ნაზი ბერიძე
19.04.2023

ნატოს მოკავშირეებმა უკრაინას მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა მიაწოდონ - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" დასავლეთის მხრიდან უკრაინის მიმართ არასათანადო სიძლიერის სამხედრო მხარდაჭერაზე საუბრობენ.

სტოლტენბერგმა განცხადება, სოციალურ ქსელში გავრცელებულ პენტაგონის იმ დოკუმენტზე კომენტირებისას გააკეთა, სადაც ნათლად ჩანს, რომ უკრაინას შეიძლება საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალის დეფიციტი შეექმნას და ამოეწუროს კიდეც. ნატოს ლიდერმა, ასევე თქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია უკრაინის ტერიტორიების დასაბრუნებლად.

„ვაღიარებთ უზარმაზარი რაოდენობით იარაღს, საბრძოლო მასალას და მარაგებს, რომელიც უკვე მიეწოდება უკრაინას, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელები იყვნენ ისეთ მდგომარეობაში, სადაც მათ შეუძლიათ გაათავისუფლონ, დაიბრუნონ ტერიტორიები, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსს" ეუბნება, რომ სტოლტენბერგის განცხადება ნიშნავს იმას, რომ დღეს დაპირისპირებაში დასავლეთი ვერ უმკლავდება ცივი ომის დროინდელ აქტორებს. ევროპის სამხედრო პოტენციალი ვერ ჯობნის რუსეთის შეიარაღებას.

„დასავლეთი ვერ აწვდის საკმარის იარაღს უკრაინას და არის კიდევ ისეთი მომენტი: კიდევ მეტი იარაღი არის საჭირო, იმიტომ რომ რუსეთი აძლიერებს თავის სამხედრო პოტენციალს და აძლიერებს საერთაშორისო დონის თანამშრომლობას: ჩინეთი, ირანი ჩრდილოეთ კორეა, და ა.შ. ასე რომ ის შეიარაღება, რასაც დასავლეთი უკრაინას აწვდის, არ არის საკმარისი, სამწუხაროდ.

„რუსეთის მხარდამჭერი ქვეყნები უფრო მეტი არ არის, მაგრამ, რუსეთი სერიოზულ შეიარაღებას ავითარებენ. რუსეთი იარაღის მსხვილი მწარმოებელი იყო და იარაღის ექსპორტიორი ქვეყანაა.

„ბუნებრივია, უფრო მეტი იარაღი უნდა მიეწოდებოდეს უკრაინას, რადგან მას ჰყავს სერიოზული მოწინააღმდეგე, არ არის სუსტი და ერთი სროლით წაქცევა იოლი არ არის. იმ ფონზე, რა ფონზეც დღეს არის საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა, არც ამერიკა არც ჩინეთი არც ნატო, თავისი პოტენციალით ვერ უმკლავდება ცივი ომის პერიოდის აქტორებს.

„როგორი ქვეყნებიცა ჰყავს რუსეთს, ისეთი პოტენციალის არის თვითონ, ამ პოტენციალის ფონზე, არც ამერიკა არც ევროკავშირი და არც ნატო არ გამოირჩევა, ამასთანავე არც ჩინეთი, ცივი ომის დროს უფრო ძლიერი აქტორები იყვნენ, ვიდრე ახლა" - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" სტოლტენბერგის განცხადებას განმარტავს, რომ ევროპა არ იყო მზად ასეთი ფართომასშტაბიანი ომისთვის, თუმცა მას უკრაინისთვის იარაღი რომ არ მიეწოდებინა, უკრაინა ვერ შეძლებდა რუსეთის შეჩერებას, ხოლო იმისთვის რომ გაიმარჯვოს, საჭიროა უფრო მეტი იარაღის მიწოდება. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ იხსნება იარაღის მწარმოებელი ქარხნები, რაც უზრუნველყოფს პრობლემის აღმოფხვრას.

„აღიარებას არ დავარქმევდი ამას ყველაფერს, ზუსტად ამ იარაღით მოახერხა უკრაინამ რუსეთის შეჩერება და უკუგდება. და ახლა 100 პროცენტით არის დამოკიდებული უკრაინა ევროპიდან შემოსულ იარაღზე, მაგრამ ომი არის დიდი და ხანგრძლივი, ამ ომისთვის არც ევროპა და არც მსოფლიო არ იყო მზად, არავინ ელოდა რომ ამ მასშტაბის ომი იქნებოდა, შესაბამისად იარაღის საწყობები გაძეძგილი არ ჰქონდათ დასავლეთში, რომ ამდენი ხარჯი გაეწიათ, ეს გათვლები არ ჰქონდათ გაკეთებული და ახლა უწევთ ამ ყველაფრის თავიდან ამოქმედება.

„ის რომ უკრაინას დამატებით სჭირდება იარაღი, ეს ფაქტია. მიწოდებული იარაღით გარკვეული ამოცანა შეასრულა უკრაინამ, რუსეთთან იგი არ დამარცხდა, რუსეთმა ვერ გაიმარჯვა. მაგრამ უკრაინამ რომ გაიმარჯვოს ამისთვის მას ჭირდება დამატებით იარაღი, აქედან გამომდინარე, ახლა იწყებენ ქარხნების ამოქმედებას.

„პოლონეთში უკვე გახსნეს საბრძოლო იარაღის ქარხანა, სლოვაკეთში და ჩეხეთშიც აპირებენ, ასევე გერმანიაში. იმიტომ რომ იარაღის არსებული მარაგები აბსოლუტურად არასაკმარისია. უკრაინას ნამდვილად სჭირდება დახმარება და ნამდვილად სჭირდება იარაღი, თუკი ომის დასრულებაა მიზანი. და უკრაინისთვის ომის წარმატებით დასრულება. სხვა შემთხვევაში ეს ომი იქნება ჩიხში, და იქნება გაუთავებელი დაპირისპირება, კიდევ უფრო ხანგრძლივი ვადით გაიწელება.

„ევროპასაც არ გააჩნია იმ რაოდენობის იარაღი, რომ თვითონ დაიკლოს და უკრაინას მისცეს ყველაფერი, ეს ასე არ არის. ყველა ქვეყანს აქვს თავისი თავდაცვითი აუცილებლობის მინიმუმი, ეს არის ის იარაღი და ის სისტემა, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს. იმიტომ რომ საჭიროების შემთხვევაში თავის დაცვა შეძლოს. იმ მინიმუმის გარდა ვერ ჩამოვა. მაგრამ, ყველა ქვეყანას არ აქვს ის რაოდენობა, რომელიც უკრაინას დასჭირდა ამ ომის განმავლობაში და კიდევ დასჭირდება, ევროპა ამისთვის მზად არ იყო" - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×