თამთა ჩაჩანიძე
23.05.2023

 უკრაინის საზღვართან მდებარე რუსეთის ბელგოროდის ოლქი ორი დღეა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. უკრაინის მხრიდან 22 მაისს მოულოდნელად დაწყებულმა სახმელეთო რეიდმა ბახმუტის ამბები გადაფარა. უკრაინის სარდლობა ამ მოვლენებთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ თავდასხმა რუსმა მოხალისეებმა განახორციელეს, რომლებიც პუტინის რეჟიმს ებრძვიან. მოსკოვში კი კიევს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ შემოჭრილი დივერსანტები გაანადგურეს და განდევნეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მოკლულია 70-ზე მეტი „უკრაინელი ნაციონალისტი", თუმცა ამის დამადასტურებლად მათ არანაირი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. მომხდარზე პასუხიმსგებლობა აიღო „რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა" და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" რომლებმაც სამშაბათს გაავრცელეს განცხადება, რომ „ბელგოროდის გათავისუფლებას" აგრძელებენ და რუსეთს არ აქვს რეზერვები სამხედრო კრიზისებზე რეაგირებისთვის.

სამშაბათს დღის მეორე ნახევარში, როგორც ჩანს, დაძაბულობა განიმუხტა და თავდასხმის მონაწილეებმა დატოვეს რუსეთის ტერიტორია. ამაზე ირიბად მიანიშნებს, ის ფაქტი, რომ რუსების მიერ ბელგოროდის ოლქში ორშაბათს ოფიციალურად გამოცხადებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი სამშაბათს გაუქმდა.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, ამ ოპერაციის მთავარი მიზანი რუსების ყურადღების გადატანაა, რათა ფრონტიდან ძალები საზღვრის დაცვისთვის იქნას გადასროლილი. ამასთან, ამას გარკვეული ფსიქოლოგიური ეფექტიც აქვს, რადგან ბელგორიდის მოვლენებმა რუსეთში ბახმუტის აღებასთან დაკავშრებული ზეიმი გადაფარა.

რუსი სამხედრო მიმომხილველები კი წერენ, რომ ბახმუტის დაკავების მერე, აქცენტი ავდეევკისკენ გადადის. ის, რომ ბრძოლის ინტენსივობა ბახმუტში შემცირდა, ამას უკრაინის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს.

ქართველი სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ კრემლის მიზანი სლავიანსკი-კრამატორსკზე გასვლა იყო და ეცდებიან შეტევა ამ მიმართულებით განავითარონ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე დღეში დაიწყოს ის კონტრშტევაც, რაც უკრაინამ დააანონსა.

სად გაჩდება ბრძოლის ახალი კერები

რუსები რამდენიმე დღეა ამნტკიცებენ, რომ ბახმუტი სრულად აიღეს, თუმცა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით ბახმუტში ბრძოლების ინტენსივობა ებრალოდ შემცირდა და უკრაინული ძალები ქალაქში მცირე ტერიტორიას ინარჩუნებენ. მისივე ინფორმაციით, უკრაინელებმა ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე მცირე წინსვლა განახორციელეს.

რუსები კი „ტელეგრამ" არხზე წერენ, რომ ბახმუტის დაკავების მერე, აქცენტი ავდეევკისკენ (უკრაინულად - ავდიივკა) გადადის. ხოლო უკრაინის გენშტაბის ცნობით, რომ მტრის ძირითად მიმართულებებად რჩება კუპიანსკი, ლიმანი, ბახმუტი, ავდიივკა და მარიინკა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრია.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშილი ამბობს, რომ ბახმუტის შემდეგ ახალი ცხელი წერტილი სად იქნება, ჯერჯერობით გაურკვეველია.

„ავდიივკა უშუალოდ ბახმუტის ქვემოთაა და ის ისედაც ცხელი წერტილი იყო. კრემლის ინტერესში ყოველთვის შედიოდა კრამატორსკზე და სლავიანსკზე გასვლა, ანუ დონეცკის ოლქის მთლიანად დაპყრობა, თუმცა ვნახოთ რა მოხდება.

„მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით დასავლეთი უკრაინის ფართომაშტაბიან კონტრშტევას ელოდება. ვნახოთ. უკვე მალე, შესაძლოა რამდენიმე დღეში, ან ერთ-ორ კვირაში ფრონტის ხაზზე სერიოზული დაძაბულობა ვიხილოთ", - განაცხადა ალადაშვილმა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბახმუტის შემდეგ რუსები წინ წაწევას ცდილობენ, თუმცა შეიძლება მათ უკრაინის კონტრშეტევამ მოუსწროს.

„აქცენტი ალბათ ავდიივკასა და მარიინკას მიმართულებით გადავა. რუსები ცდილობენ წინ კიდევ უფრო წაიწიონ და ალბათ ამ მიმართულებით შეეცდებიან შეტევის განვითარებას. შესაძლოა ამ მიმართულებით ბრძოლები რამდენიმე დღეში გააქტიურდეს, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამის პარალელურად უკრაინის კონტრშეტევის დაწყება ყოველ წამსაა მოსალოდნელია და არაა გამორიცხული, რომ ინტენსიური ბრძოლის ახალი კერები კონტრშეტევის მიმართულებებზე ვიხილოთ.

„თავად ბახმუტში წინააღმდეგობის კერები სამხრეთით და გარეუბნებში კიდევ რჩება, თუმცა ისეთი სერიოზული და მასობრივი ალბათ აღარ იქნება, როგორიც იყო", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

რეიდი ბელგოროდზე

22 მაისს რუსეთის ბელგოროდის ოლქზე ხმელეთიდან მოულოდნელი თავდასხმა განხორციელდა. კრემლი პასუხისმგებლობას კიევს და „მის სპონსორებს" აკისრებს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბელგოროდზე თავდასხმის ფაქტზე საქმე ტერორიზმის ბრალდებით აღძრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დივერსანტები, რომლებიც ბელგოროდის ოლქში შეიჭრნენ, „ბლოკირებული და დამარცხებული" არიან. მათივე ცნობით, მოკლულია 70 „უკრაინელი ნაციონალისტი".

„ნაციონალისტების ნარჩენები განიდევნენ უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც გაგრძელდა მათ წინააღმდეგ ცეცხლი მათ სრულ განადგურებამდე. განადგურდა 70-ზე მეტი უკრაინელი ტერორისტი, ოთხი ჯავშნიანი საბრძოლო მანქანა და ხუთი პიკაპი", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

„რუსეთის თავისუფლების ლეგიონი" კი თავის „ტელეგრამ" არხზე წერს, რომ ისინი „რუსეთის მოხალისეთა კორპუსთან" ერთად აგრძელებენ „ბელგოროდის გათავისუფლებას" და რომ რუსეთს არ აქვს რეზერვები სამხედრო კრიზისებზე რეაგირებისთვის.

„კიდევ ერთხელ დაინგრა მითი, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან და რუსეთის ფედერაცია ძლიერია.... რუსეთის ფედერაციას სამხედრო კრიზისებზე რეაგირებისთვის ძალები არ აქვს - ყველა სამხედრო მოსამსახურე მკვდარი ან დაჭრილია, ან უკრაინაშია. რუსეთის ფედერაცია აბსოლუტურად დაუცველია", - წერს „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი".

ამ თავდასხმის გამო, უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის პრექტიკულად ყველა ოლქში მოქმედდა საგანგებო გეგმა „ედელვეისი", რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობის მობილიზაციას ითვალისწინებს. თავად ბელგოროდის ოლქში ორშაბათს გამოცხადდა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი, რომელიც სამშაბათს დღის მეორე ნახევარში გაუქმდა.

ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორშაბათს ოლქის ტერიტორია ნაღმმტყორცნებიდან და არტილერიიდან რამდენჯერმე დაბომბეს. შედეგად დაიჭრა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა 29 საცხოვრებელი სახლი და 3 ავტომობილი, 14 დასახლებას კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ მოვლენებთან კავშირი არ აქვთ. მისი თქმით, ბელგოროდის ტერიტორიაზე სპეცოპერაციას „რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა" და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" წარმომადგენლები ახორციელებენ და მათი მიზანი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უსაფრთხოების გარკვეული ზონის შექმნაა.

22 მაისს რუსული „ტელეგრამ" არხები წერდნენ, რომ ბელგოროდის ოლქის გრაივორონსკის რაიონში დაბომბვის შედეგად, ორი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 4 დაშავდა, მათივე ინფორმაციით, დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით უკრაინის ტერიტორიიდან განხორციელდა.

რას ემსახურებოდა ბელგოროდის ოპერაცია

ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპერაციის მთავარი მიზანი რუსების ყურადღების გადატანაა, რათა ფრონტიდან გარკვეული ძალები საზღვრის დაცვისთვის იქნას გადასროლილი. ამასთან, ამას ფსიქოლოგიური ეფექტიც აქვს.

„ომში ყველა ხერხი მიღებულია, თუ ის სამხედრო დანაშაულს არ უკავშირდება და მით უმეტეს, თუკი ბრძოლა შენზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგესთან გიწევს. სამხედრო ეშმაკობა ყველა ომში ფასდებოდა და დღესაც ასეა. ბელგოროდის ოპერაცია რამდენიმე მიზანს ისახავს - ესაა ბრძოლის გადატანის მცდელობა თვითონ აგრესორი რუსეთის ტერიტორიაზე.

„პირველ რიგში, ამას წმინდა სამხედრო მნიშვნელობა აქვს - რუსეთის ის ძალები, რომლებიც ახალი უკრაინული ქალაქების ოკუპაციისთვის არიან მოლბილიზებული, იძულებული იქნებიან რუსეთის საზღვრის დასაცავად გადაისროლონ. მეორე - ესაა წმინდა პროპაგანდის საკითხი.

„რუს მოხალისეთა კორპუს" მარტის თვეში ბრიანსკის ოლქში ასეთი გასვლა უკვე ჰქონდათ. მაშინ უდანაკარგოდ სწრაფადვე გამოვიდნენ, მაგრამ ამჯერად ტაქტიკა შეცვალეს და საზღვრისპირა რუსულ პუნქტში დარჩნენ და პირიქით, თავდაცვითი ზღუდეებს აკეთებენ. ეს სახიფათოა, რადგან რუსეთის ავიაციამ ამ ადგილების დაბომბვა დაიწყო. თავის მხრივ უკრაინა რუსულ დანაყოფებს ესვრის, რომლებიც იქ შეტევაზე მიდიან. ანუ, ფაქტობრივად, საზღვრისპირა შეიარაღებული დაპირისპირება მიდის და ფრონტის ახალი პატარა ხაზი გაიხსნა.

„ამით რუსებს საზღვარზე რამდენიმე ასეული კილომეტრის გასწვრივ პრობლემები შეექმნებათ. ესაა ბრიანსკი, ბელგოროდი, კურსკი, სადაც მეტ-ნაკლებად სიმშვიდე იყო. იქ უკვე ინიციატორი უკრაინის მხარე იქნება, რომ ასეთი პატარა სადაზვერვო ჯგუფების თავდასხმებით რუსეთი აიძულოს და დიდი ფრონტის ხაზიდან - დონბასიდან და ზაპოროჟიედან - ნაწილები მოხსნას და საზღვრის მონაკვეთები გააძლიეროს.

„ვნახოთ, ოპერაცია როგორ გაგრძელდება, მაგრამ ეს ტაქტიკა უკრაინელებისთვის რა თქმა უნდა მომგებიანია, მით უმეტეს, თუ ისინი დიდ კონტრშეტევას აპირებენ", - განაცხადა ალადაშვილმა.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება ბელგოროდის ამბები დიდი კონტრშეტევის ნაწილი იყოს, ალადაშვილმა გვითხრა, რომ არაფერია გამორიცხული.

„ეს ყველაფერი შესაძლოა ერთმანეთთან კავშირში იყოს, რადგან საზღვრებთან ძალების გადასროლა და რუსეთის ხელისუფლების ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანია, რათა ამ დროს უკრაინელებმა, რომლებიც ისედაც მობილიზებული არიან ზაპოროჟიეს, დონბასის, კრემენნოესა და ხერსონის მიმართულებაზე, გარკვეული შტევები დაიწყონ. თუმცა, კონკრეტული შიმართულება უკვე ბრძოლების დროს გამოიკვეთება", - განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ამბავმა ბახმუტის მოვლენები გადაფარა და პირველ რიგში ფსიქოლოგიური ომის ნაწილია.

„ბელგოროდის ოპერაციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან პუტინის რეჟიმს პირველად რეალურად შეექმნა საფრთხე და უფრო რეალური გახდა მისი რეჟიმის შეიარაღებული გზით დამხობა. ამას კრემლი არ მოელოდა. ეს იმ პარტიზანულმა ძალებმა ჩაატარეს, ვინც პუტინს შეიარაღებული ბრძოლა გამოუცხადა.

„ამ ოპერაციამ რუსეთში სერიოზული პანიკა შექმნა და გარკვეულწილად ბახმუტის აღებაც კი გადაფარა. ესეც საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის ნაწილია. თქვეს, რომ თუ რუსები ბახმუტს იპყრობენ, რატომ არ შეიძლება, რომ უკრაინელებმა რუსული ქალაქები დაიკავონ?!

„არ ვიცი რამდენად გაგრძელდება ეს ოპერაცია, მაგრამ ამან თავისი მისია შეასრულა და პირველი საკმაოდ სერიოზული ეფექტი ჰქონდა. უკრაინელებმა თავი დაიზღვიეს - ფორმალურად მათ ეს ოპერაცია არ ჩაუტარებიათ, ეს „რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა" და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" განახორციელეს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ წარმოადგენენ და ამით კი პუტინს არ ექნება ის მომენტი, რომ უკრაინაზე ახალი დატყმის საბაბი მიეცეს",- განაცხადა მაისაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×