რეზონანსი
27.06.2022

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი, სვენია შულცე საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს განცხადებით, საქართველოში ვიზიტის დროს, 28-30 ივნისს, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან და ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან.

„მინისტრის ვიზიტისას საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანობის პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერება 40 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას და ასევე, 3,2 მილიონი ევროს მოცულობის საგრანტო ხელშეკრულებას საქართველოში ათობით საჯარო სკოლის ენერგოეფექტიანი რეაბილიტაციისათვის. იმავე პროგრამის ფარგლებში, ასევე, ხელი მოეწერება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 12,2 მილიონი ევროს მოცულობის საგრანტო ხელშეკრულებას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის. ამიტომ ხელშეკრულების ხელმოწერას ევროკავშირის ელჩიც დაესწრება.

საგურამოს პროფესიულ კოლეჯსა და შატო მუხრანში ვიზიტის დროს ქალბატონი მინისტრი მიიღებს ინფორმაციას საქართველოში დუალური პროფესიული განათლების შესახებ და გაესაუბრება სტუდენტებს.

განვითარების სფეროში გერმანიასა და საქართველოს შორის 30-წლიან თანამშრომლობას 2022 წელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილი მიღების დროს ქალბატონ მინისტრს ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცემა.

განვითარების სფეროში თანამშრომლობა თავიდანვე გერმანულ-ქართული ურთიერთობების მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო. 1990-იანი წლებიდან საქართველო გერმანიის მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით და გერმანიამ 1992 წლიდან საქართველოს 1,2 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის დახმარება გაუწია. გერმანია მხარში უდგას საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში და მისი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. მაგალითად, გერმანია საქართველოს დაეხმარა ელექტროენერგიის სისტემის აღდგენაში, მართლმსაჯულების, ენერგეტიკის, ბუნების დაცვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში რეფორმების განხორციელებაში, ასევე თანამედროვე მდგრადი ტყის კოდექსის შემუშავებაში.

გერმანულ-ქართული თანამშრომლობის განსაკუთრებულ სფეროს წარმოადგენს დუალური პროფესიული განათლება. 2016 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ჩართულია პრაქტიკაზე ორიენტირებული განათლების განვითარებაში მეღვინეობის, მშენებლობის, ტურიზმის, ლოგისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგებში. ამ პროგრამაში უკვე 13 პროფესიული კოლეჯი და 80-ზე მეტი კერძო კომპანია მონაწილეობს. გარდა ამისა, გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაცია (DVV International) ახორციელებს ზრდასრულთა განათლების პროგრამას და მას ამჟამად ზრდასრულთა განათლების 13 ცენტრი აქვს საქართველოში.

KfW საქართველოს ქალაქების ინფრასტრუქტურის მოდერნიზების მრავალ პროექტს ახორციელებს, მაგალითად, ბათუმში, სადაც გერმანიამ დააფინანსა სასმელი წყლით მომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების სრული რეაბილიტაცია და გაფართოება 200.000 მაცხოვრებლისთვის", - აცხადებენ საელჩოში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×