რეზონანსი
07.06.2023

გარდაბნელი, დმანისელი და თბილისელი მხატვრები ერთობლივ გამოფენას ბოლნისში მართავენ. საიდა ზახაროვა-ჯაიანის, ქეთი კავილაძის, ავთანდილ ნარსავიძის, ხათუნა სონღულაშვილისა და გაშამ სულეიმანოვის ნამუშევრები ერთი დღით, 2023 წლის 17 ივნისს გამოიფინება, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ლევან ქუქჩიშვილის „არტ მარანში“. ამ ღონისძიებას მუსიკალურად კომპოზიტორი ლევან ქუქჩიშვილი გააფორმებს.

ექსპოზიციაში დაგხვდებათ ტილოზე ზეთით, აკრილით; მუყაოზე აკრილით, პასტელით, აკვარელით; ინკრუსტაციის ტექნიკითა და მინაზე ვიტრაჟის საღებავებით  შესრულებული ნამუშევრები.

ღონისძიების მონაწილეები თავიანთი შემოქმედებით საზოგადოებას შეახსენებენ, რომ ქართველები და აზერბაიჯანლები გვერდიგვერდ ყოფნითა და მეგობრობით, ერთად ვაშენებთ ამ ქვეყნის მომავალს. 

ბოლნისი და არა თბილისი მიზანმიმართულად ავირჩიეთ, 17 ივნისს დაგეგმილი გამოფენის გასამართ ადგილად. ამით გარშემომყოფებს შევახსენებთ, რომ საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის, სადაც უმეტეს წილად ეწყობა ხოლმე ესა თუ ის კულტურული ღონისძიება. 

ბოლნისში 17 ივნისს დაგეგმილი გამოფენა იმართება ყოველგვარი გრანტისა და დაფინანსების გარეშე. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია. ღონისძიება 13 საათზე დაიწყება და 19 საათამდე გასტანს. მისამართი - ბოლნისი, მერაბ კოსტავას N9, “ლევან ქუქჩიშვილის მარანი“.

ინფორმაცია 17 ივნისის ღონისძიების მონაწილეთა შესახებ:

საიდა ზახაროვა-ჯაიანი - აზერბაიჯანულ-ქართული ოჯახის დიასახლისია; მეუღლესა და ორ შვილთან ერთად გარდაბანში ცხოვრობს. მას არასრული უმაღლესი განათლება აქვს. ბავშვობიდან ხატავს. საშუალო სკოლაში სწავლისას სხვადასხვა ღონისძიებისთვის პლაკატებს ხატავდა; შემდეგ იგივე საქმე მისი შვილების სკოლაში სწავლისას გააგრძელა. მოგვიანებით ტილოზე ხატვის სურვილი გაუჩნდა და ასე მოხვდა რუსთავში, ბატონ ალექსანდრე თოდუას სახელოსნოში.  საიდა ორი წელი (2019-2020) პატარა ბავშვებთან ერთად სტუდიაში დადიოდა და ფერწერას სწავლობდა. 2021 წლის ივლისში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გამართული სამხატვრო პლენერი „გამა" იყო პირველი ღონისძიება, რომელშიც საიდამ, როგორც მხატვარმა მონაწილეობა მიიღო. გამორჩეულად უყვარს პეიზაჟებისა და ცხოველების ხატვა. „თითქოს ჩემი სული ითხოვს დავხატო, რაღაც შევქმნა და ვასიამოვნო, როგორც საკუთარი თავი, ისე დამთვალიერებელი", - ამბობს იგი.

ქეთი კავილაძე - ხატვა 2017 წლის თებერვალში, შვილიშვილთან, ნუცი დიმიტრიშვილთან ერთად დაიწყო. ქეთი კიბერნეტიკოსია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. მეუღლესა და ორ ვაჟთან ერთად თბილისში ცხოვრობს. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 2017 წლის ნოემბერში, თბილისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე არსებულ საგამოფენო სივრცეში მოეწყო. გახსნის ცერემონიაზე სხვა სტუმრებთან ერთად იყო მოქანდაკე თამაზ ჩურტყოშვილი და მხატვარი თანგულ ორთოიძე. სწორედ ბატონი თამაზის მიწვევით, ქეთის პერსონალური გამოფენა მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ ბატონმა გურამ ცერცვაძემ დაათვალიერა და ნამუშევრებით მოიხიბლა. 2018 წლის მარტში ქეთი კავილაძე მხატვართა კავშირში გაწევრიანდა. ამის შემდეგ არაერთ ჯგუფურ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, როგორც თბილისში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. ხუთჯერ მოეწყო მხატვრის პერსონალური გამოფენა (მეორედ 2019 წელს გალერეა „ოპიზარში”, 2021-ში „სილქ ფაქტორი სტუდიოს აბრეშუმის გალერეაში", 2022-ში “ოპიზარში” და მეხუთედ, 2023 წელს, თელავის სახელმწიფო მუზეუმში). ქეთი კავილაძის ნამუშევრები დაცულია თელავის სახელმწიფო მუზეუმსა და კერძო კოლექციებში: საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში.

ავთანდილ ნარსავიძე - დაიბადა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში. თბილისში ჯერ მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაასრულა და შემდეგ პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სახვითი ხელოვნებისა და ხაზვა-ხატვის ფაკულტეტი. სვანეთში ხატვის მასწავლებლად მუშაობდა. დმანისში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, 2007 წლიდან იყო დმანისის სახალხო თეატრის მხატვარ-დეკორატორი, სცენის გამფორმებელი. მანამდე, 1998-2007 წლებში დმანისის არქეოლოგიური ექსპედიციის მხატვარი გახლდათ. მის მიერ შესრულებული არქეოლოგიური მასალის გრაფიკული ჩანახატები შესულია: 2006 წელს გამოცემულ სამეცნიერო კრებულში „დმანისი“, 2012 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში „ადრექრისტიანული საეკლესიო კომპლექსი დმანისიდან“ და 2017 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში „დმანისის ნაქალაქარი“. ავთანდილ ნარსავიძეს მისი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებით მონაწილეობა აქვს მიღებული, როგორც თბილისში, ისე რუსთავსა და დმანისში გამართულ ჯგუფურ გამოფენებში. მიმდინარე წელს გამართულ ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე ერთი ნამუშევრით („ხარები“) მონაწილეობდა და მიიღო ლაურეატის წოდება. ამჟამად იგი არის დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სამხატვრო სტუდიის პედაგოგი.  

ხათუნა სონღულაშვილი  - 1989-1994 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ფერწერის სპეციალობით. 2013 წლიდან მხატვართა კავშირის წევრია და იქიდან მოყოლებული აქტიურად მონაწილეობს ამ ორგანიზაციის ეგიდით გამართულ ჯგუფურ გამოფენებში, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში. ხათუნა მეუღლესა და ქალ-ვაჟთან ერთად თბილისში ცხოვრობს.

მისი პირველადი პროფესია არქეოლოგიაა. ამის გამო მას სიღრმეებში დროსთან შეხება უხდება, რაც მის შემოქმედებაზე ისახება. მაგალითად, არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ქამრის ჭვირული ბალთები თემად აქვს გამოყენებული - ჭვირული ბალთები სტილიზებული სახით სხვადასხვა ნამუშევრებშია წარმოდგენილი.

„ნამუშევრებში ჩემი ყოველდღიური განცდა გადამაქვს, ოღონდ რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, ტილოზე უარყოფით ემოციას არავითარ შემთხვევაში არ გადავიტან; ვცდილობ ჩემი ნამუშევრებიდან ადამიანმა მხოლოდ დადებითი ენერგეტიკა მიიღოს. ხატვას რომ ვიწყებ, არ ვიცი საბოლოოდ რა გამოვა - ხელი თავისთავად მიდის. ჩემი იმპულსური ხასიათი ჩემს შემოქმედებაშიც აისახება - ერთიდან მეორე თემაზე უცბად გადავდივარ, მაგრამ საწყისს უსათუოდ ვუბრუნდები, ვუღრმავდები და განვავრცობ ხოლმე", - ამბობს მხატვარი.

ხათუნა  სონღულაშვილი ხშირად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში, როგორც თბილისში, ისე უცხოეთის სხვადასხვა ქალაქებში. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში: საქართველოში,  საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, თურქეთში, რუსეთში, საბერძნეთში, აზერბაიჯანსა და ავსტრიაში. 

გაშამ სულეიმანოვი - მხატვარ-ინკრუსტატორი. პროფესიული განათლება ბაქოსა და მოსკოვში მიიღო. შესრულებული აქვს თამარ მეფის, ერეკლე მეორის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა ფშაველას, ფიროსმანის, სტალინის... პორტრეტები. მიღებული აქვს ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაციის პირველი ხარისხის დიპლომი. ბატონი გაშამი ამჟამად დმანისის რაიონის სოფლების - მამულოსა და ოროზმანის საჯარო სკოლების ბავშვებს გამოყენებით ხელოვნებას ასწავლის. მას ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი - სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.

ლევან ქუქჩიშვილი - სამუსიკო ხელოვნების მაგისტრი, კომპოზიტორი და მეღვინეა. იგი ბოლნისში ცხოვრობს, მუსიკის პედაგოგად მუშაობს. ამავდროულად ბოლნისის კულტურის სახლში ეროვნული უმცირესობების  კოორდინატორია. უსათუოდ აღსანიშნავია ის, რომ „ლევან ქუქჩიშვილის მარანი“ გახლავთ სახელმწიფო პროექტ „აწარმოე საქართველოში“ გამარჯვებული; მარნის ასაკი ორ საუკუნეს ითვლის  - შენობა, რომელშიც მარანია განთავსებული, 1819 წელს გერმანელებმა ააშენეს. სწორედ ამ სივრცეში გაიმართება ქართველი და აზერბაიჯანელი მხატვრების ერთობლივი გამოფენა.

და ბოლოს, 17 ივნისის ღონისძიებაში ჩემი, ნინო მიქიაშვილის როლი არის ის, რომ გახლავართ ქართველი და აზერბაიჯანელი მხატვრების ერთობლივი გამოფენის მოწყობის  იდეის ავტორი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×