რეზონანსი
12.08.2022

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, სომხეთის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად საზღვაო ტრანსპორტი განიხილოს.

როგორც სააგენტო განმარტავს, ამის მიზეზი „ზემო ლარსის" გამშვები პუნქტზე არსებული გადატვირთულობაა, რის გამოც ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირა გვიანდება, რაც მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის სომხეთის რესპუბლიკას.

„საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სატვირთო ნაკადების მართვა მნიშვნელოვანწილად გართულებულია. სომხეთ-რუსეთს შორის „ზემო ლარსის" გამშვები პუნქტი ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო პუნქტია, რომელზეც გადატვირთულობის გამო, ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირა გვიანდება, რაც მალფუჭებადი პროდუქტებისა და საკვების შემთხვევაში, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის სომხეთის რესპუბლიკას.

ხსენებული პრობლემატიკიდან გამომდინარე, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს.

სომხეთის რესპუბლიკა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას. ამ მხრივ, ნიშანდობლივია, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციის - „იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე" წევრია. ამ კონვენციის შესაბამისად, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება და იყვნენ ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების მიზნით",- აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×