ელზა პაპოშვილი
13.07.2022

კილონახევარი ყალბი მონეტების და ქურდული გარჩევების საქმეზე პოლიციამ აჭარაში, თბილისსა და რუსთავში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. პოლონეთის პოლიციის შემდეგ ე.წ. კანონიერ ქურდს მინდია გორაძეს, იგივე სლავასოღლის, ახლა ქართული პოლიციაც ეძებს. მას ქურდულ გარჩევაში დისტანციურად მონაწილეობას ედავებიან. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.   

ქურდული გარჩევა ლოტკინზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, სამმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა მხარეები შეკრიბა და ფინანსური დავა დისტანციურად გაარჩია, საუბარია ოქროს მონეტების საქმეზე, კერძო პირმა თურქეთიდან მეორე მხარეს ჩამოატანინა ოქროს მონეტები, რომლის ნახევარიც ყალბი აღმოჩნდა, დამკვეთს და მყიდველს შორის ფინანსური დავა სწორედ ამ მიზეზით დაიწყო, რის შემდეგაც საქმეში ე.წ. ქურდები, მინდია გორაძე, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი ჩართეს. მონეტების საქმეზე რამდენიმე გარჩევა მოეწყო, მათ შორის როგორც თურქეთში, ასევე თბილისში.

რაც შეეხება სახლის მეპატრონეს, იგი კატეგორიულად უარყოფს, რომ მის სახლში რაიმე სახის გარჩევას ჰქონდა ადგილი, თუმცა, სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და გამოკითხვაზე წაიყვანეს ოჯახის ერთ-ერთ წევრი. გამოკითხვაზე, მან დაადასტურა, რომ მათი უბნელი არის ე.წ. კანონიერი ქურდი ზვიად პაპიაშვილი და მას, მხოლოდ შორიდან იცნობენ. პაპიაშვილი საქართველოში ბოლო 20 წელია არ ცხოვრობს. 

მინდია გორაძისთვი ბრალის წარდგენა უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს. გამოძიებამ მის წინააღმდეგ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები. რაც შეეხება დაკავებულებს, პასუხისგებაში ამ დროისთვის მიცემულია 9 პირი, საიდანაც დაკავებულია 7 პირი, ხოლო 2, როგორც ცნობილია საქართველოში არ იმყოფება და მათთვის ბრალის წარდგენა დაუსწრებლად მოხდება. 

შსს-ში არ გამორიცხავენ რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.  ქურდული გარჩევების საქმეზე რამდენიმე პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია უწყებამ დღეს გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით რამდენჯერმე მოეწყო ქურდული გარჩევები, რომლებშიც, მოდავე მხარეებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და "ქურდული სამყაროს" წევრებთან ერთად, პირადად და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდები": მინდია ლავასოღლი, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა - გ.ნ.-მ და ვ.ა.-მ, ა.ჯ.-ის და რ. გ.-ს მეშვეობით, თურქეთის რესპუბლიკაში მოიძიეს კლიენტი - მ. ქ., რომელმაც ლ.ა.-ს დავალებით მათგან შეიძინა დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მონეტები ყალბი იყო. ლ.ა.-მ, ყალბ ოქროში გადახდილი ფულის უკან ამოღების მიზნით, დასახმარებლად მიმართა "კანონიერ ქურდ" მინდია ლავას-ოღლის.

მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული სამყაროს" წესების მიხედვით გადაწყვეტის მიზნით, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოეწყო ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც, მოდავე მხარეებთან, კრიმინალურ ავტორიტეტებსა და "ქურდული სამყაროს" წევრებთან ერთად, პირადად და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდები": მინდია ლავას-ოღლი, ჯეირან კინწურაშვილი და ზვიად პაპიაშვილი.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაკავებული "ქურდული სამყაროს" წევრები და კრიმინალური ავტორიტეტები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდს" უკავშირდებოდნენ.

საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.

"ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×