რეზონანსი
05.10.2022

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი წამლებისა და საკვების მიღებაზე უარს ამბობს.

ადვოკატის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

"ზოგადად რთული მდგომარეობაა. წამლების მიღებაზე უარი განაცხადა, პროტესტის ნიშნად კი არა, უბრალოდ 20 კილო აქვს დაკლებული, რაც ვივა-მედში შემოვიდა. საჭმელს ისევ ვეღარ იღებს და ტკივილები აქვს, სიტუაცია გაუარესებულია, ფაქტია, გუშინდელმა მდგომარეობამაც აჩვენა, რომ ჯანმრთელობა უარესდება", - ამბობს ხაჭაპურიძე.

კლინიკა ვივა-მედში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაშვებას ამერიკელი ექიმი ჯეიმს კობი ელის, თუმცა ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროსგან არ მიუღია პასუხი, შეუშვებენ თუ არა ექსპრეზიდენტთან.

სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი მასიმო დანჯელო აცხადებს, რომ სამედიცინო ჯგუფი შეშფოთებულია და შიშობს, რომ თუ სააკაშვილი კიდევ დაიწყებს შიმშილობას, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

"ჩვენ ჯერ კიდევ ველით, როდის მიიღებს ექიმი კობი ნებართვას, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ნებართვას მალე მივიღებთ, რადგან უკვე დიდი ხანია ველოდებით. ვიცით, რომ სააკაშვილი უარს ამბობს საკვების მიღებაზე. გუშინდელი ეპიზოდის შემდეგ, როდესაც პროკურორები მასთან გაუფრთხილებლად მივიდნენ, შეიქმნა პრობლემა. სამედიცინო ჯგუფი შეშფოთებულია, შიშობენ, რომ თუ პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ დაიწყებს შიმშილობას, მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება", - ამბობს ამერიკელი ადვოკატი.

გუშინ, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მოულოდნელად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კლინიკა ვივა-მედში გასვლითი სასამართლო სხდომა ჩანიშნა.

ექიმები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით რისკის ქვეშ დააყენეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მათი თქმით, ვიდრე არ დასრულდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, არ არის მიზანშეწონილი სასამართლო პროცესების გამართვა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×