ელზა პაპოშვილი
07.10.2023

14 წლის გოგონას მკვლელობაში მხილებულ მის მეუღლეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. საგარეჯოში მომდარი ეს სასტიკი დანაშაული უკვე გახდა საყოველთაო მსჯელობის საგანი. როგორ მოხდა, რომ არასრულწლოვანი ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა იძულებით ქორწინებაში მასზე ორჯერ უფროს მამაკაცთან და ამასთან დაკავშირებით არავინ არაფერი იღონა?

მკვლელობაში ეჭვმიტანილ მამაკაცს, 28 წლის ასიმ ასლანოვს პოლიცია მთექლი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. კაცმა არასრულწლოვან ცოლს, აითაჯ შახმაროვას მაშინ ესროლა, როცა ისინი სოფელ ლამბალოში, ნათესავის ქორწილის სამზადისში იმყოფებოდნენ. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მისი ცხედარი გურჯაანის პროზექტურიდან საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ტრაგედია სოფელ ლამბალოში პარასკევს მოხდა. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლარიდან იყო. ის 2 თვეა რაც მოტაცებით გაათხოვეს და აღნიშნულ მამაკაცთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. ამ  ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ოჯახი, თუმცა  სკოლაში და განათლების რესურსცენტრში ამბობენ, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. გოგონას დედა მათ ეუბნებოდა, რომ გოგონა სკოლაში მალე დაბრუნდებოდა.

იორმუღანლოს პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს. გამომძიებლების კითხვებს მოკლული არასრულწლოვნის მამა და ყველა ის პირი პასუხობს, რომლებმაც არასრუწლოვანის იძულებით ქორწინების შესახებ იცოდნენ და არაფერი მოიმოქმედეს.    

„რაც ვიცით ისა არის, რომ ეს გოგო ორი თვის წინ მოუტაცია და ცოლად ჰყავდა. ბიჭს აქვს გარკვეული ფისიქიკური პრობლემები და ამ ხნის განმავლობაში გოგო მისგან თავის დაღწევას ცდილობდა. ზუსტად არავინ არაფერი იცის. ასე ჰყავდათ სახლში და გარეთ არ უშვებდნენ. ამბობენ, რომ გაქცევა რამდენჯერმე უცდია, მაგრამ მშობლებმა რადგან მოტაცებული იყო, ალბათ სახლში აღარ წაიყვანეს. 

„იცოდა თუ არა პოლიციამ, სკოლამ ან სხვა ვინმემ - არ ვიცით. ბიძაშვილის  ქორწილისთვის ემზადებოდნენ. იქ იყვნენ გოგოც და ეს ბიჭიც. იქ შელაპარაკებულან. ამ ბიჭს გარეთ გაუყვანია და სორლის ხმაც გაიგეს. რომ გაცვივდნენ გარეთ, გოგო უკვე მძიმედ დაჭრილი კართან იწვა. სამი ჭრილობა ჰქონდა - ერთი გულში, მეორე მუცელში და მესამე ხელზე. მან გაქცევა მოასწრო და ახლაც იმალება. 

„ეს ბიჭი მწყემსი იყო და  ძირითადად  ცხვარში იყო ხოლმე. ახლა ყველა დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი. ეძებენ სოფლებში და ყველას სახლს ჩხრეკს პოლიცია“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.  

მკვლელობაში მხილებული 28 წლის მამაკაცის ოჯახი ამბობს, რომ გოგოს არასოდეს უთქვამს, რომ გათხოვება არ უნდოდა. გარდა ამისა, ოჯახმა არ იცის საიდან ჰქონდა ასიმ ასლანოვს იარაღი, რომლითაც მკვლელობა ჩაიდინა.

„ერთად ვჭამეთ გუშინ პური. მერე ჩემმა შვილიშვილმა უთხრა - ბიძაშვილთან ავიდეთო. ქორწილისთვის საჩუქარი უნდა აეტანათ და ავიდნენ. არც უჩხუბიათ, არც არაფერი. იქ ვინც იყო, ამბობენ - გოგო ტუალეტისკენ წავიდა და რომ დაუნახავს ეზოში გამოსული, თოფიდან უსვრია. საიდან ჰქონდა ის იარაღი, არ ვიცით, ან ვინ მიჰყიდა, ან ვინ გაუფორმა. ჩვენთან გოგოს არასოდეს დაუწუწუნია, რომ გათხოვება არ უნდოდა.  ვიცოდით, რომ მშობლების თანხმობით მოიყვანა ბიჭმა“, - აცხადებს სავარაუდო მკვლელის ბებია. 

იცოდნენ თუ არა ფაქტის შესახებ სკოლაში სადაც ის სწავლობდა, ამ კითხვაზე ადგილობრივი რესურსცენტრის წარმომადგენელი მედიასთან აცხადებს, რომ მათ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ. 

„სკოლამ მოიკითხა, საქმის კურსში ჩააყენა ოჯახი, რომ არ ცხადდება ბავშვი სკოლაში. თუმცა მშობლებმა განაცხადეს, რომ 2 დღეში აუცილებლად მოვიდოდა - სტუმრად იყო წასული გარდაბაშიო.

„გონივრული ეჭვიც არ ჰქონია არავის. არც სკოლამ იცოდა და არც ჩვენ ვიყავით საქმის კურსში. სასწავლო წელი დაამთავრა ჩვეულებრივად. ძალიან მოწესრიგებული და კარგი გოგონა იყო. 23 რიცხვში კი დამრიგებელმა დაურეკა მშობელს. ის არ გამოდიოდა კონტაქტზე. მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც დაიბარეს სკოლაში. ეს მოხდა 5 ოქტომბერს და თქვა, რომ 2 დღეში მოვიდოდა ბავშვი სკოლაში“, - აცხადებს დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ხმალაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×