ელზა პაპოშვილი
26.02.2024

პროკურატურის ინფორმაციით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე  ერთი ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

საქმე ეხება 25 წლის ბიჭის - გიორგი მირზაშვილის სასტიკ მკვლელობას. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა რუსთავში მცხოვრები სიძე-ცოლისძმა - გიორგი სუხიაშვილი და უშანგი ბერძენიშვილი დააკავეს.  

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, მოკვლის განზრახვით, ბლაგვი საგნების გამოყენებით, სხეულის დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი გაგუდეს. მიღებული დაზიანებებით, ის ადგილზე გარდაიცვალა.   

„ასევე, დანაშაულის ჩამდენი პირები მოკლულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ. 

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხედარი ჭაში 2023 წლის 25 მაისს იქნა ნაპოვნი. 

დანაშაულის ჩამდენ ერთ პირს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ის წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს"- წერია განცხადებაში. 

მოკლული გიორგი მირზაშვილის მეგობარი ვარაუდობს, რომ მას მძინარეს ჩაარტყეს ურო, ხოლო მიყენებული დაზიანებებით ის ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარზე დააკავეს 2 ადამიანი, ერთ-ერთი კი გარდაცვლილის ნათესავია.

"ვფიქრობ მძინარეს [ჩაარტყეს], რადგან საცვლების ამარა იყო, როცა ამოიყვანეს [ჭიდან]", - ამბობს მეგობარი.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულებმა გიორგი სულხანიშვილმა და უშანგი ბერძენიშვილმა მსხვერპლი მოტყუებით, გვიან ღამით რუსთავიდან სოფელ ველისციხეში, სულხანიშვილის სახლში წაიყვანეს. სულხანიშვილი და მირზაშვილი ნათესავები იყვნენ და სოფელს ხშირად სტუმრობდნენ. მოკლულის მეგობარი დარწმუნებულია, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო.

ასევე გამოძიების ვერსიით, მგზავრობისას ახალგაზრდა კაცებს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, თუმცა, მალევე შერიგდნენ. კონფლიქტი ველისციხეშიც გაგრძელდა თუ არა, უცნობია.

გარდაცვლილის მეგობრები მეორე ვერსიაზეც საუბრობენ - მანქანაში დაწყებული კამათი ველისციხეში სულხანიშვილის სახლშიც გაგრძელდა: შინ შესვლისთანავე მოულოდნელად მირზაშვილს ზურგიდან თავში ურო ჩაარტყეს, შემდეგ თოკით გაგუდეს, ცხედარი კი სოფლის ბოლოს არსებულ ჭაში ჩამარხეს.

მოკლული გიორგი მირზაშვილი ქურდობისთვის იყო ნასამართლევი. პატიმრობაში ყოფნისას გაიცნო უშანგი ბერძენიშვილი, რომელიც ასევე სასჯელს იხდიდა. გათავისუფლების შემდეგ მათ ურთიერთობა გააგრძელეს.

რა გახდა მკვლელობის მიზეზი და ზუსტი მოტივი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მოკლულს სულხანიშვილის ვალი ჰქონდა - 1 700 ლარი; თუმცა, ამ მოტივით მკვლელობას მირზაშვილის დედა გამორიცხავს, რადგან ვალის დაბრუნებაზე პირადად სულხანიშვილს ელაპარაკა და კონკრეტული ვადაც დათქვეს როდის დააბრუნებდა. ეს ვადა მაისის ბოლო იყო.

გარდა ამისა, ბრალდებულები მოკლულის ემიგრანტ დედას, 4 თვე გიორგი მირზაშვილის ტელეფონით, შვილის სახელით წერდნენ და ეუბნებოდნენ რომ ის მონასტერშია და რამდენიმე თვე არ დაბრუნდება.

"ვალი რაც ჰქონდა ამაზე ნალაპარაკევი მქონდა გიორგისთან. კონკრეტული ვადაც დავთქვი, როცა დავუბრუნებდი. ის ვადა ჯერ არც გასულა. ამიტომ გამოვრიცხავ. პირადი შურისძიებაა. ხომ არის როცა არ მოგწონს ვიღაც და მორჩა...

მწერდნენ როგორც გიორგი - რომ მივდივარ მონასტერში და მართლა აპირებდა წასვლას, ამიტომ არ შემპარვია ეჭვია. ასევე მწერდნენ, რომ ნაბოზარი გიორგი სულხანიშვილი აპირებს ჩივილს და დაუბრუნე ფული. არ დამიბრუნებია რა თქმა უნდა რადგან ვალის ამბავი გარკვეული მქონდა. ამ დროს ჩემი შვილი ცოცხალი არ იყო", - ამბობს მოკლულის დედა.

დედამ შვილის ძებნა მომხდარიდან 2 თვის შემდეგ დაიწყო, რადგან იქამდე ეჭვი არ შეჰპარვია, რომ ნამდვილად შვილი სწერდა. გამოძიება დაიწყო, თუმცა, კვალზე ვერ გავიდნენ. პარალელურად, ბრალდებულები ოჯახს მცდარ ინფორმაციას აწვდიდნენ, თითქოს გიორგის რუსთავში სხვადასხვა ადგილებში ხედავდნენ.

ცნობილი გახდა რომ ბოლოს პოლიცია კვალზე ბრალდებულებმა აღიარებითი ჩვენებით დააყენა. აჩვენეს სამართალდამცველებს  სად იყო ცხედარი ჩაბეტონებული, თუმცა სასამართლო პროცესზე პოზიცია შეცვალეს და დუმილის უფლება გამოიყენეს. კომენტარს არც მათი ადვოკატები აკეთებდნენ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×