რეზონანსი
20.02.2024

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს აფხაზეთში მოგზაურობისას  მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა. ამის მიზეზად დასახელდა აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც რუსი ტურისტის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისათვის დაკავებულ ადგილობრივ ახალგაზრდას სასჯელი შეუმსუბუქა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი ოკუპირებული აფხაზეთის მიმართ მოსკოვის პოლიტიკის ცვლილების დასაწყისს?

საუბარია 2019 წლის 31 ივლისს მომხდარ დანაშაულზე, როდესაც აფხაზეთის მკვიდრმა ედგარ აბუხბმამ რუსი ტურისტი ქალბატონი გაძარცვა და გააუპატიურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის „ტელეგრამ“ არხზე ეს მნიშვნელოვნად ზრდის რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების რისკს აფხაზეთის მოგზაურობისას.

„აფხაზეთის მოქალაქე ე.გ. აბუხბა, რომელმაც 2019 წელს რუსი ტურისტის მიმართ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის შემსუბუქების შემდეგ გაათავისუფლეს.

„ეს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის დაკისრებული სასჯელის მიმართ აფხაზური მართლმსაჯულების ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებას მოწმობს. ცხადია, ეს აფხაზეთის კურორტებზე ყოველწლიურად დიდი რაოდენობით ჩასული უცხოელი სტუმრების უსაფრთხოების რისკებს ქმნის, რის შესახებაც ჩვენ იძულებული ვართ ჩვენი თანამემამულეები გავაფრთხილოთ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 16 თებერვლის განცხადებაში.

ამის საპასუხოდ კვირას აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომაც გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აბუხბა არ გათავისუფლებიათ, მხოლოდ სასჯელის შეუმსუბუქეს და ეს დე ფაქტო კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა. სასჯელის შემსუბუქების მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში აბუხბა არასრულწლოვანი იყო და 18 წელი მას მხოლოდ ციხეში შეუსრულდა.

საქმის წინაისტორია

ედგარ აბუხბა 2019 წლის 2 აგვისტოს დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, მან ჯერ სცემა რუსეთის მოქალაქე ქალბატონი და შემდეგ „განსაკუთრებული სისასტიკით“ გააუპატიურა. შემდეგ თავში, საფეთქლის არეში, ქვა ჩაარტყა, აიღო ქალის კუთვნილი ორი მობილური ტელეფონი, ფული, ძვირფასეულობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

6-თვიანი განხილვის შემდეგ, დე ფაქტო სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც აბუხბას საერთო რეჟიმის კოლონიაში უნდა მოეხადა.

2021 წელს ბრალდების მხარემ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და მიაღწია იმას, რომ აბუხმას ამ 9 წლის მოხდა უკვე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯეს.

2022 წლის ოქტომბერში აბუხბას ადვოკატმა ახალი სარჩელი აღძრა, ამჯერად უკვე აფხაზეთის ე.წ. უზენაეს სასამართლოში და მისი გათავისუფლება მოითხოვა. აბუხბა არ გაუთავისუფლებიათ, თუმცა პატიმრობის რეჟიმი კიდევ ერთხელ შეუცვალეს და ისევ საერთო რეჟიმის კოლონიაში დააბრუნეს.

რუსული მხარის მონაცემებით, აფხაზეთში დღემდე მოქმედებს წესი, რომლის თანახმადაც, საერთო რეჟიმის კოლონიაშ გატარებული 1 წელი პატიმარს ორად ეთვლება, ხოლო მკაცრი რეჟიმის კოლონიის შემთხვევაში - ორი წელი სამად. აბუხმას პატიმრობის ვადის ათვლა, მისი დაკავებიდან - 2019 წლის 2 აგვისტოდან დაიწყო და ამ წესების შესბამისად, მას პატიმრობიდან გათავისუფლება 2024 წლის 2 თებერვალს უწევდა.

ყველაზე საინტერესო ამბავი სწორედ ამას უკავშირდება. რუსული მხარის მიერ 16 თებერვალს გავრცელებული განცხადების თანახმად, აბუხბა გათავისუფლდა პატიმრობიდან. 18 თებერვალს კი აფხაზურმა მხარემ გაავრცელა განცხადება, რომ აბუხბას საპატიმრო არ დაუტოვებია და მას მხოლოდ პატიმრობის რეჟიმი შეეცვალა.

იცვლება თუ არა მოსკოვის პოლიტიკა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, აბუხბას გაათავისუფლება მართლაც იგეგმებოდა, თუმცა, მოსკოვის რეაქციის შემდეგ და იმის შიშით, რომ ეს შემთხვევა აფხაზეთში რუსი ტურისტების რაოდენობაზე აისახებოდა, ის პატიმრობაში დატოვეს.

„რუსეთის საგარეო სამინისტროს გვზავნილი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ იყო ერთგვარი პროვოკაცია აფხაზი საზოგადოების შესაშინებლად, რომ  თუ ასე გაგრძელდებოდა, რუსი ტურისტები აფხაზეთში აღარ ჩავიდოდნენ. ამას მოჰყვა მყისიერი გადაწყვეტილება და დამნაშავე კი არ გამოუშვეს ციხიდან, არამედ შეუმსუბუქეს სასჯელი, თუმცა ის რჩება ციხეში. მე ვფიქრობ ე.წ აფხაზეთის უზენაესმა სასამრთლომ დაშვებული შეცდომა ამით გამოასწორა“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან“.

მისივე აზრით,  რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადება აფხაზეთის მიმართ პოლიტიკის შეცვლას არ ნიშნავს, თუმცა რუსულ-აფხაზური ურთიერთობები ბოლო დროს საკმაოდ დაძაბულია, რასაც თავისი მიზეზები აქვს.

„რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის დაძაბულობა დიდი ხანია არსებობს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ რუსეთის საგარეო სამინისტროს ეს განცხადება ამასთან რაიმე კავშირში შეიძლება იყოს. დაძაბულობის მთავარი მიზეზებია ბოლო პერიოდში განვითრებული მოვლენები - ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემა, „არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ“ კანონპროექტი, აპარტამენტების საკითხი და ა.შ.“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

ნატალია ჯვარიძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×