რეზონანსი
03.08.2022

საზოგადოება და ბანკების ინფორმაციით, ქვეყანაში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე გაცემული 190 000 სესხია გაცემული, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

სებ-მა კი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-იან მაჩვენებელზე შეინარჩუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსესხებლებს სესხის პროცენტი არ გაძვირებიათ.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების გამომწვევი შიდა და გარე ფაქტორების შესუსტების გამოძახილია. პანდემიით გამოწვეულ ინფლაციას თან დაერთო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი რისკებიც, მსოფლიო ბაზარზე გარკვეულ სასაქონლო კატეგორიებზე ფასების ზრდა. მიმდინარე ინფლაციამ შემცირება დაიწყო, თუმცა იგი კვლავ მაღალია. ივლისის თვის ინფლაციამ 11.5% შეადგინა, რაც ზემოაღნიშნული შოკების გამორიცხვის გარეშე უფრო მეტად შემცირებული უნდა ყოფილიყო სხვა თანაბარ პირობებში. ინფლაციის შემცირებაზე დადებითად მოქმედ ფაქტორებს შორის, შესაძლებელია, გამოვყოთ ლარის გამყარება და შედარებითი სტაბილურობა, რაც იმპორტირებული ინფლაციის შესუსტებას განაპირობებს.

გაზრდილია როგორც შიდა, ასევე საგარეო მოთხოვნა. ასევე მნიშვნელოვნადაა შენარჩუნებული საკრედიტო აქტივობა, სამომხმარებლო და უცხოური ვალუტის სესხების ხარჯზეც. რეკორდულადააა გაზრდილი გადმორიცხვები, რაც მოხმარებას ასტიმულირებს და შესაბამისად ზრდის ერთობლივ მოთხოვნას. ეს ფაქტორიც მნიშვნელოვნად აფერხებს ინფლაციის შემცირების ტემპს.

შემდგომ თვეებში კლება მოსალოდნელია, თუმცა გაგრძელებული ინფლაციის ფონზე, ახალი შოკის დამატების პირობებში, უარყოფითი ინფლაციური მოლოდინების ფორმირების გაზრდილი რისკია, რითიც აიხსნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის არსებულ დონეზე შენარჩუნება. სხვა თანაბარ პირობებში ინფლაცია თავის მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის შუა პერიოდისთვის დაუბრუნდება.

მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების მიხედვით, გაძლიერებულ ინფლაციურ ზეწოლას დიდი ცენტრალური ბანკები უკვე გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას უპირისპირებენ, მაგ: აშშ-ის და ევროპის ცენტრალური ბანკები, რომლებიც საპროცენტო განაკვეთებს საკმაოდ ხანგრძლივად, ნულოვან ნიშნულთან ინარჩუნებდნენ. ხსენებულ გამკაცრებას, შესაძლებელია, საქართველოში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ეფექტი ჰქონდეს უცხოური ვალუტის სესხების ნაწილში. რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ბანკს, მათ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება შედარებით ადრე დაიწყეს, მზარდი ინფლაციური ზეწოლიდან გამომდინარე, რაც პანდემიისგან გამოწვეულმა შოკებმა მოიტანა. სავარაუდოა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, ეროვნულმა ბანკმა სხვა მაკროპრუდენციული ბერკეტებიც აამოქმედოს. მონეტარული სტაბილურობისათვის აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციასთან“, - თვლიან „საზოგადოება და ბანკებში“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×