ნაზი ბერიძე
17.04.2023

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს რომ რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ და ნდობით აღსავსე ურთიერთობებს აძლიერებს. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკური პარტნიორობის გზავნილებია და არაფერი აქვს საერთო, ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის, უკრაინის კონფლიქტში სამხედრო დახმარების აღმოჩენასთან.

რუსული მედიის ცნობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ლი შანფუსთან შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა სამხედრო მოკავშირეობის ასპექტში მოსკოვისა და პეკინის „წარმატებულ" თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ეს არის ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც აძლიერებს ჩვენი ურთიერთობების ექსკლუზიურად სანდო, სტრატეგიულ ხასიათს, ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის"-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კრემლში გამართულ შეხვედრას რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუც დაესწრო.

ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებში, პუტინის მორიგ განცხადებას, აფასებს, როგორც უბრალოდ თანამშრომლობის გამოსახულებას. რაც შეეხება ჩინეთის ომში ჩართვას და სამხედრო დახმარების აღმოჩენას რომელიმე მხარისათვის, ექსპერტი კატეგორიულად გამორიცხავს.

„ამ შემთხვევაში არ არის საუბარი სამხედრო კავშირზე, აქ საუბარია უბრალოდ თანამშრომლობაზე, თანამშრომლობა არსებობს, ეს ფაქტია, ერთად სამხედრო წვრთნებიც კი ჩაუტარებიათ, მართალია, უკრაინის ომამდე.

„თანამშრომლობა კონკრეტულად რაში გამოიხატება, ძნელი სათქმელია, გარდა იმისა, რომ ვიზიტები აქვთ და გაცვლა-გამოცვლა ინფორმაციის. არა მგონია რომ საუბარი იყოს რუსეთის სამხედრო დახმარებაზე უკრაინასთან კონფლიქტში, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით, ჩინეთმა ცალსახად თავისი პოზიცია გაამჟღავნა. თქვა, რომ არავითარ შემთხვევაში ის არ დაიჭერს არც ერთ და არც მეორე მხარეს და არ გააკეთებს არაფერს რაც კონფლიქტში ესკალაციას გაზრდის, ესე იგი არ მივაწვდი იარაღს არც უკრაინას და არც რუსეთსო, ამიტომ, ეს უბრალოდ პოლიტიკური განცხადებებია" - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

როგორც ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსს" ეუბნება, რუსეთი დაინტერესებულია როგორმე ჩინეთი მიიზიდოს როგორც მოკავშირე, მაგრამ, ჩინეთი ამას იყენებს თავისი კონკრეტული მიზნებისთვის, ეს არის ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობები. ასევე ფხალაძე, უარყოფს რომ დღეს, ჩინეთსა და რუსეთს შორის რამე სამხედრო ალიანსი არსებობდეს.

„ჩინურ-რუსული ურთიერთობის ფონი ახლა არის ასეთი, რომ რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს იპოვოს ჩინეთთან მისასვლელი გზები და მაქსიმალურად ცდილობს გააკეთოს შეთავაზებები, იმისთვის, რომ რამე ტიპის დახმარება მიიღოს ჩინეთისგან.

„მაშინ, როდესაც ჩინეთი არის იმ პოზიციაში ნებისმიერ დახმარებაზე, მცირედზეც კი ძალიან მაღალ ფასს აწესებს. პუტინი ადრე საერთოდ არ ხვდებოდა ჩინეთის თავდაცვის მდივანს და სი ძინ პინსაც შეხვედრისას ორი და სამი საათი ალოდინებდა ხოლმე, ახლა ვხედავთ როგორ არის შეცვლილი ვითარება.

„მთავარი ამ შემთხვევაში ის კი არ არის რა თქვა პუტინმა, რომელიც ცდილობს რომ ნებისმიერი შეხვედრა წარმოაჩინოს უდიდესი დიპლომატიური გამარჯვება, არამედ, მნიშვნელოვანია, რას ამბობენ ამაზე ჩინელები.

„მიუხედავად იმისა რომ ბევრი მოძრაობაა, ბევრი შეხვედრა, შედეგები ჯერჯერობით არ ჩანს. როდესაც სი ძინ პინი ჩავიდა მოსკოვში, ძალიან ბევრი საუბარი იყო პუტინის მხრიდან რაღაც გრანდიოზულ გარღვევებზე, მაშინ როდესაც ჩინეთმა ყველაზე მთავარ პროექტზე თავი შეიკავა, ეს იყო ახალი მილსადენის პროექტი.

„ამიტომ ახლა ამ თავდაცვის კონტექსტში თანამშრომლობაზე, მე მაგალითად, არ მაქვს ის განცდა, რომ რაღაც დიდი გარღვევა მოხდეს. მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩინეთი არის ძალიან ფრთხილი თავის ქმედებებში, ჩინეთი იყურება გაცილებით წინ ვიდრე რუსეთი, ჩინეთი ამას იყენებს ვაჭრობისათვის, როგორც რუსეთთან ასევე სხვა პარტნიორებთან.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთი არ გადადგამს იმ ნაბიჯს, რომელიც იქნება იმ წითელი ხაზების გადაკვეთა, ამ მომენტისათვის ჩინურ რუსული სამხედრო ალიანსის შექმნა ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება. არსებობს სამხედრო თანამშრომლობის დადგენილი ფორმები და ფორმატები, ეს არის ძირითადად შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ძალიან მცირე სამხედრო ელემენტი, ეს არის ორმხრივ ურთიერთობებში სამხედრო თანამშრომლობის ფორმატი, რაც ჩინეთსა და რუსეთს აქვთ, მაგრამ ამის იქით ჩინეთი არ გავა. ყოველ შემთხვევაში არავითარი ინდიკატორი ამის ამ წუთში იკვეთება" - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×