თამთა ჩაჩანიძე
20.04.2023

უკრაინა ნატო-ს მომავალი სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება, ალიანსისაგა გაწევრიანებაზე ოფიციალურ მიწვევას ელის და ასევე უსაფრთხოების მყარ გარანტიებს ნატოში საბოლოოდ გაწევირანებამდე. ნატო-ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა, რომელიც სამშაბათს კიევში იმყოფებოდა, დაადასტურა, რომ ეს საკითხები სამიტის დღის წესრიგში იქნება.

სტოლტენბერგი უკრაინას 20 აპრილს ეწვია, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის მერე, ერთობლივ პრესკონფერენციაც გამართეს. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ივნისში უკრაინა შესაძლოა ისევ ომში იყოს და ამიტომაც ნატოს ოფიციალური გაწევრიანების მოწვევაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. მათი პროგნოზით, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაა (მაპ).

რაც შეეხება საქართველოს შანსებს, დასუსტებული რუსეთის შემთხვევაში, საქართველოს პერსპექტივები ყველა თვალსაზრისით გაიზრდება, რადგან საქართველოს ნატოში გაწევრიანების ხელშემშლელი ფაქტორი დიდწილად რუსეთის აგრესია და მისი შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიებზე ყოფნაა.

ფრონტზე კი მთავარი ცხელი წერტილი კვლავ ბახმუტია. უკრაინელები რუსების პოზიციებზე უტევენ. ძირითადი დარტყმები იარაღის საწყობების და იმ შეჯგუფების მიმართულებითაა, სადაც რუსები თავდაცვით პოზიციოებს ამაგრებენ.

ბოლო ცნობები ფრონტიდან

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინელები გააქტიურდნენ და რუსების პოზიციებზე უტევენ. ძირითადი დარტყმები იარაღის საწყობებსა და იმ ტერიტორიებზეა, სადაც რუსები თავდაცვით პოზიციებს აწყობენ.

„ფრონტზე ჯერჯერობით ის ცვლილებაა, რომ უკრაინელები ძალიან გააქტიურდნენ საარტილერიო დარტყმებით რუსების პოზიციებზე. ძირითადი დარტყმები ისევ იარაღის საწყობების და იმ დიდი დაჯგუფებების მიმართულებითაა, სადაც რუსები თავდაცვითი პოზიციების მოწყობისათვის ემზადებიან. მაგრამ, როგორც ასეთი, ფრონტალური ცვლილებები პრაქტიკულად არ გვაქვს.

„მთავარი შეტაკებები ისევ ბახმუტში მიდის. ქალაქის ცენტრის მიმართულებით უკრაინელები პერიოდულად გადაადგილებას ცდილობენ, თუმცა ბახმუტის ცენტრი და შემოგარენი იმდენად დანგრეულია, რომ იმ ტერიტორიების მყარი კონტროლი განსაკუთრებით რუსების მხრიდან არ ხდება.

„როდესაც რუსები ბახმუტში ტერიტორიას იღებენ, ისეთი შენობის პოვნა უჭირთ, სადაც შტაბურად გამაგრდებიან. ამასთან, უკრაინული არტილერია ძალიან აქტიურია. ნებისმიერ არებულ წერტილში, სადაც რუსები შედიან, ან დანაღმული ხვდებათ, რომელიც ფეთქდება და რუსები იხოცებიან, ან პოზიციებზე შესულ რუს სამხედროებს უკრაინული არტილერია ანადგურებს. ამ მიმართულებით პროცესები და სიტუაცია ძალიან მოძრავი და სწრაფადცვალებადია", - განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბახმუტი კვლავ ყველაზე კრიტიკული წერტილია.

„ფრონტზე კვლავ პოზიციური ბრძოლებია. უკრაინის შეიარაღებული ძალებისათვის ბახმუტი ყველაზე კრიტიკული წერტილია. „ვაგნერელები" დასავლეთ ფლანგზეც უტევენ. სხვა მიმართულებებზე სიტუაცია იგივეა, მათ შორის მარიინკაშიც", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

რა თქვეს უკრაინის პრეზიდენტმა და ნატოს გენმდივანმა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტი შეიძლება ისტორიული გახდეს, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნატო-მ, ალიანსში გაწევრიანების მიზნით, უკრაინა ოფიციალურად მიიწვიოს.

ზელენსკიმ ნატო-ს სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზეც ისაუბრა.განმარტა, რომ საუბარია უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელიც უკრაინას სურს, ნატო-ში გაწევრიანებამდე მიიღოს.

„არ არსებობს არც ერთი ობიექტური ბარიერი, რომელიც ხელს შეუშლის უკრაინის ალიანსში მიწვევის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას. სწორედ ახლა, როცა ნატო-ს ქვეყნებში მოსახლეობის უმრავლესობა და უკრაინელების უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენი სახელმწიფოს ალიანსში შესვლას, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დროა.

„ველოდებით წინ გადადგმულ ნაბიჯებს და ძალიან კონკრეტულს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ მოკავშირე ქვეყნები მხარს გვიჭერენ იარაღით, მაგრამ გვინდა გავიგოთ - როდის გაწევრიანდება უკრაინა ნატოში? და ჩვენ ასევე გვინდა უსაფრთხოების გარანტიები ამ გზაზე.

„ამას ვეუბნები ზოგიერთ ლიდერს, ზოგიერთ სახელმწიფოს, რომლებიც მუდმივად ეძებენ უკრაინის ნატო-ში მომავალი გაწევრიანების კომპრომისს. ჩვენ ვიქნებით ალიანსში. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ეს არის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის და რაც შეეხება გარანტიების პაკეტს ამ გზაზე, სანამ ჩვენ ჯერ არ ვართ ალიანსში - ეს არის ის, რისი დამტკიცებაც გვსურს ვილნიუსში", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისა და უსაფრთხოების გარანტიების თემა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.

„უკრაინის მომავალი ნატო-შია. ყველა მოკავშირე თანხმდება ამაზე", - აღნიშნა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ალიანსის ამჟამად „უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაზეა" ფოკუსირებული.

იგი ივლისის სამიტზე ნატო-ს მოკავშირეებისგან ელის, რომ უკრაინის დახმარების პაკეტის შემდგომ გაძლიერებაზე შეთანხმებას მიაღწევენ.

რამდენად რეალურია უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანებაზე მოწვევა წელს მიიღოს

ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს სცენარი უფრო ომის შემდეგაა მოსალოდნელი.

„ახლა უკრაინა ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და პრინციპში, ომის შემდეგ ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება. ომის პირობებში უკრაინის მიღება ალბათ ნაკლებად სავარაუდოა. ნატო უკრაინას ისედაც ეხმარება, აქტიურადაა ჩართული და მეხუთე მუხლის ამუშავების შემთხვევაში კი, მას ომში ჩაბმა პირდაპირაც მოუწევს.

„ეს ყველაფერი უფრო ომის შემდეგ იქნება რეალისტური. რა თქმა უნდა პოროცესების დაახლოება როგორც სამართლებრივი, ისე სამხედრო და პოლიტიკური უფრო მეტად მაშინ მოხდება. საბოლოო ჯამში, ნატო-ში გაწევრიანება-არგაწევრიანება ახლა უფრო მეტად პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული, ვიდრე სხვა რაღაცეებზე. ეს პოლიტიკური ნება კი იმ შემთხვევაში დადგება, თუ უკრაინა შეძლებს რუსებს ეფექტურ წინააღმდეგობა გაუწიოს და ომი მოიგოს.

„დასუსტებული და დამარცხებული რუსერთის შემთხვევაში, საქართველოს პერსპექტივები ყველა თვალსაზრისით გაიზრდება, რადგან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ხელის შემშლელი ფაქტორი დიდწილად სწორედაც რუსეთის აგრესია და მისი ძალების საქართველოს ტერიტორიებზე ყოფნაა.

„თუკი რუსეთი ისე დასუსტდება, რომ მისი მუქარა საქართველოსთან მიმართებითაც შემცირდება და შემსუბუქდება, რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ნატო-ში მიღების პერსპექტივებს გაზრდის", - განაცხადა კობერიძემ.

მისივე შეფასებით, მაკლებად მოსალოდნელია, რომ უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური მოწვევა ვილნიუსის სამიტზე მიიღოს.

„სავარაუდოდ ნაადრევია, იმიტომაც, რომ შესაძლოა ზოგიერთ ქვეყანაში ეს პრობლემას არ წარმოადგენდეს, მაგრამ ნატო-ს სახელწმიფოთა უმრავლესობამ შეიძლება ამაზე უკან დაიხიოს და თქვან, რომ არ აწყობთ.

„შესაძლოა მაპ-ის მიცემაზე იყოს საუბარი, მაგრამ ომის პირობებში დაჩქარებული გაწევრიანება ნაკლებად შესაძლებელია", - განაცხადა გიორგი კობერიძემ „რეზონანსთან".

ამავე აზრისაა სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია. იგი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინას ნატო პირდაპირ მოწვევას არ მისცემს.

„სამწუხარო რეალობა ისაა, რომ ნატო-მ ჩვენ კიდევ დამატებით ათი შენიშვნა მოგვცა და კიდევ სხვა რეფორმებია გასატარებელი, რომელიც ამ სიტუაციას ჩვენს სასარგებლოდ არ ავითარებს.

„უკრაინას ნატო-სთან სამხედრო თავსებადობა უკვე ისეთი აქვს, რომ პირიქით, ზოგიერთ ნატო-ს წევრ სახელმწიფოსაც კი გადაასწრო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მგონია, რომ მაპ-ი რომ მისცენ, ესეც ამ ეტაპზე საკმაიდ დიდი მიღწევა იქნება. სამწუხაროდ, პირდაპირ წევრობას და ოფიციალურ მოწვევას არ მისცემენ. ამიტომაც გაჩერდა სტოლტენბერგი და საუბარი არ განავითარა.

„მაპ-ის სტატუსი ომში მყოფ ქვეყნის მიმართ ნატო-ს არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს. ოფიციალური მოწვევაც მართალია სრულ გაწევრიანებას არ ნიშნავს, სანამ პროცედურებს არ გაივლის, სანამ დროშას არ აღმართავენ და ა.შ., რაც სავარაუდიდ 2-3 წელი გრძელდება, მაგრამ გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს.

„უკრაინამ მაპ-ის სტატუსი რომ მიიღოს, ეს ამ ეტაპზე უფრო ოპტიმალური ვარიანტი იქნება. არ მგონია პირდაპირ ისე მიიღონ, როგორც ფინეთი მიიღეს.

„რაც შეეხება საქართველოს, იმედია ვცდები, მაგრამ ვილნისუსის სამიტზე ეჭვი მეპარება, რომ საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭებაზე ისაუბრონ, რადგან ის ათი შენიშვნა შესასრულებელია. პლიუს ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ბევრი კითხვაა, მით უმეტეს ახლა, როცა დასანქცირებულ მოსამართლეებზეა საუბარი და დიდი ალბათობით, ამ სანქციებს ევროკავშირიც შუერთდება", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×