რეზონანსი
20.10.2021

საქართველოს პროკურატურამ სოფელ გურჯაანში, დამამძიმებელ გარემოებაში ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა გასროლა სანადირო თოფიდან, შურისძიების მოტივით განახორციელა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 19 ოქტომბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულსა და ერთ-ერთ მოკლულს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, მკვლელობა განიზრახა. მან საკუთარი სახლიდან აიღო გლუვლულიანი სანადირო თოფი და გ.ზ.- ს და მის მეუღლეს დამიზნებით ესროლა. მ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი მეუღლე მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა საავადმყოფოში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×