ელზა პაპოშვილი
18.04.2023

კახეთში, ახმეტაში  მოკლული 71 წლის ქალის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივები და ქალის ქმარი, ვალერიან ხარიტონაშვილი მომხდარი დანაშაულის დეტალებს იხსენებენ. მოკლული ქალის მეუღლე ამბობს, რომ დაპირისპირების მიზეზი წლების წინ, როგორც ამბობს, თაღლითურად გაყიდული ბინა გახდა. ამ სახლში მკვლელობაში ბრალდებული 18 წლის ბაჩო ხაშმელაშვილი და მამამისი ცხოვრობენ. საქმეზე სასამართლო დავაც ჰქონდათ, თუმცა „ყალბი საბუთებით“ მათთვის ბინის დამტკიცება მაინც მოხდა.    

ხარიტონაშვილი ყვება, რომ ხაშმელაშვილები ცდილობენ კიდევ გარკვეული ფართობის მიწა მიითვისონ და ეზოს საზღვარი გადაწიონ. ამიტომ მკვლელობის დღეს კონფლიქტი მის ცოლს მეოზობლებთან ამის გამო მოუვიდა. ქალსა და ბიჭს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება იყო, შემდეგ კი ხაშმელაშვილმა  მათი სახლის მიმართულებით ისროლა, ქალი ეზოში იდგა, მან დაზიანებები სახის არეში მიიღო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.    

„ამ ოჯახთან დავა უკვე დიდი ხანია გვაქვს. მამაჩემმა ჩემს დას მეზობლად ბინა აუშენა. ის გარდაიცვალა და სიძემ ბინა თაღლითური გზით გაყიდა. ამის გამო სარჩელი არაერთ სასამართლოში შევიტანეთ, მაგრამ მისი მითვისება მაინც შეძლო. ბინა ამ მამა-შვილზე გაყიდა. ესენი არსებულ ფართს აღარ სჯერდებოდნენ და ახლა ღობეს ჩვენი ეზოსკენ წევდნენ. ამბობდნენ რომ ეს ტერიტორიაც იყიდეს და მათი იყო. 1 000 კვადრატული მეტრი თაღლთურად მიითვისეს, ახლა იმ ფართში აღარ ეტევიან, აქეთ მინდა გადმოსვლაო და დავაც ამის გამო იყო დაწყებული,“ - ამბობს ვალერიან ხარიტონაშვილი.  

მისივე თქმით, სროლისა და ხმაურის ხმა გაიგეს, რის გამოც გარეთ გავიდნენ და სწორედ ამ დროს მოხვდა ტყვია მის მეუღლეს.

„ჩემი მეუღლე სახლში იყო, მეც სახლში ვიყავი. მითხრა გარეთ გამოდი, რაღაც სროლაა და ჩხუბიაო. მითხრა მე მაღლა ავალ და შენ შიგნით შედიო, სახლში შესვლას რომ ვაპირებდი, გაისროლა და ამას მოხვდა. ჯერ სიტყვეირად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩემა ცოოლმა უთხრა, რომ ეს მათი ეზო არ იყო და არ უნდა გადმოსულიყო. მან კი მისი მისამართით გაისროლა. არ ვიცი შეშინება უნდოდა თუ განზრახ ესროლა, ფაქტია დიდი უბედურება მოხდა", - განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი სადავო მიწის ნაკვეთის გამო, წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ისინი გარეთ სროლის ხმაზე გამოვიდნენ  და ქალი უკვე დაჭრილი საკუთარ ეზოში იპოვეს. 

„ბიჭსა და ქალს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მომხდარა. მას უთქვამს, რომ ეს ეზოც მათია და ღობე უნდა გადმოეწია. ამაზე დაიწყეს დავა. შემდეგ ცოლ-ქმარი კონფლიქტისგან გარიდებას შეეცადნენ. სახლში შესულებმა დაინახეს, რომ ბიჭი მათ ეზოში გადმოდიოდა. ქალი გასულა და უთქვამს არ გადმოხვიდეო, სწორედ ამ დროს ისროლა მისი მისამართით. დაჭრილი ქალის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს“, - ყვება მეზობელი. 

პოლიციამ მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - შსს ინფორმაციით, დაკავებულია 1 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ბ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ახმეტაში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, მეზობელი - 1952 წელს დაბადებული ლ.ხ. სანადირო თოფიდან გასროლით სახის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ. ხ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბ.ხ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.    

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×