ია აბულაშვილი
29.09.2023

წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი, წმინდა გიორგივით უებრო რაინდი, ქრისტიანობისთვის ეწამა. მამამისმა, რომელიც თესალონიკის მმართველი იყო და ფარული ქრისტიანი, სახლთან ახლოს პატარა ეკლესიაც ააშენა, სადაც დიმიტრი მოინათლა.

დიმიტრი თესალონიკელი 306 წელს იმპერატორმა მაქსიმილიანე გალეროსმა სიკვდილით დასაჯა. გამთენიისას ჯალათებმა მისი ცხედარი მხეცებს მიუგდეს საჯიჯგნად. დიმიტრის ერთგულმა მსახურმა პირსახოცით მოწმინდა დიდმოწამის სისხლი. ამ სისხლით ნაკურთხი სიწმინდეებით მრავალი სნეული განიკურნა.

თესალონიკელმა ქრისტიანებმა წმინდანის ცხედარი მოიპარეს და მიწას მიაბარეს. იმპერატორ კონსტანტინეს დროს მის საფლავზე ტაძარი ააგეს, ასი წლის შემდეგ კი წმინდანის უხრწნელი ნაწილები ამოიღეს. მეშვიდე საუკუნიდან წმინდა დიმიტრის ლუსკუმიდან კეთილსურნელოვანმა მირონმა დაიწყო დენა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, დავით აღმაშენებელმა ათონის მთიდან დიდმოწამე მამებს - იოანე პეტრიწს და არსენ იყალთოელს წმინდანის თავის ქალა ჩამოატანინა. წმინდა მამებმა საქართველოში ათონის მთიდან 12 წმინდანის წმინდა ნაწილებიც ჩამოაბრძანეს.

დიმიტრი თესალონიკელის თავის ქალა გელათის მონასტერშია დაბრძანებული. ათონის მთიდან ჩამოტანილი 12 წმინდანის წმინდა ნაწილები მოოქროვილ ვერცხლის კიდობანში ინახებოდა, რომელიც მეფის ბეჭდით იყო დალუქული და მას ვერც ტაძრის წინამძღვარი და ვერც მიტროპოლიტი ვერ გახსნიდა. კიდობანი მეფისა და კათოლიკოსის თანდასწრებით გახსნეს. დავით აღმაშენებელს ამ წმინდა ნაწილების შესახებ თავის ანდერძშიც აქვს მოხსენიებული.

წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ნოემბერს აღნიშნავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×