რეზონანსი
30.04.2024

85 მომხრე, 16 წინააღმდეგი - გიორგი კალანდარიშვილი მეორე მცდელობით ცესკო-ს თავმჯდომარედ 5-წლიანი ვადით აირჩიეს.

ამასთან, ცესკოს წევრებად დაამტკიცეს მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.

16 აპრილს პირველი მცდელობით კალანდარიშვილის კანდიდატურის დამტკიცება ვერ მოხერხდა, რადგან 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მას მხარს უჭერდნენ ქართული ოცნება, ევროპელი სოციალისტები და გირჩი, როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადგილზე არ იმყოფებოდა. შესაბამისად პირველივე მცდელობით კალანდარიშვილს არჩევა ვერ მოხერხდა - მას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ამჯერად კალანდარიშვილის ასარჩევად უბრალოდ უმრავლესობა იყო საჭირო.

2021 წელს გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ 6 თვის ვადით აირჩიეს და მას შემდეგ, 6-თვიანი ვადით, ის რამდენჯერმე აირჩიეს.

***

ქართული ოცნების მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და მისი წევრების არჩევის წესი და კვორუმი შეიცვალა.

თავმჯდომარის ასარჩევად პარლამენტის დეპუტატების 90 ხმა (3/5) არის საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ მოგროვდება, ხელახალ კენჭისყრაზე მხარდასაჭერად 76 ხმა (უმრავლესობით) იქნება საკმარისი. კანონპროექტით, კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი. თუ პირველ ჯერზე ვერ მოგროვდება 76 ხმა, მომდევნო სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართება და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 5 წლის ვადით მიიღებენ. იმ შემთხვევაში კი თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×