ელზა პაპოშვილი
21.06.2023

ვარკეთილში მეზობლებზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორებს შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ახალგაზრდა ქალი ქრისტი მიქელაძე ამბობს, რომ მას და მამამის, კარის მეზობელი, 25 წლის რომა გიკაშვილი დაესხა თავს. ჯერ ისინი სცემა, შემდეგ დანით დაჭრა, ბოლოს კი ბინაში ხანძარი გააჩინა და გაქცევა სცადა. დაკავებულლის ახლოებლები ამბობენ, რომ ჩხუბი სწორედ დაზარალებულმა მამაკაცმა დაიწყო, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაკავებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ კონფლიქტში კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანი მონაწილეობდა, რომელიც იდენტიფიცირებული და დაკავებული ჯერ არ არის.

ამ ინციდენტის კადრები ორიოდე დღის წინ სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, სადაც ჩანს როგორ სცემს აივანზე ახალგაზრდა მამაკაცი ქალს. დაზარალებული ქრისტი მიქელაძე აცხადებს, რომ არ იცის რა გახდა მეზობლის თავდასხმის მიზეზი. მისივე თქმით, დაკავებულ მამაკაცს ზოგადად ძალადობისკენ აქვს მიდრეკილება - იგი ორსულ ცოლზეც ძალადობდა და ოჯახი ამ ამბავს მალავს.

„კარის ხმა გავიგე და მამაჩემი მეგონა. მაგრამ მამა რომ შემოდის, ყოველთვის მეუბნება = „მოვედი“, ამჯერერად კი ხმა არ ამოუღია. კი გამკრა გულში...

„დაახლოებით ერთი-ორი წუთის შემდეგ ისევ კარების ხმა გავიგე და უკვე მამაჩემის ხმა - „რა გინდა, გიჟი ხომ არ ხარ. თავი დამანებე, გადი აქედან, ჩემს სახლში რას აკეთებ“. ჩოჩქოლის ხმა გავიგე და შიშველი აბანოდან გამოვვარდი. იქით იდგა ის ბიჭი და აქეთ - მამაჩემი. უკვე დანა ეჭირა ხელში და ურტყამდა. მივვარდი ამ ბიჭს, მამაჩემს თავი დაანებე-მეთქი. იატაკის ჯოხი გამოვიტანე, ჩავარტყამ-მეთქი და ისიც წამართვა...

„ამის მერე შემათრია აბაზანაში. მამაჩემი ძირს დააგდო. მეც დამაგდო, მაგრამ წამოვდექი. ამ მომენტში მუშტი თუ წიხლი ჩამარტყა... აბაზანაში შემთარია მერე თმებით. თან საერთოდ არ იღებდა ხმას. „მოგკლავო“ - ეს მითხრა მარტო. თავს მარტყმევინებდა, ყელში მიჭერდა და შხაპი მომიშვირა სახეზე, რომ გავგუდულიყავი. მიზეზი არ ვიცი, ხმას არ იღებდა. 

„ჩავარტყი წიხლი და დანა დამარტყა დაბლა, სასქესო ორგანოზე. მე რომ დამაგდებდა, მამაჩემთან გარბოდა და თავში დანას ურტყამდა. ყელზე მომადო დანა. ყელის გამოჭრა უნდოდა და სამჯერ გავაგდებინე დანა. ბოლოს დაუვარდა ეს დანა და ლოგინის ქვეშ შევაგე. დავინახე = ჩემს ზეწარს ცეცხლი მოუკიდა და ასევე გაზის კამფორებიც ღია იყო. ცეცხლი რომ გააჩინა და გაზი გაუშვა, გაიქცა და დაბლა დაიჭირეს“, - ამბობს  დაზარლებული ქლაი მედიასთან საუბრისას. 

მამა-შვილი, აბესალომ და ქრისტი მიქელაძეები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულები არიან. ისინი წლებია თბილისში ცხოვრობენ. აბესალომ მიქელაძე ადრე აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველი გახლდათ. 

განსხვავებულ ვერსიას ყვებიან  დაკავებულის ახლობლები. მათი თქმით, თავდაპირველად ჩხუბი იმის გამო დაიწყო, რომ ყოფით ნიადაგზე რომა გიკაშვილისა და აბესალომ მიქელაძის კამათისას, მიქელაძემ, რომელიც, მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ბიჭს თავში ფიცარი ჩაარტყა. ჩხუბიც ამის შემდეგ დაიწყო. მათი მტკიცებით, ახალგაზრდა მამაკაცი ქალის ცემას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ის ფიზიკურად მხოლოდ მამამის გაუსწორდა. ხოლო ქალმა დაზიანებები, შესაძლოა ჩხუბში ჩარევის შედეგად მიიღო. 

„ყველაფერი, რასაც ეს გოგო ყვება, არის ტყუილი და გამოგონილი ფაქტები. რომას არავის მოკვლა არ სურდა, პირიქით, მამამისი ციდლობდა მის მოკვლას. 

„ეს კაცი ალკოჰოლიკია, სვამს და ბიჭს თავში ფიცარი ჩაარტყა. კონფლიქტის ამის შემდეგ დაიწყო. არანაირი  დანით არ მივარდნილია, დანა მათ თავად ჰქონდათ და ამ გაწევ-გამოწევაში არიან დაჭრილები. ისე იყო გამწარებული, ნახევარზე მეტი არც ახსოვს, თუ  რა მოხდა. გოგოს ცემას საერთოდ გამორიცხავს. არ ვიცი რა კადრებია, მაგრამ ის ამბობს, რომ არ ახსოვს. პირიქით, მას ურტყამდნენ ორივე. არცერთ მეზობელთან არასდროს კონფლიქტი არ მოსვლია და რაღა ახლა გაგიჟდა?! ეს გოგო ნახევარზე მეტს თავად იგონებს“, - ამბობს დაკავებულის ერთ-ერთი ახლობელი „რეზონანსთან“. 

მეზობლების ცემასა და დაჭრაში ბრალდებული რომან გიკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში სასამართლო პროცესს ელოდება. თავად ბრალდებულს სოციალურ ქსელში მითითებული აქვს, რომ სუს-ში მუშაობს, თუმცა ლილუაშვილის უწყებაში ამ ინფორმაცაის კატეგორიულად უარყოფენ. 

გიკაშვილის ადვოკატი კი მედიასთან ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფსს მომხდარი კარგად არ ახსოვს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საქმეში მეოთხე პირიც ფიგურირებს. 

„მკვლელობის მცდელობას არ აღიარებს. ძალიან ბევრი დაზიანებები აქვს ამ ორ ადამიანს და ამ დროს თავდამსხმელს თითქმის არ აქვს დაზიანება. შეიძლება ასეთ ორომტრიალში, სამი ადამიანი როდესაც ერთმანეთს ებრძვის, ის ქალბატონი და მისი მამა წინააღმდეგობას უწევს და ამ დროს ბრალდებულს საერთოდ დაზიანება არ აქვს?! 

„ეჭვი გვაქვს, რომ იყო მეოთხე ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი ჩაიდინა, იმიტომ, რომ მხოლოდ სისხლით იყო მოსვრილი ბრალდებული, ასევე აქვს მხოლოდ ორი ნაკაწრი და ორი დალურჯება, მეტი არაფერი. 

„დანით არ ყოფილა შესული, საქმეში ფიგურირებს თვითონ იმ ოჯახის დანა. ამბობს, რომ მამაკცთან მოუვიდა კონფლიქტი, სცემდნენ ერთმანეთს და მერე უკვე აღარაფერი ახსოვს. ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მამაკაცს, ქალია საერთოდ არ ახსოვს. 

„საქმეში სხვა მტკიცებულებაც არის, რომელიც ადასტურებს, რომ ვიღაც სისხლიანი გამოვიდა იმ სახლიდან. დევს მეზობლის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ვიღაცამ დამიკაკუნა კარზე და სისხლიანი იყო ჩემი კარიო. ეს იმ დროს იყო, როცა პოლიცია მოვიდა“, - ამბობს ბრალდებული ადვოკატი.

დაკავებულს უკვე შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. პროკურატურის ინფორმაციით, მას ს/ს კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი პირის მიმართ) წარედგინა ბრალდება, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×