თამთა ჩაჩანიძე
25.05.2022

ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი ტრაგედია აშშ-ში - შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ტექსასის შტატის ქალაქ იუვალდის დაწყებით სკოლაში. მოკლულია სულ მცირე 21 ადამიანი, მათ შორის 19 ბავშვი. პოლიციის ინფორმაციით, შენობაში ცეცხლი 18 წლის ადგილობრივმა მკვიდრმა გახსნა, რომელიც გამოძახებულმა პოლიციელებმა მოკლეს. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ანალიტიკოსთა აზრით, მასობრივი სროლების მზარდ ტენდენციას ხელს უწყობს ის, რომ იარაღის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრებაზე პოლიტიკურ პარტიებში კონსენსუსი ჯერჯერობით არაა.

ინციდენტისას დაშავებული 13 მოსწავლე კი უვალდეს საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. გამოძიების პროცესში ჩართულია გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI). დაწყებით სკოლაში ხუთიდან თერთმეტ წლამდე ასაკის მოსწავლეები სწავლობდნენ. სამართალდამცავების ცნობით, თავდამსხმელი AR-15 ტიპის ნახევრად ავტომატური შაშხანით იყო შეიარაღებული.

ტექსასის სკოლაში მომხდარ სროლას მაშინვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ბავშვის დაკარგვა საკუთარი სულის ნაწილის დაკარგვას ნიშნავს და ეს არის გრძნობა, რომელიც გახრჩობს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკელებს მოუწოდა, რომ დროა იმოქმედონ და წინააღმდეგობა გაუწიონ მათ, ვინც იარაღის თავისუფლად ფლობას ლობირებს.

"როცა პრეზიდენტი გავხდი, იმედი მქონდა, რომ ამის გამეორება აღარ მომიწევდა - მორიგი ხოცვა-ჟლეტა. უვალდე, ტექსასი. დაწყებითი სკოლა. ლამაზი, უდანაშაულო მეორე, მესამე, მეოთხე კლასელები. ათობით პატარა ბავშვი, ვინც მომხდარის მომსწრე გახდა და მათი მეგობრების სიკვდილი ნახა, თითქოს ისინი ბრძოლის ველზე არიან.

„ბავშვის დაკარგვა სულის ნაწილის ამოგლეჯას ჰგავს. რატომ ვართ თანახმა ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? როგორ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს მოხდეს? უბრალოდ არასწორია, 18 წლის ბავშვს შეეძლოს მაღაზიაში შესვლა და იარაღის ყიდვა. დროა ვიმოქმედოთ და არავინ მითხრას, რომ ჩვენ არაფრის შეცვლა შეგვიძლია," - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის განკარგულებით, მსხვერპლთა პატივსაცემად, თეთრ სახლსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაუშვეს.

აშშ-ში იარაღის ტარება კონსტიტუციის მეორე შესწორებითაა გარანტირებული, თუმცა მისი ტარების წესები სხვადასხვა შტატში განსხვავებულია. ბაიდენის ერთ-ერთი დაპირება ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრება იყო, თუმცა, კონგრესში საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს.

ჩვენი ქვეყანა პარალიზებულია არა შიშით, არამედ იარაღის ლობით და პოლიტიკური პარტიით, რომლებმაც არ გამოავლინეს მზადყოფნა რაიმე გზით იმოქმედონ, რაც ხელს შეუწყობს ამ ტრაგედიების თავიდან აცილებას, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა "ტვიტერზე" წერს და ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარ სროლას ეხმაურება.

„მშობლები აწვენენ შვილებს საწოლებში, უკითხავენ ზღაპრებს, უმღერიან იავნანას - და გონებაში ისინი წუხან იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ მას შემდეგ, რაც ბავშვებს სკოლაში, სასურსათო მაღაზიასა თუ სხვა საჯარო სივრცეში წაიყვანენ.

„სენდი ჰუკიდან თითქმის ათი წლის შემდეგ - და ბუფალოდან ათი დღის შემდეგ - ჩვენი ქვეყანა პარალიზებულია არა შიშით, არამედ იარაღის ლობით და პოლიტიკური პარტიით, რომლებმაც არ გამოავლინეს მზადყოფნა რაიმე გზით იმოქმედონ, რაც ხელს შეუწყობს ამ ტრაგედიების თავიდან აცილებას. უკვე დიდი ხანია არის მოქმედების, ნებისმიერი სახის ქმედების დრო,"- წერს ყოფილი პრეზიდენტი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ემოციური გამოსვლა ჰქონდა სენატორ ქრის მერფის.

„რას ვაკეთებთ?... რას ვაკეთებთ?... ეს მხოლოდ ამ ქვეყანაში ხდება და სხვაგან არსად. სხვაგან არსად არ პატარა ბავშვები სკოლაში იმაზე ფიქრით დადიან, რომ შეიძლება დღეს ესროლონ"- განაცხადა სენატში სიტყვით გამოსვლისას ქრის მერფიმ.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-ში ბევრი იარაღის ტარების უფლებას ბოროტად იყენებს, თუმცა, კონგრესში კანონის გამკაცრებისთვის ხმები გაყოფილია.

„1787 წელს, როცა აშშ-მა კონსტიტუცია მიიღო, იქ საუბარი იყო იარაღის ტარების უფლებაზე, ოღონდ თავდაცვის მიზნით, ამიტომაც ძალიან ბევრი თვლის, რომ თუნდაც იგივე პოტენციური კრიმინალისგან, ან ტერორისტისგან თავდაცვის მიზნით ამერიკის მოქალაქე იარაღს საჭიროებს. ამიტომაცაა აზრთა სხვადასხვაობა.

„ამ შემთხვევაში, როცა იარაღის ტარების უფლება ბევრს აქვს, ნაწილი მას ამ უფლებას ბოროტად იყენებს, მთავარი პრობლემაც აქედან იქმნება. იარაღის ტარების კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით ხმები გაყოფილია, მათ შორის დემოკრატების და რესპუბლიკელების შიგნითაც.

„სამწუხაროდ შემთხვევები ხშირადაა. როცა მოსწავლეებს ნერვული სტრესი აქვთ მკვლელობას მიმართავენ ხოლმე. ამის აღმოფხვრა კანონის გამკაცრების გარეშე ცოტა გართულებულია.

„მაშინ, იარაღის გაცემა კონკრეტული დოკუმენტების საფუძველზე უნდა იყოს. ნებადართული, იყოს მაგალითად იმ ადამიანზე, ვისაც მენტალური პრობლემები არ გააჩნია, ან უბრალოდ ნებადართული იყოს იარაღის მხოლოდ შენახვა, მაგრამ არა ტარება. როცა იარაღს ინახავ, ამ შეთხვევაში შეგიძლია მხოლოდ თავდაცვის მიზნით გამოიყენო, თუ სახლში ვიღაცა გივარდება.

„თუმცა შესაძლოა გაწონასწორებული ადამიანიც იყოს, მაგრამ ვიღაცასთან კონფლიქტი მოუვიდეს, მწყობრიდან გამოვიდეს და აფექტის საფუძველზე ესროლოს",- განაცხადა ჩიტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×