ელზა პაპოშვილი
03.10.2023

პოლიციამ სამდღიანი ძებნის შემდეგ დააკავა ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული. ის 27 წლის შოთა სიხარულიძეა, რომელსაც თავისი ბავშვობის მეგობარის, ნათესავისა და თანასოფლელის, ავთო სიხარულიძის მკვლელობაში ედება ბრალი. ერთად გაზრდილ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი გარდაცვლილის დაბადების დღეზე დაიწყო, თუმცა მალევე განიმუხტა. მიუხედავდ ამისა, კონფლიქტი მეორე დღესაც გაგრძელდა ტრაგედიით დასრულდა. 

თვითმხილველთა გადმოცემით, ავთო სიხარულიძემ დაპირისპირებას ამჯერადაც აარიდა თავი და სახლში წავიდა, მაგრამ მას ბავშვობის მეგობარი ქუჩაში დაედევნა და დანით ორი უმძიმესი ჭრილობა მიაყენა. 

დანაშაულს რამდენიმე მოწმე ჰყავს, რომლებიც პოლიციამ უკვე გამოკითხა. 

„ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი წინა დღეს, მოკლულის დაბადების დღეზე დაიწყო და მეორე დღეს სასტიკი მკვლელობით დასრულდა. რა გახდა მიზეზი, არა ვიცით. ამბობენ, რომ რაღაცა ყოფით ნიადაგზე მოხდა შელაპარაკება. ერთად გაზრდილები იყვნენ. ბავშვობიდან ერთად მოდიან. გვარით ნათესავები არიან და ასეთ რამეს არავინ მოელოდა.

„ავთო შეეცადა კონფლიქტისთვის ისევ თავი აერიდებინა, არ უნდოდა მას კამათში აჰყოლოდა. ამიტომ სადაც იყვნენ მეზობელთან, იქიდან გამოსულა და სახლში მოდიოდა, როცა გზაში დაეწია და უკანიდან ჭრილობები მიაყენა. 

„მათთან ერთად იყო მესამე პირიც, რომელმაც მისი შეკავება ვერ მოასწრო. ის ყვიროდა, რომ სასწრაფოდ  გამოიძახეთ ჩქარაო. სანამ სასწრაფოს გამოიძახებდნენ,  ადგილობრივებმა წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ვერ მოასწრეს, რადგან გულში ჰქონდა  ერთი ჭრილობა, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

მკვლელობაში ეჭვმიტანილი წარსულშიც ნასამართლევია. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე თვის წინ, ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. შოთა სიხარულიძე სასჯელს პოლიციელზე თავდასხმისთვის იხდიდა, ციხე კი ვადაზე რამდენიმე წლით ადრე დატოვა. 

მომხდარზე ბევრს ვერაფერს ყვებიან მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახში. შოთა სიხარულიძის დედა მხოლოდ იმას ამბობს, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

პოლიციის ცნობით, გამოძიება ს/ს კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×