რეზონანსი
04.08.2022

„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ პარტიაში სახალხო დამცველის კანდიდატურის განხილვა არ ყოფილა და გუნდს არც თავისი კანდიდატი ჰყავს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო დამცველის არჩევას ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება, ამიტომ საკითხზე კონსენსუსი უნდა შედგეს.

„შემიძლია მყარად დაგიდასტუროთ, რომ მმართველ გუნდს საკუთარი კანდიდატი არ ჰყავს და მსგავსი საუბარი ვინმეზე, ჩვენს გუნდში არ ყოფილა. ამას თავისი მიზეზები აქვს - მაგალითად, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციის გარეშე სახალხო დამცველის არჩევა წარმოუდგენელია, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. კონსენსუსის და კომპრომისის გარეშე ამ საკითხზე ვერ შევჯერდებით, რაც არ უნდა კანდიდატი გვყავდეს. ნებისმიერ თქვენგანს რომ ვუთხრათ, ხომ არ იქნებით სახალხო დამცველი, ეს იქნება ფუჭი მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ საჭიროა ოპოზიციის მხარდაჭერაც", - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ნინო ლომჯარიას საქმიანობის შეფასებას, როგორც მდინარაძე აცხადებს "ლომჯარიამ გადასარევი პოლიტიკური, რადიკალური საქმიანობა ჩაატარა".

"ლომჯარიამ „გადასარევი" პოლიტიკური, რადიკალური საქმიანობა ჩაატარა. „ნაცმოძრაობის" ძალიან მყარი დასაყრდენი და რადიკალური შემტევი იყო საქართველოს წინააღმდეგ ეს ადამიანი; განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ის უშუალოდ ჩაერთო ქვეყნის გადატრიალების თუ ოდნავ უტრირებულად რომ ვთქვა, ხელისუფლების ჩამოშლის კუთხით. ჩვენ როდესაც ლომჯარიას ვირჩევდით, არ გვქონდა მოლოდინი, რომ ეს ადამიანი ჩვენიანი იქნებოდა. დემოკრატია ასეთ გადაწყვეტილებებს იცნობს. ეს იყო მათ შორის დემოკრატიული გადაწყვეტა. შეიძლება ბევრ ჩვენგანს არ ეგონა, რომ ის ასე აშკარად ჩაერთვებოდა „ნაცმოძრაობის" კამპანიაში ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით, მაგრამ ნამდვილად ვიცოდით, რომ ის ჩვენს მიმართ კრიტიკული იქნებოდა. ამას შეგუებულები ვიყავით. კრიტიკა მისაღებია, თუნდაც უმწვავესი, სუბიექტური, ან თუნდაც ობიექტურობის ჩარჩოებს გაცდენილი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მისი ახლო კონტაქტები „ნაცმოძრაობის" წევრებთან, მე პირადად არ ველოდი, რომ ის მიტინგზე დადგებოდა და ტექნიკური მთავრობის შექმნას მოითხოვდა", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×