ნაზი ბერიძე
14.04.2023

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის თქმით, თუ უკრაინა რუსეთთან დამარცხდა, ჩინეთი შეიძლება, მალევე შეიჭრას ტაივანში. როგორ მოიქცევა ჩინეთი თუ უკრაინა წააგებს, რა რეაქციები ექნება ევროპას ამასთან დაკავშირებით, დაუპირისპირდება თუ არა იგი ამერიკას, საკითხზე „რეზონანსს" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ესაუბრა.

„ღმერთმა არ ქნას, თუ უკრაინა დამარცხდება, თუ უკრაინას დაიპყრობენ, მეორე დღეს ჩინეთი შესაძლოა, თავს დაესხას ტივანს. ვხედავ ძალიან ბევრ კავშირს, ძალიან ბევრ ურთიერთდამოკიდებულებას უკრაინაში არსებულ სიტუაციასა და ტაივანის სიტუაციას შორის", - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.

მანამდე, ჩინეთში ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ „ევროპა არ უნდა იყოს ტაივანის საკითხზე აშშ-ის პოზიციის მიმდევარი და უნდა აირიდოს თავიდან იმ კრიზისებში ჩათრევა, რომლებიც ევროპის არ არის".

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" ეჭვქვეშ აყენებს საკითხს ასე დაყენებას, რომ უკრაინის მარცხის შემთხვევაში, ჩინეთი აუცილებლად შეიჭრება ტაივანში, რადგან, მისი თქმით, ტაივანის დაბრუნებას ჩინეთი ისედაც აპირებდა. ვარაუდობს, შესაძლოა აქ მორავეცკი იმას გულისხმობდა, რომ ჩინეთი რუსეთის მოკავშირედ აღიქმება, და თუ უკრაინა წააგებს, ე.ი. დასავლეთი წააგებს.

„მე არ მივაბამდი ამათ ერთმანეთს არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ყოველგვარი უკრაინის კონფლიქტის მიღმა, ჩინეთს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სტრატეგიულ ამოცანად ჰქონდა დასახული 20230 წლისათვის. აქ იგულისხმება რა თქმა უნდა ტაივანის დაბრუნება.

„თუმცა მორავეცკის ნათქვამის გამართლება შეიძლება ასე: რუსეთის გამარჯვება, რომელიც თავს მოიაზრებს ჩინეთის მოკავშირედ, დამატებით სტიმულს მისცემს ჩინეთს ტაივანის დაბრუნების საქმეში, იმიტომ რომ უკრაინის მარცხი ნიშნავს დასავლეთის მარცხს."

არეშიძემ „რეზონანსთან" ისაუბრა ევროპასა და ამერიკას შორის არსებულ გარკვეულ უთანხმოებაზეც, ასევე ევროპისა და ჩინეთის მოკავშირეობის ეკონომიკურ უპირატესობებზე.

„საქმე ის არის, რომ გარკვეული განხეთქილება და შიდა დაპირისპირება ევროპულ-ამერიკულ სტრუქტურებში ჩანს. ეს დაკავშირებულია ბევრ საკითხთან, მაგალითად ევროპის ენერგომომარაგებასთან, საფინანსო პოლიტიკის საკითხევთან და ა.შ. ევროპას ძალიან არ უნდოდა, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე ასე მყისიერად ეთქვა უარი. სხვათაშორის, „ჩრდილოეთის ნაკადის" საკითხი ძალიან მტკივნეულად აღიქვეს გერმანიაში.

„უნდა ითქვას, რომ გერმანიაში სულ უფრო მძაფრდება დაპირისპირება ამერიკულ-ბრიტანულ პოლიტიკასთან. ბრექსიტის შემდეგ, როდესაც ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან, ამ წინააღმდეგობამ უფრო მყარი კონფიგურაცია მიიღო. ერთ მხარესაა ამერიკის შეერთებული შტატები და ბრიტანეთი, მეორე მხარეს ევროპის დანარჩენი ქვეყნები, განსაკუთრებით ძლიერი ქვეყნები, იგულისხმება საფრანგეთი და გერმანია. დაპირისპირების ერთერთი მიზეზია, რომ ევროპელებს უნდა ჰყავდეთ თავისი ჯარი, ევროკავშირის ჯარი, ამერიკა კი ამის კატეგორიული წინააღმდეგია.

„ჩინეთი არის ევროპის ერთერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი, წლიური ბრუნვა ევროპასა და ჩინეთს შორის 700 მილიარდი დოლარია, მათ შორის საფრანგეთთან 100 მილიარდი. ვერც ჩინეთი დათმობს ამ ბაზარს, ვერც ევროპის ქვეყნები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია და მისი დათმობა გამოიწვევს მხარეების სერიოზულ ეკონომიკურ დაზიანებას. ამიტომ საფრანგეთისთვის ტაივანი მესამეხარისხოვანია, მთავარია საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობა. ისედაც უკრაინის ომმა სერიოზული დაღი დაასვა, ევროპის ეკონომიკას, ასე თვლიან ევროპელები," - განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×