ელზა პაპოშვილი
24.02.2024

კიდევ ერთი შანტაჟი და მუქარა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით. გამოძიების ინფორმაციით, დაზარალებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც მეგობარი მამაკაცი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალის გავრცელებით აშანტაჟებდა. ირკვევა, რომ ქალი ყოფილი პარტნიორისგან, რომელიც  ნიგერიის მოქალაქეა, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც ქალმა მამაკაცთან ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტა, კაცმა მისი შანტაჟი დაიწყო - თუკი ქალი ურთიერთობას შეწყვეტდა, ის ამ ვიდეო და ფოტო მასალას, რომლის დიდი  ნაწილი ფარულად იყო მოპოვებული, მის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ნათესავებს გაუგზავნიდა. 

ქალის პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი 2 წლის  განმავლობაში გრძელდებოდა.  ამის შემდეგ ქალმა გადაწყვიტა,რომ ყველაფერი სამართალდამცველებისთვის მოეყოლა. სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე დაადეს ხელბორკილები ნიგერიის 29 წლის მოქალაქეს. 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში კაცის წინააღმდეგ მტკიცებულებებად დევს მისი მობილურიდან ამოღებული პარტნიორის შიშველი სხეულის ამსახველი  ფოტოები და მიმოწერები ქალთან. ქალი ამბობს, რომ მან ნახა ისეთი ფოტოები და ვიდეო მასალა, რომელზეც წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. 

„რეზონანსს“ წყარო უყვება, რომ ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2022 წლის ივნისში, ნიგერიის მოქალაქე დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა. სწორედ ამდენი ხნის მანძილზე ქალი იძულებული იყო მასთან ურთიერთობა საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ გაეგრძელებინა.

„თბილისში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონა გაცნობის გვერდის საშუალებით ნიგერიის მოქალაქეს დაუახლოვდა და ინტიმური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ. როგორც ირკვევა, ქალი მას თავისი შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ნებაყოფლობით უგზავნიდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ, გარდა ამისა, სქესობრივი კავშირის დროს, ბრალდებული ფარულად, დაზარალებულის თანხმობის გარეშე, მას მობილური ტელეფონით ვიდეოებს უღებდა.

„როცა მათ შორის ურთიერთობა შეწყდა, ნიგერიის მოქალაქემ დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენა მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი ფარულად გადაღებული კადრების გავრცელებით დაემუქრა. ქალისგან უარის მიღების შემდეგ მან მუქარა სისრულეში მოიყვანა და  2022 წლის სექტემბერში, ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით,  ვიდეო დაზარალებულის ოჯახის წევრს, ქალის დას  გაუგზავნა. შეშინეული ქალი კვლავ აგრძელებდა ურთიერთობას, თუმცა ბოლოს, როდესაც მიხვდა, რომ მის შანტაჟს ბოლო არ უჩანდა,  დასახმარებლად პოლიციას მიმართა“, - გვიყვება წყარო. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა კი დაზარალებულის მომართვის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში ჩაატარა. გამომძიებლის მიერ გაჩხრეკილ იქნა დანაშაულში მხილებული ნიგერიის მოქალაქის თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა, რის შემდეგაც დაკავებულ იქნა ბრალდებული.

„ნიგერიის მოქალაქეს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა და საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×