მარნეულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, მან ქალაქის ცენტრში ხალხმრავალ ადგილზე, 45 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით, ჩასაფრებით მოკლა.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. საქმეში არსებობს ქუჩის სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული 2000 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირია.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივლისს, მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ჭრილობები მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ვ.ო.-ს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ვ.ო. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი, ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო
შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში.
რუსთავი 2