თამთა ჩაჩანიძე
10.06.2021

ახლობლები, კოლეგები და თანამოაზრეები ეჭვობენ, რომ საგანმანათლებლო ქსელ „საპატის" სკოლების ყოფილი დირექტორი ორჰან ინანდი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკიდან უცნობმა პირებმა გაიტაცეს. აღსანიშნავია, რომ „საპატის" ქსელს დევნილი თურქი თეოლოგის ფეთჰულა გიულენის მოძრაობას უკავშირებენ.

გიულენი, რომელიც ერთ დროს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მოკავშირე იყო, ახლა მის მთავარ ოპონენტად მოიაზრება და პოლიტიკური დევნის ობიექტია.

ამავე დროს თურქეთის უშიშროების სამსახურის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად კენიაში დააკვეს და თურქეთში გადაიყვანეს ფეთჰულლაჰ გიულენის ძმისშვილი სელაჰადდინ გიულენი.

თურქეთის პრემიერ მინისტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ფაქტთან დაკავშირებით ნათქვამია: „სახელმწიფოს მეთაურმა სპეც-დანიშნულების ერთეულზე გასცა ბრძანება ყირგიზეთის მოქალაქის ადგილსამყოფელის მოძიების მიზნით შესაბამისი ზომების მიღების თაობაზე". შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირის დაკავების მიზნით წამოიწყო შესაბამისი ღონისძიებები.

„საპატის" სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები შეიკრიბნენ ბიშკეკში მდებარე თურქეთის საელჩოს წინ და გააპროტესტეს ყოფილი დირექტორის გატაცების ფაქტი. მათ ყირგიზულ და რუსულ ენებზე შემდეგი შინაარსის პლაკატები ეჭირათ: „სად არის ბატონი ორჰანი?"

როგორც ორჰან ინანდის მეუღლე რეიჰანმა აღნიშნა, „მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მისი გატაცების თვითმხილველი, ვეჭვობ რომ ის თურქეთშია გატაცებული და ვშიშობ მის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე".

ოქტიაბრსკოიეს პოლიციის ცნობის მიხედვით, ინანდის კუთვნილი ავტომობილი ნაპოვნი იქნა დილის 04:20-ზე, ღია კარით. პოლიციამ აგრეთვე აღნიშნა, რომ დაწყებულია გამოძიება კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით"

„საპატის" სკოლების დირექტორატმა გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ ორჰან ინანდისთან დაკავშირება ვერ ხერხდება.

ორჰან ინანდი გახლავთ ყირგიზეთის მოქალაქე 1995 წლიდან, ხოლო 2001 წლიდან მოყოლებული იგი გახლდათ „საპატის" საერთასორისო დაწესებულებების დამფუძნებელი საბჭოს დირექტორი.

ორგანიზაცია, რომელიც თურქეთში დაფუძნდა 1992 წელს „სებატ ეგიტიმის" სახელით, 2017 წელს გადატანილ იქნა ყირგიზეთში და დაერქვა „საპატ ეგიტიმი".

ინციდენტს საერთაშორისო გამოხმაურებაც მოჰყვა. ყოფილმა ევროპარლამენტარ რებეკა ჰარმსმა მწვავე შეფასება მისცა ხსენებული გატაცების ფაქტს. იგი კითხვით მიმართავს გაეროს და ყირგიზეთის მთავრობას და სთხოვს გაარკვიონ, თუ სად იმყოფება ორჰან ინანდი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×