რეზონანსი
22.09.2022

კურიერის მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ჩვენება საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი მამაკაცის მეგობარ ქალს ეკუთვნის. დოკუმენტიდან ჩანს, რომ გრიგოლ ნარსია ყაჩაღობის ბრალდებით სტამბოლშიც იყო დაკავებული, 18 წლიან სასჯელს კი თავი ამნისტიის დახმარებით დააღწია.

"გრიგოლ ნარსია ჩემთან სტამბოლში იმყოფებოდა დაახლოებით ორი თვე, რომლის შემდეგ ის წავიდა საქართველოში, მაგრამ იმავე წლის ზაფხულის პერიოდში, ის ისევ ჩამოვიდა ქალაქ სტამბოლში და მოვიდა ჩემთან. სტამბოლში ყოფნის დროს, დაახლოებით ორ კვირაში ის დაიჭირეს ყაჩაღობისთვის და ქალაქ სტამბოლის სასამართლომ მას მიუსაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ შეეხო ამნისტია და ის ამნისტიით სასჯელიდან გათავისუფლდა 2019 წელს და წავიდა საქართველოში,"- წერს ჩვენებაში ნარსიას მეგობარი ქალი.

კურიერის მიერ მოპოვებულია კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელშიც ბოლო დღეების ყველაზე გახმაურებული საქმის დეტალებია აღწერილი. ამჯერად ის თავად საბრალდებო სკამზე მჯომს ეკუთვნის. ნარსია ჩვენებაში ჰყვება, როგორ შევიდა ბანკში და როგორ მოსთხოვა თანამშრომლებს თანხა. სალაროში არსებული ფულის რაოდნეობა თავდამსხმელისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა, ამიტომ მან ჯერ ორი მილიონის, შემდეგ კი მილიონნახევარი დოლარის მიტანა მოითხოვა. გრიგოლ ნარსია ამტკიცებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ბანკში შეიტანა მულაჟი იყო და ის თავად დაამზადა.

კურიერის მიერ მოპოვებული ჩვენებიდანვე ვიგებთ, რატომ ითხოვდა თავდამსხმელი ანკესს, რუსეთის დროშას და ვერტმფრენს. ამასთან ერთად ირკვევა მარშრუტიც, რა გზითაც ის ქვეყნის დატოვებას შეეცდებოდა.

გრიგოლ ნარსიას ჩვენება, რომელიც კურიერმა მოიპოვა.

"ბანკში მყოფი პირები ავიყვანე მძევლად. ამის შემდეგ შესასვლელი კარი დავკეტე, მასზე დავამაგრე ჩემს მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის მაკეტი. ამის შემდეგ ბანკის თანამშრომლებს მოვთხოვე, რომ ჩემთვის ბანკში არსებული ფული მოეცათ. მათ რაღაც ფული იატაკზე დაყარეს. ამავე დროს ბანკში მყოფ მძევლებს ვეუბნებოდი, რომ მობილური ტელეფონებით განეხორციელებინათ ე.წ. "ლაივში" ჩარვთა, რომ ყველას ენახა, რომ ისინი მძევლად მყავდა აყვანილი. პოლიციის თანამშრომლებმა დაიძახეს შენობის უკანა მხრიდან, რომ ჩემთვის მოთხოვნილი ფული ჰქონდათ მოტანილი. მე მოვითხოვე, რომ ის ფანჯრიდან შემოეყარათ. ამავე დროს სწრაფად შემოვიდნენ სპეცრაზმელები, მათ გამაკავეს. მე მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გავუწიე. დანა, ხელყუმბარა, პისტოლეტი და სხვა ნივთები, რომ არ გამომეყენებია წამართვეს. მე სხეულზე მაქვს დაზიანებები, რომელიც მივიღე დაკავების დროს, როდესაც პოლიციის თანამშრომლებს ვუწევდი წინააღმდეგობას. აღნიშნულ დაზიანებებთან დაკავშირებით მე პოლიციის თანამშრომლების მიმართ რაიმე პრეტენზია არ გამაჩნია,"- წერია ჩვენებაში.

წყარო: "რუსთავი 2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×