ნაზი ბერიძე
18.04.2023

დასავლეთი აქტიურად მუშაობს სამშვიდობო გეგმაზე, სადაც მთავარი ფიგურა, რომელსაც პუტინზე გავლენის მოხდენა შეუძლია, ჩინეთია. სწორედ ამიტომ გააქტიურდა პეკინის მიმართლებით პრეზიდენტი მაკრონი, რომელიც ევროკავშირისა და ამერიკელების თანხმობით მოქმედებს, აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

თუმცა, მისი თქმით, საბოლოოდ უმთავრესი მაინც ბრძოლის ველია, და თუ უკრაინამ ივნისში წარმატებული შეტევა განახორციელა, ეს უდიდეს გავლენას მოახდენს მოლაპარაკებების პროცესზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის მრჩეველს ჩინეთთან აქტიურ კომუნიკაციაში ჩართვის პროგრამის შემუშავვება დაავალა, რაც შეიძლება უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმების საფუძველი გახდეს. ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსს" საფრანგეთის ლიდერის პოზიციებზე, საფრანგეთისა და ჩინეთის როგორც აქტორების როლსა და სავარაუდო სქემაზე ესაუბრა, რაც დასავლეთს აქვს ჩაფიქრებული.

მედიის ცნობით, მაკრონი აპირებს მიმართოს ჩინეთს და შესთავაზოს გეგმა, რომელიც შესაძლებელს გახდის რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას, რაც, შესაძლოა, უკვე ზაფხულში გაიმართოს.

მაკრონის სამშვიდობო გეგმა, რომლის შემუშავებასაც ჩინეთთან ერთად აპირებს, დაფუძნებული იქნება უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებზე. თუმცა დასავლეთის ქვეყნები ასევე აპირებენ განიხილონ უკრაინის დახმარების დეტალები ლიეტუვაში ნატო-ს სამიტზე, რომელიც ივლისში გაიმართება. ზომები მიმართული იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაზე, ნატო-ს წევრები ასევე მუშაობენ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფაზე.

როგორც ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი ამბობს, ჩინეთის პოზიცია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში უკვე ცნობილია. პეკინის 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის მიხედვით, იგი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ დასავლეთისთვის წარმოადგენს უმთავრეს ბერკეტს რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად. საფრანგეთის პრეზიდენტი კი უბრალოდ დამაკავშირებელი რგოლია, რომელიც ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად მოქმედებს და ახმოვანებს ამერიკის პოზიციასაც. შესაბამისად მოლაპარაკების გეგმაც ერთობლივად იქნება შემუშავებული, რომელიც მისაღები იქნება როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისა და დასავლეთისთვის. მანამდე კი უკრაინამ კონტრიერიში უნდა განახორციელოს.

„მაკრონმა გააკეთა განცხადება, ჩინეთშიც იყო ჩასული, თხოვდა რომ რუსეთზე ზეწოლა განეხორციელებინა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, რაღაც შეთანხმებას მიაღწიოს უკრაინასთან და ომი რომ შეწყდეს. ამ კონტექსტში შეიძლება ითქვას ჩინეთი და საფრანგეთი, ასე თუ ისე უნისონში საუბრობენ, ანუ ერთნაირი პოზიციები აქვთ, ფიქრობენ, რომ რაღაც შეთანხმება უნდა შედგეს. ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ მაკრონი ეხმარება აქტიურად უკრაინას. აწვდის იარაღს და ყველანაირად იღებს მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში, და ყველანაირად უკრაინის მხარესაა.

„მაგრამ მოლაპარაკები საფრანგეთზე იმდენად დამოკიდებული არ არის, როგორც ჩინეთზე, და პეკინს აქვს თავისი პრინციპული პოზიციები - ის არ უჭერს მხარს რუსეთის მიზნებს და ტერიტორიულ ამბიციებს, ასევე იარაღს არ აწვდის რუსეთს. ჩინეთმა შეიმუშავა უკრაინის 12-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელშიც პირველ პუნქტად დგას ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. აქ ბევრი რამ ისედაც გარკვეულია, და საფრანგეთი გარკვეულ დიპლომატიას ცდილობს. არა მგონია, რომ ის ცალკე ლაპარაკობდეს, რეალურად ალბათ ევროპის სხვა ლიდერებთან შეთანხმებით ახდენს ურთიერთობას ჩინეთთან, თუმცა ხდება ამის ისეთნაირად შეფუთვა, თითქოს საფრანგეთი ამ შემთხვევაში დამოუკიდებელ პოლიტიკას ეწეოდეს.

„საერთოდ ევროკავშირის წესებით, დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ შეუძლია ქვეყანას, როდესაც ევროკავშირის წევრია. ყველა მისი ნაბიჯი უნდა შეთანხმებული იყოს ევროკავშირის სხვა წევრს ქვეყნებთან, ამიტომ აქ მაკრონის განცხადებები თითქოს რაღაცა ისეთი ჩანს, რაღაც დამოუკიდებელი, ევროკავშირის სხვა წევრებისგან განსხვავებული, მაგრამ რეალურად არა მგონია რომ მართლა ასე იყოს. შეიძლება მაკრონს რაღაც დიპლომატიური მისია დააკისრეს ევროკავშირის სხვა წევრმა ქვეყნებმა, რომ მან უფრო ღიად ისაუბროს და გამოიყვანოს დიალოგზე ჩინეთი, აქ ხდება, რომ ევროპამ ჩინეთი რაღაცნაირად უფრო ღრმა დიალოგში შეიყვანოს უკრაინის პრობლემასთან დაკავშირებით.

„საბოლოო ჯამში ევროპელებს უნდათ, ჩინეთმა აქტიური პოზიცია დაიკავოს რუსეთზე ზეწოლის კონტექსტში. რადგან ჩინეთს გააჩნია ბერკეტები რუსეთზე ზეწოლისთვის. რუსეთისთვის ჩინეთი ეკონომიკური გადარჩენის ერთადერთი მიმართულებაა. ინდოეთს ბოლომდე ვერ ენდობა რუსეთი ამ შემთხვევაში. მიმდინარეობს დახურული დიპლომატიური მცდელობები, რომლებიც ზედაპირზე სულ განსხვავებული მესიჯებით შეიძლება ამოტივტივდეს.

„მაკრონის ასეთი განცხადებები ჰგავს დიპლომატიურ მანევრებს, სადაც ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატებიც და მწვანე შუქი აქვს მიცემული, რომ საფრანგეთმა რუსეთს და ჩინეთს თავი დაანახოს, თითქოს ის დამოუკიდებელ პოლიტიკას ეწევა, რომ მასთან უფრო გაიხსნას ჩინეთი და რუსეთიც შეიძლება რაღაც დათმობაზე წამოვიდეს.

„აქ საკითხი ასე დგას, რომ სამშვიდობო გეგმა ან ჩინეთთან ერთად უნდა შემუშავდეს ან ევროპასთან ერთად და შესაბამისად ამერიკაც უნდა მონაწილეობდეს, ან ჩინეთთან უნდა გაიმართოს სიღრმისეული დიალოგი, რომელიც სინამდვილეში დასავლეთსა და ჩინეთს შორის იქნება, მაგრამ მე მგონია რომ დასავლეთი ასეთ სარისკო ნაბიჯს თითქოს საფრანგეთი დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს, არ გადადგამს.

„მიზნის მიღწევა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის მხრიდან განხორციელდება კონტრიერიში, და უკრაინა მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებას ფრონტზე. მაშინ შეიძლება უფრო სწრაფად შემუშავდეს გეგმა, რომელიც მისაღები იქნება რუსეთისთვისაც. რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ მარცხდება ომში. ეს ნამდვილად არ მოხდება ივნისამდე. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, ძლიერი წვიმებია უკრაინაში, და პროგნოზით გაგრძელდება აპრილის ბოლომდე, მაისი დაჭირდება ნიადაგის გაშრობას, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს უკრაინა გადავიდეს შეტევაზე. ამაზეა დამოკიდებული, ევროპელები და ჩინელები ახალი გეგმის შემუშავებას შეძლებენ თუ არა და რუსეთისთვის ულტიმატუმის წაყენებას. მაგრამ რაც მთავარია, ეს გეგმა მისაღები უნდა იყოს, უკრაინისთვის," - განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×