რეზონანსი
06.06.2023

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 9 ივნისს, ბერლინში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერის საგარეო პოლიტიკის და ამ მიმართულებით განხორციელებული სხვადასხვა აქტივობების შედეგია ის, რომ გერმანია დღეს ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„სწორედ ჩვენი ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წევრი ქვეყანა გერმანია აქტიურად არის ჩართული და ხმამაღლა საუბრობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, გაფართოების პოლიტიკის აუცილებლობაზე , სადაც საქართველოს აუცილებლად ექნება ადგილი. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა , საგარეო საქმეთა სამინისტრო და პირველ რიგში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახორციელებს", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში შეხვედრას გამართავს გერმანიის კანცლერთან, სადაც საუბარი შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობას და იმ საჭიროებებს, რომელიც არის დღის წესრიგში. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მხარეები ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.

„ირაკლი ღარიბაშვილს ოლაფ შოლცთან შეხვედრის დროს, რა თქმა უნდა საუბარი ექნება საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და გაუზიარებს კანცლერს ინფორმაციას, თუ რამხელა სამუშაო ჩაატარა ჩვენმა ქვეყანამ , საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს მთავრობამ, იმისთვის რომ შესრულებულიყო 12 რეკომენდაცია. იქნება საუბარი ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე", - განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე განმარტა, რომ ვიზიტი ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე დაიგეგმა აპრილის ბოლოს, 28 აპრილს ორ საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მჭიდრო კონსულტაციების შემდეგ.

„მე მოვუწოდებ ყველას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გაკეთებული შეფასებებისას ნუ შეჰყავთ ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში და ნუ აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს", - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა

9 ივნისს, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×