„ვერ ვიტყვი, რომ ეს დღე პომპეზურად აღინიშნება. ვინც ცოცხლები ვართ, ვიკრიბებით და პატივს მივაგებთ თანამებრძოლებს“
ქეთო გოგოხია
25.04.2024

,,ღვთისა და ერის წინაშე საჯაროდ ვფიცავ, პირნათლად ვემსახურო ჩემს სამშობლოს - საქართველოს, გვფარავდეს ღმერთი!" - 1991 წლის 26 აპრილს, ეროვნული გვარდიის პირველ აღლუმზე, საქართველოს პირველმა პრეზიდენმა ზვიად გამსახურდიამ საზეიმო ფიცის ტექსტი პირველ გვარდიელებს პირადად წაუკითხა. 38 დღით ადრე, 14 აპრილს, უზენაესმა საბჭომ იგი საქართველოს პრეზიდენტად აირჩია. მას შემდეგ ეს დღე საზეიმოდ აღინიშნება, როგორც ეროვნული გვარდიის ფიცის მიღების დღე.

ისტორიული აღლუმი, სანახევროდ შევსებულ ბორის პაიჭაძის სახელობის დინამოს სტადიონზე შედგა, რომელშიც ახლადშექმნილი პირველი და მეორე გვარდიული ბრიგადების, დაახლოებით, 10 ათასამდე ოფიცერმა და ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა.

ყოფილი გვარდიელი, სამხედრო ჟურნალისტი მაიზერ გელოვანი ერთ-ერთია, რომელიც ფიცის მიღების პირველ ცერემონიალში მონაწილეობდა და მას შემდეგ ამ დღეს უკვე ყოფილ თანაგვარდიელებთან აღნიშნავს. ის ,,რეზონანსთან" გვარდიის შექმნის პერიპეტიებს იხსენებს.

მაიზერ გელოვანი: ეროვნული გვარდიის ფიცი 1991 წლის 26 აპრილს მივიღეთ. ფრიად ამაღელვებელი წუთები იყო. ფიცი მთავარსარდალმა, ზვიად გამსახურდიამ მიიღო. დღეს ვამაყობ, რომ ასეთი დიდი საქმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ვიყავი. ეროვნული სულისკვეთება იმდენად მძლავრი იყო, რომ სამხედრო ფორმის ტარება დიდ სიამაყეს იწვევდა. მახსოვს, როგორი გადამდები იყო ემოცია, ხალხი სიხარულით ტიროდა. მთელი სტადიონი ფეხზე იდგა და ტაშს გვიკრავდა. ამის ყველაფრის გადმოცემა დღეს ძალიან ძნელია. ერთი მინდა დავამატო, ჩვენ იმიტომ ჩავიცვით სამხედრო ფორმა, რომ სამშობლო მომხდური მტრისგან დაგვეცვა. არასოდეს არ მიფიქრია იმაზე, რომ ოდესმე ჩემი თანამემამულეებს დავერეოდი საპროტესტო აქციაზე, მითუმეტეს ჩემი შვილის ტოლებს. ეს მინდა ვუთხრა ახლანდელ სპეცრაზმელებს, რომელთაც სამშობლოს სადარაჯოზე დგომას ვურჩევ და თავი დაანებონ ახალგაზრდა თაობას, რომლებიც სრულიად სამართლიანად იბრძვიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, რაც ჩვენ მოვიპოვეთ.

,,რეზონანსი": როგორ აღინიშნება დღეს 26 აპრილი, როგორია ტრადიცია?

მ.გ: ვერ ვიტყვი, რომ ამ თარიღის აღნიშვნა რაიმე პომპეზური ფორმით ხდებოდეს. ჩვენთვის, ვინც კიდევ ვართ ცოცხლები, ვიკრიბებით და პატივს მივაგებთ თანამებრძოლებს, ყოფილ თანაგვარდიელებს. როგორიც არ უნდა იყოს, ჩვენთვის 26 აპრილი დიდი ისტორიული დღეა, შეუძლებელია, უბრალოდ ჩაიაროს ამ თარიღმა, ჩვენთვის ეროვნული მეობის, მრწამსის და გამარწვების სიმბოლოა, ასეც დარჩება! ეს იყო ჩვენი ერთიანობის დღე, რაც დიდხანს ვერ გაგრძელდა. სამწუხაროდ, მერე ისე მოხდა, რომ რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურების მიერ ბევრი მუშაობით და ჩვენი თანამემამულეების ღალატის შედეგად ეროვნული გვარდია ორად გაიყო და ერთმანეთს დავუშინეთ ტყვია რუსთაველის გამზირზე. ეს არის ერთერთი დიდი სამარცხვინო ფურცელი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე. ამას მოჰყვა ეროვნული ხელისუფლების დამხობა. ქვეყნის შიგნით განუკითხაობა, ქაოსი, ყაჩაღობა, ძარცვა, ქურდობა და უამრავი სხვა საშინელი ფაქტები.

„რ.": თანაგვარდიელები როგორ აღნიშნავთ 26 აპრილს, რაიმე ტრადიცია ხომ არ გაქვთ, რაც წლიდან წლამდე ურღვევია?

მ.გ: განსაკუთრებული არაფერი ხდება. არვის მივიწვევივართ და არც ვფიქრობ, რომ ეს დღე ვინმეს გაახსენდეს, როგორც ჩანს, სხვა ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია. თუმცა არ გვავიწყდება ჩვენ, ყოფილი გვარდიელები შევხვდებით და ამ დიდებულ დღეს ერთმანეთს და მივულოცავთ, ალბათ, სულ ეს არის!

„რ.": სულ ახლახან 9 აპრილი აღნიშნა ერმა, რას გვასწავლის უახლესი ისტორია, რა გამოწვევების წინაშეა დღეს წლების წინ მოპოვებული თავისუფლება?

მ.გ: საქართველოს მდგომარეობა ისეთი იყო, რომ მუდმივად უწევდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. ამას ვერც ჩვენი თაობა ასცდა და მოგვიწია რუსეთის იმპერიის შემადგენლობიდან თავის დასაღწევად თავდადებული ბრძოლა. ამის ნათელი მაგალითია 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი დარბევა თბილისში, ცენტრალურ გამზირზე. თუმცა არც შემდეგ გაჩერებულა საქართველოში ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, თორნიკე ფიფია, თამაზ ჟორჟოლიანი, ერეკლე საღლიანი, ირაკლი წერეთელი და კიდევ უამრავი ღირსეული მამულიშვილი. დიდი ბრძოლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.

პარალელურად ზვიად გამსახურდიას ბრძანებით შეიქმნა ეროვნული გვარდია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს მოხდა პირველად. რაც ხალხს ძალიან მოეწონა და სიხარულით შევიდა უამრავი ადამიანი ეროვნულ გვარდიის რიგებში. მაშინ ყველა ერთიანი იყო და სწორედ ეს ერთიანობა მინდა ვისურვო. ამასთან, ჩვენი დღევანდელი ყოფა - სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, მანამდე საქართველო წელში ვერ გასწორდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×