რეზონანსი
28.03.2024

უკვე 7 წელია ჩვენს მოქალაქეებს თავისუფლად, სავიზო შეზღუდვების გარეშე შეუძლიათ შენგენის სივრცეში გადაადგილება. უვიზო მიმოსვლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში დღემდე რჩება ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად", - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კომიტეტის სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან რეფორმებს, რაც ქვეყანამ გაატარა იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ესარგებლათ შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით.

ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ევროკავშირის შრომით ბაზარზე წვდომის პერსპექტივებს და აღნიშნულ საკითხზე 2022 წლის 28 მარტს კომიტეტის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს.

,,დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, რამაც თვისობრივად შეცვალა ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან. დღეს უკვე ვიცით, რომ გარდაუვალია საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. ეს კი, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე გულისხმობს ადამიანების თავისუფალ მიმოსვლას, რაც გარკვეულ ეტაპზე, გულისხმობს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ევროკავშირის შრომითი ბაზრის გახსნასაც", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში დაიწყება ორი წლის წინ კომიტეტის თემატური მოკვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შეფასება.

,,სამწუხაროდ, მიგრაციასთან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ადამიანების თავისუფალი მიმოსვლის განუყოფელი ნაწილია, ხშირად ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, რაც დამაზიანებელია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის და ხელოვნურ ბარიერებს უქმნის საქართველოს მოქალაქეებისათვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას. ნაცვლად საგნობრივი დისკუსიებისა და საკითხისადმი კომპლექსური მიდგომისა, ადგილი აქვს უმეტესწილად, დემაგოგიურ განცხადებებს, რაც არაფრის მომტანია ჩვენი მოქალაქეებისთვის არც საქართველოში და არც იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იმყოფებიან და სხვადასხვა გზებს ეძებენ დასაქმებისთვის", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

რეკომენდაციების შესრულების შეფასების პროცესი მოიცავს ინფორმაციის შეგროვებას სახელმწიფო ორგანოებისგან, მათ დამუშავებას, საკომიტეტო მოსმენების ჩატარებას და შეფასების ანგარიშის მომზადებას. აღნიშნულ პროცესს კომიტეტი განახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში" ხელშეწყობით.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×