ელზა პაპოშვილი
10.06.2021

მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში, თელავსა და ქუთაისში - კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 13 პირი აიყვანეს. ყველა მათგანი „ქურდული სამყაროს" წევრობის, „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებებითაა დაკავებული. 

ვინ არიან ხმაურიანი სპეცოპერაციისას დაკავებულები - ბრალდებულთა ნაწილის ვინაობა გაირკვა. სპეცოპერაცია სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და თელავში ჩატარდა.  დაკავებულებს ქურდული სამყაროს წევრობას, მიმართვასა და მხარდაჭერას ედავებიან. დაკავებულებს შორის არიან ის ბიზნესმენებიც, რომლებმაც ბიზნესის დავის გადასაწყვეტად ე.წ. კანონიერ ქურდს მიმართეს.

ბიზნესდავა, რომელიც კრიმინალურ გარჩევაში გადაიზარდა, უკავშირდება ტრაქტორების ბიზნესს. როგორც ირკვევა, სამ პარტნიორს საქართველოში ტრაქტორები შემოჰყავდა, ხდებოდა მათი აწყობა და გაყიდვა, რა დროსაც მეწილეებს შორის უთანხმოება გაჩნდა.

შეკრება სოფელ დიღომში შედგა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში საუბრობენ და უწყებამ ფარული ვიდეოჩანაწერებიც გაავრცელა. სოფელ დიღომში, ამავე მისამართზე ცხოვრობს ერთ-ერთი დაკავებული, გიორგი მიგინეიშვილი, თუმცა მისი ოჯახის წევრები უარყოფენ, რომ 16 აპრილს ქურდული გარჩევა სწორედ მათ საცხოვრებელ სახლში შედგა.  

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, ის მევლუდ მახარობლიძეა, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტისა და საქმის მთავარი ფიგურანტის, ზაალ მახარობლიძის, იმავე „გლეხოვიჩის" შვილია.  

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, დაკავებულია 13 პირი.  დაკავებულები არიან: „ტყვლიპე", „პუპუშა", „ბონძღი", „გიბონა" და სხვები.  

მისი ინფორმაციით,  2021 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დავის ქურდული წესით გარჩევის ორგანიზება მოხდა. ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ 80 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ 4 ავტომანქანა და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.  

ერთ-ერთი დაკავებული ბიზნესმენის მეუღლე აცხადებს, რომ მისი ქმარი უდანაშაულოა და ის, უბრალოდ, მეწყვილეს სალაპარაკოდ გაჰყვა, რადგანაც საქმეში მათი პარტნიორი ფულს უმალავდა და არ აძლევდა. 

„რაღაც დაწესებულება ჰქონდა, ტრაქტორებს ყიდულობდა, ესენი აწყობდნენ, ნაწილებს შლიდნენ, მერე ტენდერი ჯართში მოუგია და ესენი წილში გაიყვანა, მაგრამ, ამავდროულად, წილში არაფერი არ შეხვდათ ამათ. ის ტეხავდა ყველაფერს. ახალ წელს ჩამოვიდა და ლარიანი არ ჰქონდა. უთხრა,  ფულს გადმოგირიცხავო, მაგრამ არაფერი გადმოურიცხავს. მე ვეხვეწებოდი, რომ ფული მოეთხოვა, მაგრამ ეს არ ითხოვდა. ბოლოს შეაწუხეს, ჩამოდი, საუბარს დაესწარიო. ის ქურდები რომ ჩარიეს, იმ ბიჭმაც რა ქნას, ცოლ-შვილი ჰყავს. ფულს არ აძლევდა და ჩარიეს ქურდები. ჩემი ქმარი ჩავიდა, უბრალოდ, დაესწრო. ერთი ვიცი, რომ ჩემი ქმარი უდანაშაულოა, იმიტომ რომ ჩემს ქმარს ჩაქნეული ჰქონდა ფულზე ხელი“, - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×