ნაზი ბერიძე
20.04.2023

ევროკავშირმა სანქციების რესურსი ამოწურა და რუსეთს ახალ სანქციებს აღარ დაუწესებენ, ვინაიდან ეს უკვე თავად ევროკავშირზე აისახება უარყოფითად. ამის ნაცვლად, ევროკავშირის ძალისხმევა ამიერიდან ძირითადად იმაზე იქნება მიმართული, რომ რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობებზე კონტროლი გამკაცრდეს. ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი" წერს თავის წყაროებზე დაყრდნობით, თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი ამას არ ეთანხმება და ახლო მომავალში ევროკავშირისგან ახალ, რიგით მე-11, უფრო ძლიერი სანქცირების პაკეტს პროგნოზირებს.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი" იუწყება, შეზღუდვების ახალი, მე-11 პაკეტის წინადადებების არაფორმალური განხილვა 21 აპრილს დაიწყება.

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ სანქციების შესაძლებლობების ლიმიტზე საჯაროდ საუბარი გასული წლის ბოლოს, სანქციების მე-9 პაკეტის მიღების შემდეგ დაიწყო.

„მე ვერ ვხედავ სფეროებს, სადაც უკვე არსებულ სანქციებს რამე ახალი შეიძლება დაემატოს", - განაცხადა ლიეტუველმა ევროკომისარმა ვირჯინიუს სინკევიჩიუსმა.

მას დაეთანხმა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი და თქვა, რომ შეზღუდვების გაფართოების ბევრი შესაძლებლობა არ არის, და რომ სანქციების ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება შესამჩნევი.

ახლა კი, „ფაინენშალ თაიმსთან" ახალ სანქციებზე საუბრისას ევროკავშირის ანონიმმა მაღალჩინოსანმა პირდაპირ განაცხადა - „ჩვენ დავასრულეთ..."

ამავე წყაროს ცნობით, სანქციების ახალ, მე-11 პაკეტში მხოლოდ გაფართოვდება სანქცირებული იურიდიული და კერძო პირების სია და ასევე საუბარი იქნება სანქციებისათვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გამკაცრებაზე.

ანალიტიკოსი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ სანქციების ლიმიტის ამოწურვა არარეალურია და უფრო კონკრეტული ავტორის მოსაზრებაა.

„ჩემი ინფორმაციით, ევროკავშირი სხვა რაღაცებზე მუშაობს დამატებით. აქ არის ორი რამ - სანამ ახალი სანქციები ამოქმედდება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამოიქოლოს ყველა ის შავი თუ ნაცრისფერი ხვრელი, რომელიც იძლევა სანქციებიდან თავის დაძვრენის შესაძლებლობას, გაუმჭვირვალე სქემები, რომლებიც ამის საშუალებას ქმნის. ამ საკითხზე მიდის ინტენსიური მუშაობა, რათა ეფექტიანობა გაიზარდოს. მაგრამ, მე რა ინფორმაციაც მაქვს, სანქციების რესურსი არ არის ამოწურული და ვერ ვიტყვი, რომ ევროკავშირში ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ანალიტიკოსი ვანო ჩხიკვაძე კი „რეზონანსთა" აცხადებს, რომ სხვა, არანაკლებ ავტორიტეტული წყაროები ევროკავშირის საქნციების მე-11 პაკეტთან დაკავშრებით განსხვავებულ მოსაზრებას ავრცელებენ.

„არის სხვა წყაროები, რომელიც ამბობს, რომ პოლონეთის მეთაურობით მიმდინარეობს მზადება და დებატები დაიწყო მე-11 პაკეტის მომზადებაზე. შესაბამისად, ეს ინფორმაციები ურთიერთგამომრიცხავია. მე უბრალოდ ვეყრდნობი ასევე სხვა ინფორმაციებსაც და მე არ ვარ ევროკავშირის წარმომადგენელი, რომ უბრალოდ ეს დავადასტურო", - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×