ბაჩანა ტყემალაძე
14.03.2023

სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკო ფაშინიანმა 14 მარტს ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთის საზღვრის გასწვრივ და მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანთან კონფლიქტის გამწვავების ალბათობა დღითიდღე იზრდება. ნიშნავს თუ არა ეს ახალი ომის მოახლოებას სამხრეთ კავკასიაში, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საკმაოდ დაიძაბა ვითარება აზერბაიჯანსა და სომხეთის მოკავშირე ირანს შორის?

ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის ხელისუფლებას კონფლიქტის შესაძლო ესკალაციაზე გარკვეული მონაცემები აქვს.

„ჩემი დასკვნა ეფუძნება აზერბაიჯანის რიტორიკის მზარდ აგრესიულობას და ასევე გვაქვს გარკვეული სხვა მონაცემებიც. ჩვენ დარწმუნებული ვართ და 100%-ით ვიცით, რომ სომხეთი საერთოდ არ არის აგრესიული ქმედებების ინიციატორი და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები მოგვეწვია. აზერბაიჯანი ამ ინიციატივაზე თავიდან დაგვთანხმა, შემდგომ კი უარი განაცხადა. დღეს კი ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განაცხადოს, რომ ლაჩინის დერეფნის ბლოკადისა და მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის არსებობის გათვალისწინებით ესკალაციის საფრთხე ძალიან", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული პრობლემების პარალელურად, ირან-აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა.

11 მარტს აზერბაიჯანში ირანის ელჩი სეიდ აბას მუსავი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 11 მარტს, ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო თვითმფრინავი 09:44 საათიდან 10:26 საათამდე სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს და ზოგ შემთხვევაში, უშალოდ საზღვრის თავზე დაფრინავდა.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო თვითმფრინავის ასეთი მიახლოება ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვართან და შემდგომ მსგავსი მარშუტით ფრენა ეწინააღმდეგება მეზობელი სახელმწიფოს ადრეული გაფრთხილების საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკას სახელმწიფოსთან სამხედრო თვითმფრინავების მიახლოების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

ამის გარდა, აზერბაიჯანში აქტიურად დაიწყეს პროირანული განწყობის მქონე სასულიერო პირების დაპატიმრება. ადგილობრივი მედიის ცნობით, სუ 32 შიიტია დაკავებული.

გარდა ამისა, უკვე 3 კვირაა შეფერხებულია აზერბაიჯანული ტვირთების გატარება ირანის საზღვარზე, რაშიც აზერბაიჯანული მხარე ირანელ მებაჟეებს ადანაშაულებს.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ირან-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა მეტად აღარ დაიძაბება, მაგრამ სამხედრო კონფლიქტის გაღვივებას არ გამორიცხავს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

„ირანსა და აზერბაიჯანს შორის ეჭვი მეპარება, რომ ამაზე მეტა დაიძაბოს ვითარება. მათ შორის ბევრი საკითხია მოსაგვარებელი, მაგრამ სამომავლო კონფლიქტის ნიშნები ნამდვილად არ ჩანს.

„აზერბაიჯანის მთავრობა პერიოდულად მეტნაკლებად ებრძვის ექსტრემისტულ ირანულ რელიგიურ ჯგუფებს და ამაზე რთული სიტუაციაც ყოფილა, როდესაც საკმაოდ ბევრი ადამიანი დააკავეს, მაგრამ ირანი პროტესტის იქით ჯერ არ წასულა.

„სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ესკალაცია კი უფრო რთული შეიძლება იყოს, რადგან არც ერთი მხარე არ თმობს თავის პოზიციებს.

„აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთელი ყარაბაღი მისი სუვერენული ტერიტორიაა და თავად უნდა განკარგოს იგი, ეს იქნება წიაღისეულის მოპოვება, თუ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვა. ისინი სულ უფრო ხშირად ავლენენ უკმაყოფილებას რუსეთის სამშვიდობო ძალების მიმართ, რომლებიც, მათი აზრით, პასიურობენ და არ იცავენ აზერბაიჯანის სუვერენიტეტს.

„აზერბაიჯანის მსგავსად სომხეთიც დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს რუსი სამშვიდობოების მიმართ, რომ ისინი არ იცავენ ლაჩინში ყარაბაღის ტერიტორიაზე დარჩენილ სომხებს და ხელს უწყობენ სომეხთა ეთნიკურ წმენდას.

„საბოლოო ჯამში, რომც განვითარდეს სამხედრო კონფლიქტი, ძალები არათანაბარია და იგი მალე ჩაცხრება, რადგან რეგიონში არც რუსეთს არ აწყობს კონფლიქტის სერიოზული განვითარება იმის გამო, რომ იგი ვერაფრით დაეხმარება სომხეთს და გამოვა, რომ აზერბაიჯანის მხარეს დგას. ეს ყველაფერი კი სომხეთში რუსეთის რეპუტაციას კიდევ უფრო მეტად შელახავს.

„აქედან გამომდინარე, რეგიონში ერთადერთი მოთამაშე აზერბაიჯანია, რომელსაც ზურგს თურქეთი უმაგრებს. სომხეთი და რუსეთი კი იძულებული არიან აზერბაიჯანის მოქმედებებს უპასუხონ, ან ანგარიში გაუწიონ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×