სეგმენტია ღია, სადაც ქართველ ფერმერს აქვს წვდომა. ხშირ შემთხვევაში მონოპოლიურ ფასებს აწესებენ, ქართულ პროდუქციას არც განიხილავენ, რომ შევიდეს ქსელებში“, - თქვა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან”.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადგილობრივი ფერმერი რითეილ სექტორს მისაღებ ფასს სთავაზობს, გადაწყვეტილება მაინც „კორუფციულად“ მიიღება.

„რითეილ სექტორს შიდა კორუფცია აქვს გარკვეულ პოზიციებზე. ფერმერს სულ რომ კარგი ფასი ჰქონდეს, შიდა დონეზე ვინც ხარისხისა და პროდუქციის მიღებას აკონტროლებს, მათი გადაწყვეტილების შედეგად ხდება საკითხის გადაჭრა. უმეტესად იმპორტული პროდუქცია შეაქვთ ქსელებში და ჩვენი ფერმერი ამ შემთხვევაში რჩება დაზარალებული.

მათ აქვთ მონოპოლია, ჩაკეტილი სისტემაა და ეს ფერმერების სასიკეთოდ არ მუშაობს. ეს არის პრობლემა, რომელსაც ყურადღება სჭირდება როგორც კერძო სექტორიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდანაც. მასტიმულირებელი ღონისძიებები უნდა გატარდეს, რათა ქართული პროდუქცია იყოს სრულფასოვნად წარმდგენილი შიდა ბაზარზე და შემდეგ ექსპორტზეც“, - განაცხადა ბეჟიტაშვილმა და დასძინა, რომ სავაჭრო ქსელებში ნდობის მომენტი აქვთ დაკარგული ადგილობრივი ფერმერების მიმართ.

„ქართველ ფერმერს ხშირ შემთხვევაში რაოდენობებისა და შესანახი პირობების არქონის გამო, მცირე რაოდენობის გასაღება უწევს ღია ბაზრებზე. ძირითადად გვაქვს დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, ფერმერებს დიდი რაოდენობით მიწებზე ხელი არ მიუწვდებათ, მსხვილმასშტაბიანი მეურნეობები ძალიან ცოტაა. ამიტომ, ფერმერი თავის მცირე მოსავალთან ერთად რჩება, საკოლმეურნეობო ბაზრებს რომ ეძახდნენ, ასეთი ტიპის ბაზრებზე. სხვა გამოსავალი არ აქვს“, - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

ფერმერები საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათ მოყვანილ მოსავალს ფასი არ აქვს მაშინ, როცა მათგან შეძენილი ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული თუ სხვა სახის პროდუქცია გადამყიდველებთან საკმაოდ დიდი ფასნამატით იყიდება (ხშირად 4-5-ჯერ უფრო ძვირადაც კი).

გარდა ამისა, ადგილობრივი მეწარმეები იმის შესახებაც წუხხან, რომ ქსელურ მარკეტებში მათთვის სივრცე, უმეტესად, არ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული წარმოების ხილი თუ ბოსტნეული იმპორტირებულს ხარისხობრივად სჯობს, აქცენტი ფასზე კეთდება, რადგან საზღვარგარეთიდან შემოტანილი პროდუქცია შედარებით იაფია.

ფერმერმა რამაზ ცუკოშვილმა დაადასტურა, რომ ზამთრის პერიოდში, როცა მოსავალი მცირეა, ხოლო წარმოების ხარჯი მაღალია, უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქტი ბევრად იაფია.

"როდესაც ქვეყანაში ჭარბი მოსავალია, მაშინ ფასითაც ვუწევთ კონკურენციას იმპორტირებულ პროდუქციას, თუმცა ზამთრის პერიოდში, როცა მოსავალი მცირეა, წარმოების ხარჯი მაღალია, უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქტი ბევრად იაფი გამოდის. მაგალითად, თურქეთში, ანტალიის რეგიონში, ბუნებრივად აქვთ სითბო. ისინი გათბობის გარეშე აწარმოებენ პროდუქციას, ეს მაშინ, როდესაც ჩვენთან ანალოგიურ საკვებს წარმოებისთვის სჭირდება ძალიან ბევრი ბუნებრივი რესურსი.

რაც შეეხება ხარისხს, ვერ ვიტყვით იმას, რომ იმპორტირებული პროდუქცია არ ვარგა. გააჩნია, მწარმოებელს და იმპორტიორს, მოიპოვება ყველანაირი ხარისხის პროდუქტი.

იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს და ქართული პროდუქციის რეალიზაციაც უფრო მეტად მოხერხდეს შესაბამისი ნაბიჯებიც იდგმება. სახელმწიფოს მხრიდან ძალიან ბევრი პროგრამაა ამოქმედებული. ასევე, დონორი ორგანიზაციების მხრიდანაც მიდის ამ კუთხით მუშაობა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სწრაფი შედეგი არ მოჰყვება, მაგრამ ყოველ წელს არის გარკვეული ნაბიჯები გადადგმული”, - განუცხადა "რეზონანსს” რამაზ ცუკოშვილმა.

სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ფასმა გადაწონა ხარისხის კრიტერიუმი. ასეთი პოზიცია აქვს აკადემიკოს ანზორ მესხიშვილს, რომელსაც უჭირს დადასტურება, რომ ქართული წარმოების პროდუქციის შეტანა ქსელურ მარკეტებში იბლოკება.

"სავაჭრო ქსელში, სიტყვაზე, იმპორტირებული კარტოფილი თუ შედის 70 თეთრად და ჩვენი ფერმერს სურს ერთ ლარად შეტანა, არჩევნის გაკეთება ხომ იაფიანზე მოხდება? არ შეიძლება იმის თქმა, რომ ქართული წარმოების პროდუქცია ქსელურ მარკეტებში იბლოკება.

ხილ-ბოსტნეული თურქეთიდან და სხვა ქვეყნიდან საქართველოში შემოდის დეპინგური ფასით. მაგალითად, ჩვენი ხარისხიანი კარტოფილი, ვინაიდან ცოტა უფრო ძვირია, ნაკლებად იყიდება, ხალხი ყიდულობს იაფა, საზღვარგარეთიდან შემოტანილს. აქ ყველაფერი ძვირია, საწვავი, ტრანსპორტი და სხვა მიმართულებები, ამიტომ გვიჭირს ჩვენი ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გაყიდვა. თითქმის ყველა პროდუქციაზე ასეთი მოცემულობაა. ქართული ხილ-ბოსტნეულის გემოთი 10-ჯერ ჯობია სხვა ქვეყნიდან შემოტანილს, მაგრამ გამოდის, რომ ფასმა გადაწონა ხარისხის კრიტერიუმი. 

სოფლის მეურნეობის პროდუქტების 75-80% შემოდის საზღვარგარეთიდან. ეს ქვეყნებია თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი. მაგალითად, ხილი საქართველოში შემოდის პოლონეთიდანაც კი.

ბოლო ხანებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო ნამდვილად ბევრ კარგ ნაბიჯს დგამს. გრანტებსაც გასცემს, შეღავათიან სესხებსაც აძლევს ფერმერებს, ნაწილობრივად თავადაც იხდის, დაზღვევის საკითხიც მოწესრიგა რაღაც დონეზე. არის გარკვეული წინსვლა, მაგრამ არასაკმაირია, უფრო მეტი სტიმულია საჭირო”, - განუცხადა "რეზონანსს” ანზორ მესხიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×