ხატია ბერიძე
22.12.2021

რუსეთი აცხადებს, რომ ნატოს გაფართოება მათთვის „წითელი ხაზების" გადაკვეთას ნიშნავს, ხოლო ალიანსი მიიჩნევს, რომ სფეროების გავლენის ხანა დასრულდა და ცივილური დიალოგის დროა, წინააღმდეგ შემთხვევაში კოლექტიური თავდაცვის პოზიციებს გააძლერებს. ანალიტიკოსები მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევას გამორიცხავენ, რადგან რუსეთი კომპრომისზე წამსვლელი არ არის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თუ ნატო გაფართოვდება, ამით „წითელ ხაზებს გადაკვეთავს".

„ჩვენ არ გვისაუბრია ჰიპოთეტურ სცენარებზე, მათ შორის საქართველოს ნატოში ძალით გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. ჩვენი პოზიცია ნატოს გაფართოებაზე ნათელია - ეს იქნება „წითელი ხაზი", თუ ალიანსი გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან უფრო და უფრო მეტად მოახლოებას", - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვისვე განცხადებით ,,რუსეთი გულწრფელად არის დაინტერესებული, თავიდან აიცილოს მოვლენების ნეგატიური განვითარება იმ სცენარის მიხედვით, რომელსაც ნატოს ზოგიერთი სტრატეგი აყალიბებს, ამას ადასტურებს რუსეთის წინადადება უსაფრთხოების გარანტიებს შექმნის შესახებ".

რაც შეეხება ნატო-ს პოზიციას, ალიანსის გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ გავლენების სფეროების ხანა დასრულდა და ნატო რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა.

„რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და ნატო-ს შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. ეს უნდა მოხდეს ნატო-ს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან კონსულტაციით."

„ნატო ყოველთვის მტკიცედ უპასუხებს ალიანსის უსაფრთხოების წინაშე მდგარ ნებისმიერ საფრთხეს, საჭიროების შემთხვევაში კი გააძლიერებს კოლექტიური თავდაცვის პოზიციებს", - განაცხადა სტოლტენბერგმა

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ,,რეზონანსთან" დასავლეთისა და რუსეთის მოლაპარაკების სავარაუდო სცენარის განხილვისას, აცხადებს, რომ რუსეთი კომპრომისზე არ წავა და არც კონსენსუსის მიღწევის რაიმე სხვა შესაძლებლობა არსებობს.

„ლავროვი რუსეთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული ხელშეკრულების მიხედვით საუბრობს, ხელშეკრულება სწორედ მსგავსი საკითხების შესახებ დეტალური გათვლებისთვის შეიქმნა. დოკუმენტი სრულად პუტინის ინტერესებზეა აწყობილი. მასში დეტალურადაა აღწერილი, რომ რუსეთი არ დაუშვებს საქართველო-უკრაინის ნატოში შესვლას.

"მისი ნახვა უკვე შეუძლებელია, რადგან ეს ინფორმაცია ყველა გვერდიდან აიღეს, მაგრამ მე იმ დოკუმენტის გაცნობა მოვასწარი, სადაც გარკვევით ეწერა, რომ რუსეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მეტიც, არ დაუშვებს."

„გარდა ამისა, ჩემი აზრით, რუსეთი ამ ყველაფრის პარალელურად მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკასთანაც, სადაც ამ პოზიციას ღიად აფიქსირებს. მაგრამ, ვიმედოვნებ ამერიკა საქართველოსა და უკრაინის ინტერესების დაცვას ნატოსთან ერთად განაგრძობს და რუსეთს არაფერზე არ დათანხმდება.

„ასევე, დარწმუნებული ვარ რომ რუსეთი კომპრომისზე წასვლას არ აპირებს, ამიტომ ნატო-რუსეთს შორის კონსესუსის მიღწევა ძალიან რთული იქნება. ისინი მოლაპარაკებებს სავარაუდოდ იანვარში გამართავენ. ამ მოლაპარაკების შემდეგ გავიგებთ რას უნდა ველოდოთ რუსეთისგან, მაგრამ დარწმუნებული ვარ დასავლეთი უკრაინა-საქართველოს ინტერესებს მაქსიმალურად დაიცავს და კრემლს არ მისცემენ საშუალებას ამ ქვეყნებს მომავალი საგარეო პოლიტიკა განუსაზღვრონ", - განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×