თამთა ჩაჩანიძე
14.03.2023

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება კვლავ მძიმეა. ყველაზე ცხელი წერტილი ბახმუტი-უგლედარის მიმართულებაა. ამასთან, დიდი დაანონსებული შეტევის მოლოდინია, თუმცა როგორც უკრაინაში ზოგიერთი მაღალჩინოსანი აცხადებს, ქვეყანას გამოცდილი სამხედროებისა და საბრძოლო მასალის სერიოზული დეფიციტი შეექმნა, რის გამოც ამ კონტრშეტევის დაწყებას ეჭვქვეშ აყენებენ.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ეს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ნაწილი იყოს, რადგან უკრაინას სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ აქვს - თუ ორგანიზებულ შეტევას ახლა არ დაიწყებენ, ომი გაჭიანურებულ ფაზაში გადავა, რაც კიევის გეგმებში არ შედის.

ნაწილი ანალიტიკოსებისა აცხადებს, რომ რუსებმა მოახერხეს და უკრაინელები ბახმუტისთვის ბრძოლაში ჩაითრიეს, რაც „უკრაინელების მხრიდან ოპერატიული შეცდომა იყო". ამან კი, მათი აზრით, შესაძლოა დიდი შეტევის მასშტაბები შეამციროს და მიმართულებაც კი შეცვალოს, რადგან მანამდე კონტრშეტევის ოპტიმალურ ვარიანტად სამხედრო ექსპერტები სამხრეთ უკრაინას ასახელებდნენ.

რაც შეხება ფრონტზე არსებულ სიტუაციას, როგორც ექსპერტები ამბობენ, ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება, რუსები ქალაქის ცენტრში შევიდნენ და ამის პარალელურად უკრაინული ნაწილების ალყაში მოქცევას ცდილობენ. ფრონტის სხვა მონაკვეთებზე კი პოზიციურტი ბრძოლებია.

ყველაზე ცხელი წერტილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. რუსულმა ძალებმა 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის სუმისა და დონეცკის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. არიან დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები. ასევე, მტერმა განახორციელა 35 საჰაერო დარტყმა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 76-ჯერ გახსნა.

მათივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგე ქალაქ ბახმუტის აღების მცდელობებს არ წყვეტს. უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტრის შეტევები მოიგერიეს ვასიუკოვკას, მინკოვკას, ორეხოვო-ვასილევკას, დუბოვო-ვასილევკას, ბახმუტის, გრიგორევკას და ივანოვსკოეს დასახლებებში.

მათივე ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ 10 დარტყმა მიაყენა იმ ტერიტორიებს, სადაც ოკუპანტები იყვნენ კონცენტრირებული, „სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი დაარტყეს მოწინააღმდეგის პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 5 ადგილს, 3 საბრძოლო საცავსა და მტრის ელექტრონულ საბრძოლო აღჭურვილობას".

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსს" უყვება, ახლა ფრონტზე ყველაზე რთული და ცხელი წერტილი ბახმუტი-უგლედარის მონაკვეთია.

„რუსები უკვე ახალი ტიპის შეიარაღების კომპონენტებს იყენებენ, ბალისტიკურ სარაკეტო კომპლექს „გრომს", რომელიც მართვადი საავიაციო ყუმბარაა. ახალ სამხედრო ტექნოლოგიას ცდიან. პირველად ის 2018 წელს აბუ დაბის შეიარაღების საერთაშორისო ბაზარზე გამოჩნდა და ახლა საშუალება მიეცათ და გამოსცადეს. ამასთან უკრაინის სამხედრო სამრეწველო კომლექსიც ვითარდება, ბრძოლაში ახალი ტიპის შეიარაღების მოდელებს იყენებენ.

„დღეს ყველაზე ცხელი წერტილი ბახმუტი და უგლედარის მოანკევეთია. მხარეებისგან ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციებია და ეს საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის გამოძახილია. როგორც ჩანს, უკვე სამხედრო ცენზურაცაა შემოსული და საკითხებს პროპაგანდისთვის იყენებენ. ამიტომ რეალობის გარკვევა უკვე გართულდა.

„ჯერჯერობით არცერთ მხარეს წინსვლა არ აქვს. ბახმუტში სიტუაცია იგივეა, მხარეები ქალაქს თითქმის ნახევარი-ნახევარზე აკონტროლებენ. კარდინალურად არაფერი შეცვლილა. რუსები ცდილობენ ბახმუტში თავდაცვის მეორე ხაზი მაინც დაიკავონ და მესამე ეშელონის მიმართულებით წავიდნენ. ეს სლავიანსკი-კრამატორსკი-ჩასოვ იარის მხარეა და კრამატორსზე სარაკეტო შეტევაც იყო. ამ ხაზზე წყდება უკრაინის ომის ბედი. რომელი მხარე მოიგებს - ამით ბევრი რამე იქნება გადაწყვეტილი.

„სხვა მიმართულებებს რაც შეეხება - ხერსონს, ხარკოვსა და ზაპოროჟიეს - იქ პოზიციური ბრძოლებია. მაინცდამაინც არცერთი მხარე არ აქტიურობს. უფრო მსხვილი სადაზვერვო დივერსიული ჯგუფებია, რომლებიც მოწინააღმდეგის სუსტ წერილებს აფიქსირებენ და დაპირისპირება ტაქტიკურ დონეზე მიდის", - განაცხადა მაისაიამ.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა მთავარი დატვირთვა დონბასზეა გადატანილი, ყველაზე მძიმე ვითარება კი ბახმუტშია.

„მთავარი დატვირთვა დონბასის მიმართულებაზეა. რუსები უტევენ და მათ მცირე წინსვლა აქვთ, უკრაინელები კი იგერიებენ და ჯერჯერობით წარმატებით. თუმცა, რუსებმა შეძლეს და ბახმუტის ცენტრში შევიდნენ და უკვე მდინარის (ბახმუტკას) მეორე ნაპირზე არიან. იქ ქარხანა „აზოტია" და ბრძოლები იმ ტერიტორიაზე მიდის.

„ამავე დროს რუსები ბახმუტის გარშერმო ალყის შეკვრას ცდილობენ, ჩრდილოეთდან და სახმრეთიდან მათ გარკვეული წარმატება აქვთ.

„რუსები ჯერჯერობით ბახმუტს ვერ იღებენ, ალბათ უახლოეს კვირის ბოლომდე ამ მიმართულებაზე უკრაინელების გააქტიურება იქნება, თუმცა არ ვიცი ეს შეტევა იქნება თუ დაცვის გაძლიერება", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

დაიწყებენ თუ არა უკრაინელები დიდ შეტევას

გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი" უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდობით წერს, რომ უკრაინას გამოცდილი სამხედროებისა და საბრძოლო მასალების დეფიციტი შეექმნა, ეს სიტუაცია კი, წყაროს თქმით, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გაზაფხულისთვის დაანონსებული დიდი კონტრშეტევის წარმატებაში დარწმუნებულები იყვნენ.

როგორც გამოცემას ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი უყვება, რესურსი და საბრძოლო მასალების მარაგი იმის საშუალებას იძლევა, რომ მტერს აქტიურად შეუტიონ. შესაბამისად, ეს დეფიციტი უკრაინულ მხარეს აიძულებს, რომ თავდაცვით რეჟიმში გადავიდეს.

„პირადად მე თუ მკითხავთ, იმის დაჯერება მინდა, რომ დიდი კონტრშეტევა იქნება, მაგრამ როცა რესურსს ვუყურებ, ჩემს თავს ვეკითხები - რითი?

„თქვენ იცით, რომ როდესაც შეტევაზე მიდიხარ, ორ-სამჯერ მეტ სამხედროს კარგავ, ჩვენ კი ამდენი ადამიანის დაკარგვა არ შეგვიძლია", - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან" უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.

ამავე სტატიის მიხედვით, დასავლეთის ოფიციალური პირებს აქვთ ინფორმაცია, რომ საბრძოლო მოქმედებებისას 120 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა, ხოლო რუსეთის მხრიდან დანაკარგი 200 000-ია. თუმცა, რუსეთის შეიარაღებული ძალები უფრო მრავალრიცხოვანია და რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა სამჯერ აღემატება უკრაინისას. ამასთან დასძენენ, რომ უკრაინა დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ყველაზე მტკიცე მოკავშირეებსაც კი არ უზიარებს.

აშშ-ის ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ დღეს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მდგომარეობას სრულად არ ასახავს, რადგანაც კიევი სამხედროების ნაწილს განცალკევებით წვრთნის და არ რთავს მათ ბახმუტისთვის მიმდინარე ბრძოლაში. ანალოგიური განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმაც.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს უფრო საინფორმაციო ომის ნაწილს ჰგავს.

„ეს უფრო საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მსგავსი ინფორმაციები გაავრცელონ. უკრაინელებს სხვა გზა და ალტერნატივა არც აქვთ - თუ შეტევაზე არ გადავლენ, ომი გაჭიანურებულ ფაზაში გადავა და ეს არ აწყობთ.

„ლოჯისტიკასთან დაკავშირებით პრინციპში ორივე მხარეს სერიოზული პრობლემები აქვს. ეს უფრო ბახმუტს ეხება, თორემ სხვა მიმართულებით უკრაინელები მოწინააღმდეგის შეტევებს წარმატებით იგერიებენ.

„როგორც ჩანს, ახლა უკრაინის მხრიდან ძალების კონცენტრაცია და გეგმიური როტაცია ხდება. ადრევე იყო ნათქვამი, რომ სამ საარმიო კორპუსს აყალიბებენ, რომელიც ოპერატიულ-სტრატეგიულ დონეზე შეტევების განხორციელებისთვის აუცილებელია.

„ახლა გამოცდილი ჯარისკაცების დეფიციტი შესაძლოა იყოს, რადგან მათი ნაწილი საზღვარგარეთ ნატოს ბაზებზე მომზადებას გადიან და ბუნებრივია, სანამ ისინი ჩამოვლენ და ფრონტზე გავლენ, ამას დრო სჭირდება. ამას ამინდიც არ უწყობს ხელს.

„შეიარაღების შევსებაზე პრობლემები რუსებსაც აქვთ - ტყვია-წამალს, ხელყუმბარებს და სარაკეტო საარტილერიო სისტემის კომპონენტებს ირანიდან იღებენ, ასევეა უკრაინაც დასავლეთის დახმარების თვალსაზრისით.

„უკრაინას ქვეყნის შიგნით ამის პოტენციალი აქვთ. ასევე არის რესურსებიც რომ შესაბამისი შენაერთები და ქვედანაყოფები ჩამოაყალიბონ. მგონია, რომ ეს დიდწილად საინფორმაციო ომის ნაწილია, რადგან 2023 წელს ომი უკვე სხვა პრინციპებზე გადადის და თითოეული ინფორმაციის გაჟღერება და დაფიქსირება უპირატესობის ხელში ჩაგდებას იწვევს", - განაცხადა მაისაიამ.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ შეტევა იქნება, თუმცა, შესაძლოა, დიდი კონრტიერიში ვერ მოხერხდეს იმის გამო, რომ რუსებმა უკრაინელები ბახმუტისთვის ბრძოლაში ჩაითრიეს, რასაც დიდი რესურსი დასჭირდა.

„რუსებმა მოახერხეს და უკრაინელები ბახმუტისთვის ბრძოლაში და პოზიციურ დაპირისპირებაში ჩაითრიეს, რაც, ჩემის აზრით, უკრაინელების მხრიდან ოპერატიული შეცდომა იყო. უკრაინის ხელისუფლებამ და გენშტაბმა ჩათვალა, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა სიმბოლური და გარკვეული იდეის მატარებელია და სამხედრო მიზანშეწონილობა პოლიტიკურ-ემოციურმა გადაწყვეტილებამ გადაწონა.

„ამ სატრანშეო დაპირისპირებაში რუსებს დიდი დანაკარგი აქვთ, მაგრამ დანაკარგი უკრაინელებსაც აქვთ. ჩემი აზრით, ის რესურსები, რომელიც უნდა მოეგროვებინა და დასავლეთში მომზადებული დანაყოფებით დარტყმითი დაჯგუფება გაეკეთებინა, ამას უკრაინული მხარე ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ნაწილ-ნაწილ დანაკარგებს ავსებენ და მთელი რესურსი ბახმუტის მიმართულებაზე მიდის, რაც რუსეთს აწყობს.

„ჩემი აზრით, შეტევა იქნება, მაგრამ არა ოპერატიული დიდი დარტყმა, რომელსაც ზოგადად ყველა ველოდით. როგორც ჩემთვის ცნობილია, უკრაინა გარკვეულ დაჯგუფებას ამზადებს, მაგრამ ეს იქნება ისევ ბახმუტის მიმართულებაზე, რათა აქ ზეწოლა შემცირდეს. ეს შეტევა უფრო ტაქტიკური იქნება, ვიდრე დიდი ოპერატიული დონის", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×