პედიატრი გვირჩევს, შვილებს ვიტამინების მიღებასა და სუფთა ჰაერის მნიშვნელობაზე ბავშვობიდან ვესაუბროთ
თამთა ჩაჩანიძე
25.04.2024

უკვე 7 წელია, ექიმი-პედიატრი მაცაცო კუბლაშვილი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბაღისა და სკოლის მოსწავლეებთან ჯანსაღი კვების შესახებ საუბრობს. მასვე ეკუთვნის იდეა „მშობელთა ონლაინ-სკოლა", რომელმაც არაერთ მშობელს გაუადვილა პანდემიის პირობებში სამედიცინო რჩევებზე ხელმისაწვდომობა, სიცხისა თუ სხვადასხვა ინფექციის მართვა.

გასულ კვირას მაცაცო კუბლაშვილი თბილისის 45-ე საჯარო სკოლას სტუმრობდა, სადაც გაიმართა პრეზენტაცია. პროექტი „კულინარიული ვიტამინები" სკოლებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას ემსახურება. შეხვედრის პირველი ნაწილი წარიმართა სალექციო დარბაზში, სადაც პედიატრმა პრეზენტაცია წარადგინა თემით „ვიტამინები და მათი მნიშვნელობა", მეორე ნაწილში კი ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ჯანსაღი პროდუქტებით საკვები და ჯგუფებად დაყოფილებმა მხიარული შეჯიბრი მოაწყვეს. ბოლოს კი ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი და სამახსოვრო კულინარიული სუვენირი. ექიმი კი უამრავი ოვაციით, საპატიო სიგელითა და საჩუქრით დაჯილდოვდა. დაჯილდოვდნენ ასევე ჟიურის წევრები სამახსოვრო კულინარიული წიგნებით და ბავშვების სამახსოვრო ხელმოწერებით. „რეზონანსმა"დაუსვა პედიატრს რამდენიმე შეკითხვა.

მაცაცო კუბლაშვილი: აღნიშნულ პროექტს საფუძველი ჩაეყარა 7 წლის უკან. 45-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველია, სადაც დაინერგა სამედიცინო საფუძვლების მიწოდება მოზარდებისთვის საპრეზენტაციო სტილით, რომელიც სკოლის დირექტორ ქ-ნ მზია გელაშვილის, სასწავლო ნაწილის ქ-ნ მარეხი ჩიკვაიძისა და პედაგოგების უდიდესი მხარდაჭერით და ჩემი ინიციატივით მეტად წარმატებულად მიმდინარეობს. ამასთან მინდა აღვნიშნო მშობელთა მხრიდანაც უდიდესი ინტერესი, ჩართულობა და მადლიერება. პროექტის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ასაკის შესაბამისად მიეწოდებათ ბავშვებს მედიცინის, ჰიგიენის, ნუტრიციოლოგიის, ფსიქო-სომატური, სოციალური ურთიერთობების საკითხები. პროექტი აბსოლუტურად უანგაროდ ემსახურება მოზარდთა განათლებას იმ პრინციპით, რომ „ჯანსაღი ერი ნაციონალური სიმდიდრეა". მერწმუნეთ, ის საკმაოდ შედეგიანად მიმდინარეობს, თითოეული პრეზენტაცია ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, რადგან საოცარი სითბო, სიყვარული და ინტერესი მოდის მათი მხრიდან. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ პრევენციული ღონისძიებები, განსაკუთრებით საგანმანათლებლო კუთხით, უდიდეს როლს ასრულებს დაავადებების თავიდან აცილებასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

„რეზონანსი": როგორც ვიცი, თქვენ სწორედ პრევენციას, გაკაჟებას და ბუნებრივ ვიტამინებს ანიჭებთ უპირატესობას და არ გიყვართ წამლების დანიშვნა...

მ.კ: დიახ, ჩემთვის მედიცინა არ არის მხოლოდ დაავადების ნოზოლოგია და რეცეპტის გამოწერა, ექიმი ფსიქოლოგი და პაციენტის ოჯახის წევრი უნდა გახდეს. შეისწავლოს და შეიგრძნოს პაციენტის ინდივიდუალიზმი და მხოლოდ ამის შემდგომ მისცეს დანიშნულება. მერწმუნეთ, ეს უფრო ზუსტი და შედეგიანია, ვიდრე უამრავი წამალი ერთად, რომელიც უფრო ვნებს პაციენტის ორგანიზმს, ვიდრე დაავადება.

„რ.": ალბათ დამეთანხმებით, რომ დღეს ძალიან რთულია ჯანსაღი საკვების შერჩევა, რადგან საკვები ხშირად გაჯერებულია პესტიციდებით, ზოგადად კი სიღარიბის პრობლემაც უმწვავესად დგას.

მ.კ: რაც შეეხება კვებას, ეს არის ის აუცილებელი მასალა, რითაც ორგანიზმს ვაშენებთ. თუ საკვები ჯანსაღია, ორგანიზმიც მდგრადია თავისი იმუნური სისტემით, თუ საკვები არაჯანსაღია, ბუნებრივია, საპირისპირო შედეგს ვიღებთ. კვების პრინციპები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წლამდე ასაკში და მოზარდობის პერიოდში. წლამდე ასაკში ჩვენ გემოვნებას ვუყალიბებთ პატარას და ვაჩვევთ სწორი კვების პრინციპებს. აქ უდიდესი როლი დედის მოტივაციას ენიჭება, რომ გამოკვებოს პატარა ძუძუთი ექსკლუზიური ტიპით - 6 თვემდე მხოლოდ ძუძუთი კვება, შემდგომ კი შემატებული საკვები ვიტამინებისა და მინერალების ჩართვით, ასაკობრივი მოთხოვნილების მიხედვით.

რაც შეეხება მოზარდობის პერიოდს, როგორც აღვნიშნე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბალანსირებული კვება. თუ მოზარდი სათანადოდ ვერ იკვებება, აუცილებლად გამოვლინდება სხვადასხვა ტიპის ჩივილებით, მაგალითად, ადვილად დაღლა, უხასიათობა, ყურადღების დეფიციტი, აგრესიულობაც კი. მინდა, გითხრათ, ამ და თითქმის ყველა ავადობის საფუძველს მაინც ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობასთან, ანუ ნუტრიციოლოგიურ დარღვევებთან მივყავართ, ანუ როგორც იტყვიან „ადამიანი არის ის, რასაც ჭამს". აი, თუ როგორ შევაყვაროთ ჯანსაღი და სწორი კვება, ამაში მთავარ რგოლს ასრულებს მშობელი, რადგან ის ყიდულობს პირველად და ასინჯებს იმ არაჯანსაღ პროდუქტებს ბავშვს, რომელსაც თავადაც მიირთმევს. ბუნებრივია, ბავშვიც შესაბამისად ეჩვევა და აღარ უნდა მისთვის რაციონით გათვალისწინებული კვება. ამიტომ, პირველ რიგში, პრობლემა საკუთარ თავში მშობლებმა უნდა ვეძებოთ და გამოვასწოროთ.

„რ.": და მაინც, რა პროდუქტები უნდა მიიღოს მოზარდის ორგანიზმმა?

მ.კ: აუცილებელი პროდუქტები მოზარდის ორგანიზმისთვის, ისევე როგორც ყველასთვის, ცილოვანი, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი პროდუქტებია. ამასთან აუცილებლად გასათვალისწინებელია პროდუქტების შეთავსება მირთმევის დროს. მაგრამ ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეგულარული მოქმედება, რამდენადაც ამ სისტემიდან უნდა მოხვდეს ორგანიზმში ყველა საჭირო ერთეული. შესაბამისად, თუ დარღვეულია მონელების პროცესი, ორგანიზმი ვერ შეითვისებს საკვებს. ე.ი. ორგანიზმი გაღარიბდება საჭირო „მასალით", რაც, თავის მხრივ, იმუნური სისტემის დაქვეითებას გამოიწვევს, იმუნური სისტემა თუ დასუსტდა, მოგეხსენებათ, ხშირი ავადობა უტყუარია. ამ პრინციპით არის, რომ ყველა პაციენტის გასინჯვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ვიწყებ. უნდა ებრძოლო გამომწვევს და არა სიმპტომს.

„რ.": რა მნიშვნელობა ენიჭება მოზარდის ყოფნას ჰაერზე და რამდენად სასარგებლოა ის ჰაერი, რომლითაც დღეს თბილისში მაცხოვრებლები ვსუნთქავთ?

მ.კ: საჭირბოროტო კითხვაა... ერთ-ერთი აუცილებელი პირობა მოზარდის ჯანმრთელობისთვის ფიზიკური აქტივობაა, სუფთა ჰაერზე, თუნდაც ნახევარი საათიც კი, რაც ბედნიერების ვიტამინ D-ს სინთეზს უწყობს ხელს, რომელიც თავის მხრივ უამრავ ბიორეგულაციურ პროცესშია ჩართული. ამიტომ მეტად საჭიროა ურბანულ ზონებში ტყე-პარკების არსებობა, სადაც სისუფთავე უნდა შენარჩუნდეს და ნაგვისა და საკვები ნარჩენები არ უნდა დაიყაროს. ელემენტარულია ყველაფერი „სწორად" და ერთმანეთზე ზრუნვით გავაკეთოთ, მაგ სოფლის მეურნეობაში არ იყოს შხამ-ქიმიკატები გამოყენებული, რომ პროდუქტებს ვიტამინები შეუნარჩუნდეს, გარემო არ დავანაგვიანოთ და დავაბინძუროთ, რომ ისედაც მძიმე ეკოლოგიის პირობებში მცირე ჟანგბადი მაინც შევინარჩუნოთ. ამით როგორც საკუთარ თავზე, ისე გარშემო მყოფებზე განსაკუთრებით ვზრუნავთ. რაც შეეხება თბილისში არსებულ მდგომარეობას, ამაზე სპეციალისტები უკეთ ისაუბრებენ, თუმცა ჩვენ, პედიატრები, მშობლებს დილის საათებში ვურჩევთ გასეირნებას, როცა ჰაერი უფრო ჯანსაღია.

„რ.": რას იტყოდით ამ ბოლო დროს მომრავლებულ ვირუსულ ინფექციებზე? რით შეიძლება, დავიცვათ თავი, თუ ყველა ვირუსი უნდა გადავიტანოთ?

მ.კ: მინდა, გითხრათ, რომ ამ სეზონზე განსაკუთრებულად იჩინა თავი ვირუსებმა სხვადასხვა სახის გამონაყარით, რომელიც ძალიან ჰგავს ალერგიულ გამონაყარს, ამჟამად ვაკვირდები კლინიკო-ლაბორატორიულადაც აღნიშნულ შემთხვევებს და შემდგომ მოგახსენებთ. რაც შეეხება თავიდან აცილებას - აქ უმარტივესი გზა ისევ და ისევ პრევენციაა, ანუ ხშირი განიავება სივრცის, ხელებისა და პირადი ჰიგიენა, იზოლირება ვირუსით დაავადებული პირის.

„რ.": ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ჰიგიენისა და კვებითი უნარების სწავლება სკოლებშიც უნდა დაინერგოს? ასევე ვიცი, რომ გაქვთ სხვა, საინტერესო პროექტებიც...

მ.კ: რაც შეეხება სხვა პროექტებს, ძალიან მინდა მსგავსი აქტივობა გახდეს მასშტაბური, ოფიციალური და თუნდაც თვეში ერთხელ მოხდეს მოზარდებთან შეხვედრა სამედიცინო საფუძვლების განხილვის კუთხით. მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ვთქვით განათლება ამ კუთხით. მოზარდები ხომ პოტენციური მშობლები არიან და ცოდნას შვილებთან მიმართებაში გამოიყენებენ და ა.შ ამასთან მაქვს შემუშავებული პროექტი სპორტსკოლებისთვისაც, რომლის განხორციელებასაც აუცილებლად სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა. იმედია, რომელიმე დონორი ორგანიზაცია ან მთავრობის ადმინისტრაცია მოიწონებს და შევძლებ პროექტის დანერგვას, რომელიც მერწმუნეთ, უდიდეს შედეგს გამოიღებს. ჩვენი თაობის, ჩვენი შვილების სიჯანსაღე ხომ სახელმწიფოს ძლიერებაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×