თამთა ჩაჩანიძე
20.04.2023

რუსებს უკრაინის ფრონტის გარდა, სამხედრო საზღვაო ფლოტში მწვავე პრობლემები შეექმნათ. საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების შემდეგ, რუსეთის წყნარი ოკეანის სამხედრო ფლოტის მეთაური ადმირალი სერგეი ავაკიანცი გაათავისუფლეს. ასევე სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ მწყობრიდანაა გამოსული რუსების ერთადერთი ატომური კრეისერი, ჩრდილოეთის ფლოტის ფლაგმანი „პიოტრ ველიკი" („პეტრე დიდი") და ის შეიძლება საერთოდაც ჩამოწერონ.

წყნარი ოკეანის ფლოტის პრეესსამსახური იტყობინება, რომ ადმირალი სერგეი ავაკიანცი „შვებულებაშია, შემდგომში რეზერვში გადაყვანის მიზნით". მანამდე რუსულმა გამოცემებმა „რბკ"-მ და „რია ნოვოსტი"-მ დაწერეს, რომ ავაკიანცი შესაძლოა ადმირალმა ვიქტორ ლიინამ ჩაანაცვლოს, რომელიც ბალტიის ფლოტის მეთაურია.

ავაკიანცის გათავისუფლების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც წყნარი ოკეანის ფლოტი საბრძოლო მზადყოფნაზე მოულოდნელად შეამოწმეს. რუსული მედია წერს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „შემოწმების პირველი ეტაპი მაღალ დონეზე შეაფასა".

კრემლში თავად ამ შემოწმების ფაქტი შეაფასეს, როგორც „საერთო პრაქტიკა" და „არმიის რუტინული მომზადება". თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კი განაცხადა, რომ შემოწმების მთავარი მიზანი იყო შეეფასებინათ შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები „ოკეანის ან ზღვის მიმართულებიდან შესაძლო მოწინააღმდეგის აგრესიის მოგერიების თვალსაზრისით. მანვე დააზუსტა, რომ საქმე ეხებოდა სამხრეთ კურილებსა და სახალინზე მოწინააღმდეგის დესანტის მოგერიების სამხედრო წვრთნებს.

ავაკიანცი წყნარი ოკეანის ფლოტს 2012 წლიდან მეთაურობდა. ოფიციალური ცნობით, იგი საშტაბო თანამდებობაზე გადაჰყავთ და სამხედრო-პატრიოტული აღზრდისა და მომზადების ცენტრების კურირება დაევალება.

რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტში მძიმე მდგომარეობას ემატება ისიც, რომ ჩრდილოეთის ფლოტის ფლაგმანი, მძიმე ატომური სარაკეტო კრეისერი „პიოტრ ველიკი" („პეტრე დიდი") შესაძლოა საერთოდაც ჩამოწერონ. ამის შესახებ თავად რუსული „ტასს"-ი საზღვაო ძალებში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. აღსანიშნავია, რომ ეს არის რუსების ერთადერთი წყალზე მცურავი ატომური კრეისერი, თუმცა მათ სამხედრო-საზღვაო ძალებში კვლავ რჩება ატომური წყალქვეშა ნავები.

როგორც რუსულ სააგენტოსთან წყარო ამბობს, ეს საკითხი ახლა იხილება. მისივე ცნობით, ხომალდის შეკეთება და მოდერნიზაცია ძალიან ძვირი ჯდება, რაც კრეისერ „ადმირალი ნახიმოვის" გამოცდილებამ აჩვენა. „ტასს"-ის წყაროს ცნობით, „პეტრე პირველის" ეკიპაჟის ნაწილი უკვე „ადმირალ ნახიმოვის" ბორტზე გადავიდა, რომელიც მოდერნიზაციას გადის.

თუმცა, კიდევ ერთი რუსული სამთავრობო სააგენტო „რია ნოვოსტი" უკვე თავის წყაროებზე დაყრდნობით კრეისერის შესაძლო ჩამოწერას უარყოფს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×