ნაზი ბერიძე
19.07.2023

გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ჰაერის ტემპერატურა იმატებს. გაეროს პროგნოზით, მომდევნო ათწლეულებში ჰაერის ტემპერატურა მსოფლიოში საშუალოდ 1.5 გრადუს ცელსიუსით გაიზრდება. The Guardian-ის თანახმად, რომში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, გუშინ ქალაქში +41.8 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა, რაც 2022 წლის ივნისში დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს +40.7 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს. სიცილიაში ჰაერის ტემპერატურამ დაახლოებით 41 გრადუსს მიაღწია, ხოლო სარდინიაში 45 გრადუსს.

იტალიის საავადმყოფოებში მკვეთრად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სიცხესთან დაკავშირებული დაავადებების გამო გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. ნეაპოლში, კარდარელის საავადმყოფოს განაცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა 231 პაციენტს დასჭირდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ 23 ქალაქში, მათ შორის რომში, ფლორენციაში, ბოლონიაში, ბარიში, კატანიაში, კალიარიში, პალერმოსა და ტურინში განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. სამინისტრომ მოუწოდა მოსახლეობას, მოერიდონ გარეთ გასვლას ყველაზე ცხელ საათებში და უარი თქვან ალკოჰოლზე, ყავასა და გაზიან სასმელებზე.

შეგახსენებთ, ევროპაში სიცხის ტალღებმა იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთი, სერბეთი, ხორვატიასა და საბერძნეთი ტემპერატურის ზრდა და ტყის ხანძრები გამოიწვია.

სამშაბათს, 18 ივლისს ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სანბაოშიც ჰაერის ტემპერატურამ +52,2 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

მეტერეოროლოგების პროგნოზით, ქალაქში მაღალი ტემპერატურა კიდევ 5 დღის განმავლობაში შენარჩუნდება და არ არის გამორიცხული რომ მორიგი რეკორდი დაფიქსირდეს. როიტერის ინფორმაციით, ჩინეთში აქამდე დაფიქსირებული ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი 50.3 გრადუს ცელსიუსი იყო.

„რეზონანსი" ამ ფონზე საქართველოში მოსალოდნელი მაღალი სიცხისგან პრევენციის მეთოდებზე ექსპერტებს ესაუბრა. მათი თქმით, საქართველოს დღეს, ევროპის მსგავსი საფრთხე არ ემუქრება.

დაიძრა თუ არა სიცხის ციკლონი ევროპიდან საქართველოსკენ - „მწვანეთა მოძრაობის დედამიწის მეგობრები-საქართველოს" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტემპერატურის მატება საქართველოში აგვისტოს თვეშია მოსალოდნელი.

„ევროპის კონტინენტზე 50 გრადუსამდე ტემპერატურის მატება შეინიშნება, სამხრეთ კავკასიაშიც მაღალ ტემპერატურეას უფრო აგვისტოს პერიოდში უნდა ველოდოთ, შეიძლება შედარებით უფრო დაბალი ტემპერატურა იყოს, მაგრამ, 45 გრადუსიც ჩვენთვის მაღალია" - განაცხადა- „რეზონანსთან" ნინო ჩხობაძემ.

ჯანდაცვის ექსპერტი ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" მაღალ ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მაქსიმალურად დიდი რაოდენობით წყლის მიღებას და სიცხისგან თავის არიდებას ურჩევს.

„პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ მზის დარტყმა და სითბური დარტყმა პრაქტიკულად ერთი და იგივეა და არაფრით არ განსხვავდება. უნდა მოვერიდოთ მაღალ ტემპერატურას, არა მაინც და მაინც მზიან ადგილს, არამედ ჩრდილსაც.

„მაგალითად, როცა მე ისრაელში ვმუშაობდი, იქ ჩრდილში იყო 60 გრადუსი ტემპერატურა, ამიტომ იმისი ილუზია ნუ გვექნება, რომ რახან ჩრდილში ვდგავართ, ეს არ ნიშნავს რომ მზიან ადგილში არ ვართ და ამიტომ ტემპერატურა დაბალია.

„რა თქმა უნდა უნდა, ვაკონტროლოთ ჰაერის ტემპერატურა, უნდა ვიცოდეთ რამდენს აჩვენებს როცა გავდივართ, უნდა ვეცადოთ, რომ დღის განმავლობაში მოვერიდოთ ხანგრძლივ ყოფნას გარეთ. დაახლოებით 11 საათიდან იწყება სიცხე და 18 საათამდე გრძელდება. არ ვიცი საქართველოში როგორ იქნება ეს ამბავი, მაგრამ დღეს უკვე ჩანს +35 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა ფიქსირდება, და არ არის გამორიცხული რომ +40-მდე და მეტზეც ავიდეს.

„პირველ რიგში, უნდა მოვარიდოთ ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები გარეთ სიარულს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ვიქონიოთ უბრალო სასმელი წყალი. რომელიც ჩვენ ძალიან დაგვეხმარება, გარდა იმისა, რომ სითბური დარტყმა არ მივიღოთ, ასევე, რომ მოვახდინოთ გაგრილება და გაუწყლოებისგან თავი დავიცვათ. იმიტომ, რომ ორგანიზმი წყალს კარგავს, არამარტო გულისრევის საშუალებით, არამედ, კანის საშუალებით, რომელიც ცდილობს ოფლის საშუალებით გაიგრილოს და ტემპერატურა დაწიოს სხეულის.

„და აი აქაც ხდება აორთქლება ოფლის საშუალებით სითხისა ორგანიზმიდან და მარილების კარგვა. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დღის განმავლობაში ბევრად მეტი წყალი მივიღოთ, ვიდრე ვთქვათ, ჩვეულებრივ მდგომარეობაში. ჩვეულებრივად ლიტრანახევარი წყალია საჭირო, ამ შემთხვევაში შეიძლება სამი ლიტრიც არ იყოს საკმარისი სიცხეში.

„რა თქმა უნდა კარგია კონდენციონერი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ კონდენციონერით გაგრილებულ ჰაერსაც აქვს თავისი მინუსები, ძალიან დაბლა ტემპერატურის ვარდნაც არ ვარგა და შემდეგ დაბალი ტემპერატურიდან გარეთ გასვლა და პირიქითაც თვითონ კონდინციონერთან, რაც შეიძლება გახდეს ფილტვების ანთებითი პროცესის მიზეზი. ასევე, მაღალ ტემპერატურის ფონზე უნდა მოვერიდოთ ალკოჰოლის მიღებას" - განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი ხმალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×