ელზა პაპოშვილი
22.02.2024

მასშტაბური სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით - პოლიცია ნარკორეალიზატორების კვალზე გავიდა. დაკავებები ერთდროულად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში და ქალაქებში მიდის. ბათუმში, ქუთაისში, სამეგრელოში დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. აიყვანეს როგორც ე.წ. კურიერები, ასევე „ბარიგები“, რომლებიც ნარკოტიკების რეალიზაციის ქსელს აკონტროლებდნენ. სპეცოპერაცია ასევე თბილისში, ავჭალაში და სოფელ გლდანში  ჩატარდა.    

სოფელ გლდანში წერეთლის ქუჩა სპეცრაზმელების ალყაში იყო, იქ ე.წ. ბარიგების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობდა. სახლი სოფლის ბოლოში ერთ-ერთი ის ადგლია, რომელსაც ნარკოტიკების საწყობად იყენებდნენ. ადგილზე  ნარკოტიკები ამოიღეს, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. 

„არ ვიცით რა ხდება, მოულოდნელად მოვარდნენ სპეცრაზმელები და სახლში შეცვივდნენ. რა ხდება, რა უნდათ აზრზე არ ვართ. ამბობენ, რომ ნაკორტიკების საწყობად იყენებდნენ ამ სახლსო თუ ლაბორატორიადო,  არ ვიცით ბევრი არაფერი. ე.წ. ბარიგები იყვნენო და შესაძლოა ნაქირავებიც ჰქონოდათ. სოფლის ბოლოშია ეს სახლი და ალბათ აგილობრივებისგან  უნდოდათ მოშორებულები ყოფილიყვნენ. ძაღლები ჰყავდათ და კრიმინალისტებიც იყვნენ“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი „რეზონანსთან“.    

რაც შეეხება სპეცოპერაციას ქუთაისში, ადგილობრივები აცხადებენ, რომ  შერვაშიძის ქუჩაზე ინდოეთის რამდენიმე მოქალაქე აიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ფაქტი ნარკოდანაშაულს უკავშირდება. 

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაკავებულები კორპუსში ერთი კვირის წინ გადავიდნენ, პოლიცია კი ადგილზე დილით მივიდა. მათთვის უცნობია, რას საქმიანობდნენ ბრალდებულები. შსს-ში დაკავების ფაქტს ადასტურებენ. მიმდინარეობს გამოძიება.    

„ეს ბიჭები რაღაც ერთი კვირაა, რაც აქ საცხოვრებლად გადმოვიდნენ. მოვარდა პოლიცია და გამოიყვანეს სახლიდან, დაკავებულები არიანო. ერთი ხუჭუჭა ბიჭი იყო, მაგას უფრო ხშირად ვხედავდით, ძლივს საუბრობს ქართულად. ვერ იგებდა, რა ხდებოდა. მერე გააგებინეს, რომ ნარკოტიკების გამო იჭერდნენ. ორნი არიან, ვიცოდით, რომ სტუდენტები იყვნენ და აქ ცხოვრობდნენ, დალუქეს სახლი და მეპატრონესაც ურეკავდნენ მოსულიყო. ეტყობა  ბინას ჩხრეკდნენ“,  -აცხადებენ ადგილობრივები „რეზონანსთან“. 

ცნობილი ხდება, რომ ე.წ. დამდებები ნარკოტიკის გასაყიდად ტაძრებსაც იყენებდნენ. სასულიერო პირები აცხადებენ, რომ სიტუაცია საკმაოდ რთულია, ამიტომ ამ პრობლემას დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ. ისინი მოქმედებაზე გადადიან და ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ,  საპატრირქოსთან შეხვედრის შემდეგ, მღვდელმთავრების მონაწილეობით სპეციალური კომისია შეიქმნება.         

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×