თამთა ჩაჩანიძე
21.04.2023

უკრაინელები ხერსონში რუსულ პოზიციებს ბომბავენ, იერიში იქნა მიტანილი ოკუპირებულ ნოვო კახოვკაზეც, ამაზე კიევს განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა რუსული სამთავრობო მედიები ადასტურებენ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში შეტაკებები მართლაც იყო.

როგორც ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე წერს, უკრაინელები რუსულ პოზიციებს მდინარე დნეპრისა და მომიჯნავე არხების გასწვრივ ბომბავენ.იგი არ გამორიცხავს, რომ დიდი შეტევის წინა მოსამზადებელ იერიშებთან გვქონდეს საქმე.

„საბრძოლო მოქმედებების ტემპმა მოიმატა ბახმუტის ირგვლივ. რუსები ქალაქის დასავლეთ ნაწილზე იერიშებს ახორციელებენ, უკრაინელები კი გაწელილ რუსულ ფლანგებს უტევენ ქალაქის შემოგარენში. ამ ფონზე რუსი სამხედროები ბევრად ცუდ მდგომარეობაში არიან, რადგან ამ მიმართულებით მათი საფორტიფიკაციო ნაგებობები სუსტია და ძირითადად შეტევითი პოზიციები აქვთ გამართული.

„უკრაინულმა არტილერიამ წუხელ რუსულ საწყობებსა და სამხედრო შეჯგუფებებზე მიიტანა იერიში. დაიბომბა რუსული ორი იარაღის საწყობი და განადგურდა ცხრა რუსული სამხედრო პოზიცია. „ჰაიმარსის" ამუნიციის შევსების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდნენ უკრაინელი არტილერისტები.

„იბომბება ხერსონის ოლქის ოკუპირებული ტერიტორიაც. უკრაინელები რუსულ პოზიციებს მდინარე დნეპრისა და მომიჯნავე არხების გასწვრივ ბომბავენ. ამასთან, დღეს შეტაკებები იყო ოკუპირებულ ნოვა კახოვკაშიც. უცნობია უკრაინული პარტიზანები ან დივერსიული ჯგუფები შევიდნენ იქ თუ რუსებს შორისაა მორიგი დაპირისპირება. არც ისაა გამორიცხული ოპერაციისწინა მოსამზადებელ შეტევასთან გვქონდეს საქმე",- წერს კობერიძე „ფეისბუქზე".

„რია ნოვოსტის" ცნობით, გვიან ღამით, როცა ხერსონთან უკრაინელები მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროსკენ ისროდნენ, „რუსმა არტილერისტებმა უკრაინელებს სამხედრო ტექნიკა გაუნადგურეს".

„ღამით ხერსონის სოფელ ბელოზერკასთან საარტილერიო ცეცხლის შედეგად განადგურდა 122 მილიმეტრიანი დე-30 ჰაუბიცა საარტილერიო ეკიპაჟით, დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო, დაიჭრა სამი", - განაცხადა „რია ნოვოსტისთან" თანამოსაუბრემ, რომლის ვინაობასაც არ წერს.

ამასთან, წყარო რუსულ მედიას უყვება, რომ „გუშინ ხერსონის ოლქის სოფელ ქიზომისის მიდამოებში საარტილერიო ცეცხლით განადგურდა 152 მილიმეტრიანი 2ა65 „მსტა-ბე" ჰაუბიცა საბრძოლო მასალით, დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი სამხედრო მოსამსახურე, ორი კი დაჭრეს.

„უკრაინის ჯარები ყოველდღიურად ახორციელებენ საარტილერიო დარტყმებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ქალაქებისა და სოფლების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დღეში 100-150 ჭურვს ისვრიან. მხოლოდ გუშინ ღამით, რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ნოვაია კახოვკას, კახოვკასა და მიმდებარე სოფლებში 40-ზე მეტი ჭურვი ჩავარდა," - წერს „რია ნოვოსტი".

ამასთან, ტვიტერზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში მცხოვრები იტყობინება, რომ ქალაქში ინტენსიური სროლებია.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ფრონტზე აქტიური მოქმედებებისთვის ემზადება და ეს მოქმედებები გარდაუვალია.

„უკრაინის დაცვა - ეს არის ის, რასაც მიეძღვნა მოლაპარაკებები ნატო-ს ხელმძღვანელთან იენს სტოლტენბერგთან. მთელი საერთაშორისო წესრიგის დაცვა წესების საფუძველზე. სიცოცხლის დაცვა. ჩვენ ვემზადებით „რამშტაინის" შეხვედრისთვის და ბატონი სტოლტენბერგის პოზიცია მნიშვნელოვანია. ვემზადებით აქტიური მოქმედებებისთვის ფრონტზე: ისინი გარდაუვალია", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×