რეზონანსი
05.10.2022

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, მკაფიო უნდა იყოს საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებები, მაგალითად, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით.

მდინარაძე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის იმ განცხადებას, სადაც კელი დეგნანი აღნიშნავს: „არ ვფიქრობ, რომ რაიმეს აღება თქვენი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე კარგად იმუშავებს, მაგრამ არსებობს ბევრი კარგი მაგალითი, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოსთან".

მამუკა მდინარაძის თქმით, თუ არ იქნება მკაფიო განმარტება და მეტი სიზუსტე, რა იგულისხმება ელჩის აღნიშნულ განცხადებაში, ბევრ ადამიანს დარჩება შთაბეჭდილება, ოპოზიციის „მესიჯბოქსი", რომ კანონი ერთ ადამიანს უნდა მოერგოს, ემთხვევა პარტნიორი ქვეყნის ელჩის პათოსს.

„მკაფიოობაზე როცაა საუბარი, ამ ქვეყანაში ჩვენი სტრატეგიული, პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს ვუდასტურებთ რა პატივისცემას, ასევე, გვინდა, მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები, მაგალითად, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით, რადგან გუშინ ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ კანონი უნდა მოერგოს ბიძინა ივანიშვილს. დღეს, ქალბატონი კელი გამოდის და ამბობს, რომ ქართული სპეციფიკით უნდა იყოს ეს კანონი შედგენილი. თუ აქ არ იქნება მეტი მკაფიოობა და მეტად დაზუსტება, ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც კი, ბევრ ადამიანს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის „მესიჯბოქსი" ემთხვევა ჩვენი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის, ელჩის პათოსს. ამას სჭირდება უფრო დაზუსტება და მკაფიოობა. ამავდროულად, თუ გულისხმობს, რომ ეს მოერგოს კონკრეტულ ადამიანს, ვისაც უნდათ, რომ მოერგოს, ანუ ბიძინა ივანიშვილს, ეს ნიშნავს, რომ საერთოდ გვერდზე ვდებთ სამართლის, დემოკრატიის პრინციპებს და ავტორიტარულ ქვეყნებში როგორც შეიძლება, მოხდეს, ავტორიტარულშიც ალბათ ამას ერიდებიან, კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში როგორც შეიძლება, მოხდეს - კონკრეტულ ადამიანს შეიძლება, მოერგოს პირდაპირ კანონი, ეს სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ამიტომ მეტი განმარტება და სიზუსტეა საჭირო, რა იგულისხმება ამ განცხადების უკან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, თუ ვინმემ მიიჩნია, რომ კელი დეგნანის კომენტარი კანონის ერთ ადამიანზე მორგებას ნიშნავს, „ვიღაცას ეგონება, რომ ელჩი აკეთებს იმგვარ განცხადებას, რომელიც სამართლის პრინციპებს საერთოდ გვერდით წევს".

„ელჩის მხრიდან, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ელჩის მხრიდან ამას მეტი დაზუსტება თუ არ მოჰყვება, ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს იყოს იგივე ნარატივი, რაც მაგალითად, „ნაცმოძრაობიდან" ჩემმა კოლეგამ გუშინ გაახმოვანა. თუ ვინმემ მიიჩნია, რომ ელჩის კომენტარი ნიშნავს, ერთ ადამიანს მოერგოსო, ვიღაცას ეგონება, რომ ელჩი აკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც სამართლის პრინციპებს საერთოდ გვერდით წევს. აქედან გამომდინარე, ამას სჭირდება დაზუსტება. სწორედ, როდესაც მაგალითად, ჩვენი და „ხალხის ძალის" განსხვავებებზე გველაპარაკებიან, რა თქმა უნდა, არ გავემიჯნებით იმ თემას, სადაც ნებისმიერის, „ხალხის ძალიდან" და ჩვენი კოლეგებიდან, უმრავლესობის წევრებიდან კი არა, „ნაცმოძრაობის" ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან რომ დაისვას შეკითხვა და ამ კითხვაზე პასუხი იყოს მოთხოვნილი, მეც ვიტყვი, რომ პარლამენტის წევრი უსვამს შეკითხვას ნებისმიერს და ამაზე პასუხი უნდა გაეცეს. პასუხის გაცემაში არაფერი ისეთი არ არის, რაც სპეკულაციურად შეაფასებინებს ვინმეს, რომ ეს არის თავდასხმა მეგობარ ქვეყანაზე და ა.შ. ამიტომ, მკაფიოობა სჭირდება თითოეულ განცხადებას. არადაზუსტებები, „გაბლარული" ნარატივი ყოველთვის წარმოშობს კითხვებს, რომლებზეც პასუხები არ არის ხოლმე და ეს აზიანებს საზოგადოებრივ და ეროვნულ ინტერესს", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×