ელზა პაპოშვილი
04.10.2023

სისხლიანი დაპირისპირება კახეთში - სოფელ ჭიკაანში მეზობელმა მეზობელი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლა, ხოლო მეორე მეზობელი ფეხის არეში დაჭრა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ მომხდარის დეტალებს ყვებიან და ამბობენ, რომ სავარაუდო დამნაშავე დაცვის პოლიციის ინსპექტორი თემურ ოთინაშვილია. მას და მის კლასელს  47 წლის გელა გუჩმაზაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ეკლესიის ეზოში დაიწყო. როგორც მეზობელბი ამბობენ, ისინი  კლასელებთან ერთად ეკლესიის ეზოში ქეიფობდნენ. 

კონფლიქტი რის გამო დაიწყო, არავინ  იცის, თუმცა, ამბობენ, რომ გელა გუჩმაზაშვილი დაცვის პოლიციის ინსპექტორს დანით გაეკიდა. თემურ ოთინაშვილმა კი სამსახურეობრივი იარაღიდან ესროლა.  ბრმა ტყვია კი  მეორე მამაკაცს ბაღაშვილ ჯონის მოხვდა, რომელიც დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიციელს მისი მოკვლა არ სურდა და სავარაუდოდ, ის თავის დაცვას ცდილობდა. ამიტომ  შესაშინებლად ფეხებში ესროლა, თუმცა ტყვიამ, სავარაუდოდ, აისხლიტა და გელა გუჩმაზაშვილს გულის  არეში მოხვდა.   

 „რა მოხდა რაზე დიწყო კონფლიქტი, ზუსტად არავინ იცის. ეკლესიაში იყვნენ და იქ ქეიფობდნენ. ეს ბიჭები კლასელები არიან და ერთად სვამდნენ. თემურ ოთინაშვილი დაცვის პოლიციის თანამშრომელია, რომელსაც თან სამსახურებრივი იარაღი ჰქონდა. 4-მდე ადამიანი ყოფილა შემორჩენილი სუფრაზე. ამ ბიჭებს შორის დაწყებულა კონფლიქტი. 

როგორც თვითმხილველები ამბობენ,  პოლიციელს გარდაცვლილი დანით გამოკიდებია და მისთვის ჭრილობების მიყენებას ცდილობდა. მას კი შესაშინებლად დაბლა უსვრია. ეტყობა ტყვიამ აისხლიტა და გულში მოხვდა. ასევე ბრმა ტყვიით არის მეორე ბიჭი დაჭრილი, რომელიც მათ გაშველებას ცდილობდა. ახლა ისაა ოქროს მოწმე, რომელმაც ზუსტად უნდა თქვას რა მოხდა. პოლიციელი თავად ჩაბარდა იარაღით და განაცხადა, რომ მან ესროლა, თუმცა თავდაცვის მიზნით და მისი მოკვლა არ ჰქონდა განზრახული“,-ყვება ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი დააკავეს, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ქუთათელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაკავებულმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა ყვარელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც, ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ერთმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2023 წლის 4 ოქტომბერს, ღამის საათებში, ყვარლის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს ინსპექტორი თ.ო. ნაცნობ პირებთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდა, სადაც, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იქ მყოფ პირებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. დაცვის პოლიციის ინსპექტორმა, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რა დროსაც, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა გ.გ. ხოლო მეორე მოქალაქემ სხეულის დაზიანება მიიღო.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩაატარეს. მათ შორის ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი.

ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს.

განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული სასჯელის სახედ 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - განაცხადა ქუთათელაძემ.  

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×