თამთა ჩაჩანიძე
18.04.2023

ბოლო რამდენიმე დღეა რუსები და კრემლის მაღალჩინოსნები იხვეწებიან, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. პარალელურად ბახმუტი ოკუპანტებისთვის სირცხვილის წერტილი გახდა და როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რუსებმა როგორც არ უნდა „მონათლონ", სამხედრო თვალსაზრისით ბახმუტის ოპერაცია თავიდან ბოლომდე ჩავარდნაა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „რუსეთი დაინტერესებულია, უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს". „ვაგნერის" მეთაური ევგენი პროგოჟინი კი, რომლის დაჯგუფებაც ბახმუტში უშუალო ბრძოლაშია, აღდგომის დღეებში უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებულად გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა.

როგორც პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ეს ნიშნავს, რომ რუსებს უჭირთ, შეტევის გაგრძელებისა და ბრძოლის უნარი აღარ გააჩნიათ და უნდათ, რომ როგორმე კონფლიქტი დასრულდეს. თუმცაღა იქვე დასძენს, რომ რუსეთმა ეს ე.წ. სოპეცოპარაცია დასრულებულად რომც გამოაცხადოს, უკრაინა არ გაჩერდება.

„თავდაცვაზე გადავლენ და მერე დაიწყებენ ტირილს, რომ უკრაინელები გვიტევენ, გვანგრევენ და და ა.შ. ეს მარტო დარჩენილი რუსეთის ღაღადია. უკრაინის შეტევა არ ვიცი როგორი იქნება, ბევრნაირი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, ახლა შეტევა ჭკვიანური გამოსავალი არაა. ახლა ბრძოლა უნდა გააგრძელონ, სადაც მოწინააღმდეგის უშუალო შეხებაა. მცირე კონტრშეტევები რა თქმა უნდა საჭიროა, რომ ნელ-ნელა ტერიტორიების გათავისუფლება დაიწყონ.

„შემდეგ უკვე სამხრეთის მიმართულებაზე კონტრშეტევაც შეიძლება, როცა უკრაინა ძალებს მოიკრებს და საკმარისი ტექნიკა და შეიარაღება ექნება. ბრძოლა თუ გაგრძელდება, უკრაინა გაიმარჯვებს, თუ შეწყვეტს, მერე ძნელი სათქმელია რა მოხდება. ეს მე რომ ვიცი, უკრაინელებმაც კარგად იციან, ამიტომ ვფიქრობ, რომ გააგრძელებენ.

„რუსები ამდენი თვეა მთელი ძალებით ბახმუტს უტევენ და მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს, უკრაინელები ქალაქში წინაარმდეგობას ჯერ კიდევ აგრძელებენ. რუსებმა როგორც არ უნდა მონათლონ, სამხედრო თვალსაზრისით, ბახმუტის ოპერაცია თავიდან ბოლომდე ჩავარდნაა", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პრესსპიკერი სერჰი ჩერევატი აცხადებს, რომ ახლა ბახმუტში უსასტიკესი სისხლიანი ბრძოლები მიდის, მტერმა ბახმუტთან 158 დაბომბვა განახორციელა რაკეტებით, არტილერიითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით. მისი თქმით, ქალაქი რუსი სამხედროებისთვის სირცხვილის წერტილი გახდა.

„დღეს უშუალოდ ბახმუტის ქალაქის ფარგლებში ბოლო ათწლეულების უპრეცედენტო სისხლიანი ბრძოლები მიმდინარეობს. მტერმა მიზნად დაისახა ამ აუღებელი ქალაქ-სიმაგრის აღება. ჩვენი მებრძოლები სისხლიან სასტიკ ბრძოლებში ყველაფერს აკეთებენ, რომ მტრის ბრძოლისუნარიანობა შეამცირონ, შეუმცირონ ძალა და სულისკვეთება. და ყოველდღიურად ქალაქის ყოველ კუთხეში ისინი ამას წარმატებით აკეთებენ, ცდილობენ მტერს მაქსიმალური ზიანი მიაყენონ", - განაცხადა ჩერევატიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 18 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთი „დაინტერესებულია, რომ უკრაინაში კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს". 7 აპრილს კი ლავროვმა თქვა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებები შეიძლება მხოლოდ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს.

„დაინტერესებული ვართ, რომ უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ არაერთხელ ავხსენით დეტალურად, რა ხდება, მიზნები, რაც ამ კუთხით გვაქვს," - განაცხადა ლავროვმა.

ევგენი პრიგოჟინი კი უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებულად გამოცხადების ინიციატივით გამოდის, მისი თქმით: „ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის დღეს აუცილებელია სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რამე მსხვილი წერტილის დასმა. იდეალური ვარიანტია სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების გამოცხადება, ყველასთვის იმის შეტყობინება, რომ რუსეთმა მიაღწია შედეგებს, რომლებსაც გეგმავდა და, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ მათ. ჩვენ გავანადგურეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების უდიდესი რაოდენობა და შეგვიძლია, საკუთარი თავის წინაშე წარვადგინოთ ანგარიში, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანები შესრულებულია".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×