ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, წინ კიდევ უფრო რთული კვირაა
ქეთო გოგოხია
24.04.2024

ბოლო რამდენიმე  დღეა, ლარის კურსი საგრძნობლად ირყევა. გარკვეულწილად ეს პროცესი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდება. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მაკროეკონომიკური პარამეტრები წესრიგშიაა და წესით, გაუფასურებას არ უნდა იწვევდეს. დიდი ალბათობით, კომპანიებს და მსხვილ სუბიექტებს დოლარში გადაჰყავთ თავიანთი რეზერვები, რაც კურსზე ნეგატიურად მოქმედებს. მით უმეტეს, მომავალ კვირას ორივე მხარე (მმართველი პარტია და ოპოზიცია) აქციებს გამართავს, რაც არასტაბილურობის განცდას იწვევს.

მესამე დღეა, რაც კურსი მაღლა მიიწევს და ,,ბლუმბერგზე"  2,69-იან ნიშნულს გადასცდა.საბანკო სფეროს სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ლარის რყევა გაგრძელდება.

სავალუტო ტენდენციებზე ისაუბრა ,,რეზონანსთან" საბანკო ექსპერტმა ლია ელიავამ, რომლის განცხადებითაც კურსი ნეგატიურ ტრენდს ჯერჯერობით ვერ შეცვლის, რასაც ხელს უმეტესწილად  საშინაო ფაქტორები უწყობს.

"საქართველოში კურსის გამყარება პირდაპირ დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის, ვალუტის გადინებაზე და სავალუტო კონვერტაციებზე. იმის გამო, რომ არასტაბილობაა და უარყოფითი მოლოდინი არსებობს, უცხოური ვალუტის დარეზერვება მიმდინარეობს, რაც ამ შემთხვევაში მთავარი გარემოებაა.

რეალურად როგორია ვაჭრობა უცხოურ ვალუტაში, უცნობია, თუმცა ვფიქრობ, რომ დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა. იცით, რომ საქართველოში ლარის კურსი ყალიბდება კომეციულ ბანკებს შორის ვაჭრობის შედეგად. მათი ვაჭრობა კი განპირობებულია იმით, რამდენი ფული შედის და გადის ქვეყნიდან. რამდენს რიცხავენ საზღვარგარეთ და რამდენი შემოაქვთ. როდესაც ლარის კურსი დაბლა იწევს, ეს იმას ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს აქვთ დიდი მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე.

ლარის ასეთი რყევა, რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ, არ არის დაკავშირებული უცხოეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან. მიზეზი მთლიანად შიდა პოლიტიკური ვითარებაა, რაც სახარბიელო არ არის", - აღნიშნა ელიავამ და დასძინა, რომ სანამდე გაგრძელდება სავალუტო ბაზარზე არასტაბილურობა, გარკვეულწილად, იმაზეა დამნოკიდებული, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები და რა გაგრძელებას ჰპოვებს.

,,ჯერჯერობით, რასაც ვხედავთ, არასაიმედო ვითარებაა. რა ნიშნულს მიაღწევს კურსი, ვარაუდი გამიჭირდება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება გაუფასურების პროცესი. ქვეყნებში, სადაც არის სავალუტო მცურავი კურსი, ყოველთვის ცენტრალური ბანკები ძლიერი რყევის დროს იყენებენ სავალუტო ინტერვენციის ინსტრუმენტს, რათა ქვეყნის ეკონომიკა არ დააზარალონა. სამწუხაროდ, ეროვნულმა ბანკმა ამაზე ხელი აიღო. სავალუტო რყევა თუ გაგრძელდება, ეს მტკივნეულად დაარტყამს ქვეყნის ეკონომიკას, განსაკუთრებით ბიზნესი დაზარალდება", - განაცხადა ელიავამ.

განსხვავებული მოსაზრებისაა ფინანსისტების მეორე ნაწილი, რომელთა შეფასებითაც, პოლიტიკური ვითარება სავალუტო ბაზარზე მკვეთრ გავლენას ვერ მოახდენს. პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი ფიქრობს, რომ ლარის რყევა ჩვეულებრივი პროცესია, რასაც ეროვნული ვალუტა სხვადასხვა პერიოდში განიცდის და მისი დღევანდელი მდგომარეობა რაიმე პრობლემის გამოძახილად არ უნდა ჩაითვალოს.

,,საერთოდ, არც ერთი ვალუტა ერთ ადგილას არ დგას, ყოველთვის იცვლის ტრაექტორიას. რაიმე ძლიერი ზემოქმედებით არ უფასურდება ლარი, ჩვეულებრივი ამბავია, რომელიც ხშირად არის განსაზღვრული ბაზრის აგენტების ქცევებით. ამას პოლიტიკურ მიმდინარე მოვლენებს ვერ დავაბრალებთ.

მუდმივად ერთ დონეზე არც ერთი ვალუტა არ არის გაჩერებული. ამიტომ ეს უნდა მივიღოთ როგორც ჩვეულებრივი ვითარება. ბანკები იქნებიან თუ  დეპოზიტარები ან ბირჟაზე აქციონერები, იმის მიხედვით ვერ იმსჯელებენ, რამდენი ადამიანი გამოდის ქუჩაში. როცა მოლოდინია ომის, კრიზისის და სხვა მსგავსი ნეგატიური პროცესების, გასაგებია, მაგრამ აქციების დაანონსება არ არის ის ფაქტორი, რაც სავალუტო რყევას გამოიწვევს. როდესაც ადამიანები თავიანთ განწყობას  გამოხატავენ, მისი გავლენა ეკონომიკაზე მიზერულია, იმდენად უმნიშვნელო, რომ არ შეიძლება სერიოზულ ფაქტორად იქნას აღქმული", - განაცხადა მიხეილ თოქმაზიშვილმა.

მისი თქმით, სავალუტო რყევა ალბათ გაგრძელდება, თუმცა რა ნიშნულს დაიჭერს ლარი, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. 

,,ორი რამ არის, რაც პროგნოზს არ ექვემდებარება: ლარის კურსი და საპროცენტო განაკვეთები. როგორი იქნება ეს მაჩვენებლები საშუალო და ხანგრძლი პერიოდში, კონკრეტულად როგორ შეიცვლება, ამას ვერავინ იტყვის. ჯერჯერობით ყველა პირობაა, რომ ეროვნულმა ვალუტამ სტაბილურობა შეინარჩუნოს. ამჟამინდელი რყევა დიდხანს არ გასტანს. არ არსებობს არც ფუნდამენტური ფაქტორი, არც რაიმე ისეთი გარემოება, რომ სავალუტო ბაზარზე რადიკალური ცვლილება მოხდეს. მცირეოდენი გადახრები საშიში არ არის. ეკონომიკა ვითარდება, წყნარ კალაპოტშია მოქცეული და ვერ ვხედავ ჯერჯერობით ისეთ მიზეზს, რამაც შეიძლება კურსზე ნეგატიურად იმოქმედოს", - აღნიშნა თოქმაზიშვილმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.

რაც შეეხება კურსს ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6910 ლარი ღირს, ევრო – 2.8756 ლარი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×