„საგამოძიებო სამსახურმა შესაძლოა მეზობლის და დედ-მამისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონებაც კი დააყადაღოს“
თამთა ჩაჩანიძე
14.10.2022

„შეიძლება ადამიანებს 3, 4 და 5 წელი ანგარიშებზე და ქონებაზე ყადაღა ედოთ, მაგრამ სასამართლოში არავის არ ასამართლებენ. მეც მაქვს მიმდინარე საქმე, რომელიც სტრასბურგში მაქვს გასაჩივრებული და უკვე წარმოებაშია მიღებული. ადამიანების ქონებას ყადაღა სამი წელია ადევს და ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ჯერ არავინ არ დაუჭერიათ, ჩემი კლიენტის ქონება დაყადაღებულია, რომელიც გარდაცვლილი დედისგან და მამისგან მემკვიდრეობით აქვს მიღებული," - აცხადებს „რეზონანსთან" ადვოკატი და ეკონომიკური სამართლის ანალიტიკოსი აკაკი ჩარგეიშვილი.

მისი თქმით, ყადაღაზე არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა იმდენად დრაკონული იყო, რომ მისით დაზარალებულმა ადამიანებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, რომელმაც ხელისუფლებას მისი შეცვლა მოთხოვა. თუმცა, როგორც ადვოკატი აცხადებს, ახალი კანონი, რომელიც საჯარო განხილვის გარეშე მიიღეს, კიდევ უფრო უარესია.

„ყადაღის საკითხი ძალიან პრობლემურია, ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური ღერძია, რომელიც ხელისუფლებას შეუძლია გამოიყენოს კონკრეტული ბიზნესის, თუ ბიზნესმენის წინააღმდეგ და ყველაზე ცუდი რაცაა, წარმოიდგინეთ, რომ საგამოძიებო სამსახურმა და ზოგადად ვისაც ეს ეხება, შესაძლოა მეზობლის ქონებაც კი დააყადაღოს. ეს სამწუხაროდ დღესაც ძალიან ცუდ პრაქტიკად დარჩა, რომლის საშუალებითაც ბიზნესების, ბიზნესმენების, მათი ოჯახის წევრების, დამფუძნებლის ანარიშების დაყადაღება ხდება, მათ შორის იმ ქონების, რომელიც საერთოდ ბიზნესს არ ეხება. იმ ქონების, რომელიც ადამიანს მემკვიდრეობით აქვს მიღებული და ბიზნესთან კავშირი არ აქვს და ა.შ. ამ კანონს შეუძლია ადამიანი ისე გაამწაროს, რომ ვერაფერი ვერ გააკეთოს.

„რაც შეხება გასაჩივრებას, ეს ურთიერთობაც კი კანონმდებელს ჩაკეტილი აქვს და მაგალითად როცა საქმე ყადაღას ეხება, აქ უკვე ინსტანციურობა აღარ გვაქვს, პირველმა ინსტანციის სასამართლომ რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს განჩინების წესითაა მიღებული და არა განაჩენის, შესაბამისად მისი გასაჩივრების სტანდარტი ამბობს, რომ თუ რამე ახალია (და ახალი რა უნდა იყოს, ადამიანს ქონება დაუყადაღეს) ამ შემთხვევაში სასამართლო აპელაცია განსახილველად მიიღებს. სამწუხაროდ 100%-დან შემიძლია თამამად გითხრათ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ყადაღის გადაწყვეტილება ასივე პროცენტი ძალაში რჩება.

„საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულად იმ ადამიანებმა მიმართეს, ვის მიმართაც ეს განხორცილდა. საკონსტიუციო სასამართლომ ამ საკითხზე იმსჯელა. ეს მიმდინარე წლის თებერვალში იყო და შემდეგ მაისისთვის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომ ამით ადამიანის უფლებები ირღვევა, ყადაღა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპებს და სამართლიანი მართლსაჯულების განხორციელებას ეწინააღმდეგებაო და ეს ყველაფერი გააუქმეთო. საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტს და ხელისუფლებას ვადა 2022 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დაუთქვა", - განაცხადა ჩარგეიშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტმა ახალი კანონი იმაზე უფრო უარესი პირობებით მიიღო, ვიდრე მანამდე იყო. პარლამენტს პროცესში არავინ ჩაურთავს, საჯარო განხილვა არ ყოფილა და კანონი ჩაკეტილ კაბინეტში მიიღეს.

„მერე ჩვენი კეთილისმყოფელი კანონმდებელი ადგა, რომელიც მოცემულ სიტუაციაში თავიდან ბოლომდე პროკურატურის ქოლგის ქვეშ აღმოჩნდა და კანონი იმიტომ შეიცვალა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა და პირველი ოქტომბრიდან ის ძალაში აღარ იქნებოდა. პარლამენტმა ახალი ცლილებები მიიღო, რომლითაც იმაზე უფრო უარესი პირობები და უარესი შინაარსი აამოქმედა, ვიდრე მანამდე იყო.

„ახლა ყადაღის სამსაფეხურიანი სისტემა შემოიღეს, რომელსაც დიდი ხარვეზი ის აქვს, რომ შეიძლება ადამიანებს 3, 4 და 5 წელი ანგარიშებზე და ქონებაზე ყადაღა ედოთ, მაგრამ სასამართლოში არავის არ ასამართლებენ. მეც მაქვს მიმდინარე საქმე, რომელიც სტრასბურგში მაქვს გასაჩივრებული და უკვე წარმოებაშია მიღებული. ადამიანების ქონებას ყადაღა სამი წელია ადევს და ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ჯერ არავინ არ დაუჭერიათ, ჩემი კლიენტის ქონება დაყადაღებულია, რომელიც გარდაცვლილი დედისგან და მამისგან მემკვიდრეობით აქვს მიღებული.

„როცა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ცვლილება მიიღო, ისე მოხდა, რომ ადვოკატები პროცესში არც კი ჩაგვრთეს. არანაირი სახალხო ან საჯარო განხილვა, არანაირი აზრის მიღება და საადვოკატო პრაქტიკის გათვალისწინება არ ყოფილა. პარლამენტმა ამ დონის ცვლილებები დახურულ თუ ჩაკეტილ კაბინეტში მიიღო. ამ საკითხზე პრეზიდენტსაც არანაირი რეაგირება არ ჰქონია და პარლამენტის მხრიდან ჩაკეტილ კაბინეტში ნამსჯელი მივიღეთ როგორც კანონი. დღეს იმაზე უფრო უარესი შინაარსის მქონე კანონი გვაქვს, ვიდრე ეს საკონსტიტუციო სასამართლომდე მივიდოდა და მისი გასაჩივრება მოხდებოდა.

„ის, რომ საკონსტუტუციო სასამართლომ იმსჯელა, მოლოდინი ნამდვილად იყო, რომ რაღაც ისეთი გარდატეხა მოხდებოდა, რომ შუალედს შემოიტანდა. ოქტომბრამდე ეს მოლოდინი მეც მქონდა, ახლა ისეთი კატასტროფული შინაარსის უარყოფა მივიღეთ. კოლეგებთან ამ საკითხებზე მსჯელობა დავიწყეთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს. რეალურად ის რეგლამენტირებული საკანონმდებლო პროცესი, რომელიც ამ ტიპის ცვლილებებისთვის უნდა წარიმართოს, ჩატარებული არ იყო, ანუ სასამართლო, ადვოკატი, მეცნიერი, იურისტი, პროკურორი ერთად არ დამსხდარან და მათი აზრები საპარლამენტო კომიტეტს ამ საკითხთან მიმართებაში არ მოუსმენია.

„ჩვენს უკან ის კონკრეტული დაზარალებული მესკუთრეები გვიდგას, რომლის ქონებაც დაყადაღებულია, ამაზე ვფიქრობთ, რომ როგორ შეიძლება დარეგულირდეს და რა წინადადებნები შეიძლება პარლამენტისთვის მიწოდებულ იქნას, თუმცა ჩვენ ნეგატიური მიდგომა გვაქვს, რადგან პარლამენტმა, რომელმაც ეს ისე გააკეთა, რომ საერთოდ არავის არ მოუსმინა, ახლა ვის შეიძლება ესაუბრო, როცა კანონი უკვე მიღებულია და ვერაფერს ვერარ ვიზამთ. კანონი ქურდულად მიიღეს, არიან დონორი და სხვა ორგანიზაციაბი, მაგრამ კანონის მიღება პარლამენტის პრეროგატივა, სხვა ვერავინ ვერაფერს ვერ იზამს.

„ვისაც ეს საკითხი ეხება ცოტანი ვართ, ჩვენ რომ ამის წინააღმდეგ მიტინგი მოვაწყოთ, შეიძლება ყურადღებამისაქცევი რაოდეენობა არ ვიყოთ, ამიტომ ჩვენს მიერ წარმოშობილი აქტივობა ახლა სუსტი იქნება. ამ დილემის წინაშე ვართ", - განაცხადა ადვოკატმა და ეკონომიკური სამართლის ანალიტიკოსმა აკაკი ჩარგეიშვილმა „რეზონანსთან".

უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების წესი შეიცვალა, კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მომზადდა. პარლამენტი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავდა. სპაციალისტების შეფასებით მანამდე მოქმედი კანონი კატასტროფული იყო და დიდი პრობლემებსაც ქმნიდა, ახლანდელი კი, მათი თქმით, უარესია, სამ საფეხურიანი ყადაღის სისტემა შემოიღეს,რომელსაც დიდი ხარვეზები აქვს.

კანონპროექტის მიღების შედეგად სს საპროცესო კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა კონსტიტუციასთან. სამომავლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა შეიძლება დაედოს მაშინ. თუ:

ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ;

ბ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გაანადგურებენ ან დააზიანებენ;

გ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ;

დ) ამ ქონებაზე ყადაღის დადება აუცილებელია მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, რადგან დასაბუთებული ვარაუდის მტკიცებულებითი სტანდარტით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ქონების ჩამოსართმევად საჭირო შესაბამისი გარემოებების არსებობა.

კანონპროექტით ასევე განისაზღვრება, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებას ან ქონებას, რომლის მიმართაც ჩადენილია დანაშაული, ყადაღა სამ ეტაპად ედება და თითოეულ ეტაპზე ყადაღის დადების ვადა არის 12 თვე. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ლეგიტიმური მიზნების განხილვა წარიმართოს არა ზოგადად, ერთიანად და ყველა შემთხვევაში მოხდეს ან სარგებლობის აკრძალვა ან განკარგვის აკრძალვა, არამედ ინდივიდუალური მიდგომის გათვალისწინებით.

„იმ შემთხვევაში თუ იარსებებს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას ახალი დანაშაულის ჩასადენად გამოიყენებენ ან ამ ქონებას გადამალავენ, გაასხვისებენ ან დახარჯავენ, ამ შემთხვევებში ქონებაზე ყადაღის დადება მესაკუთრეს ან მფლობელს აუკრძალავს ქონების განკარგვას. აუცილებლობის შემთხვევაში კი დამატებით ქონებით სარგებლობის აკრძალვაც მოხდება" - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×