ნაზი ბერიძე
24.05.2023

რუსეთი იზიარებს მოსაზრებას, რომ უკრაინის კონფლიქტი არ უნდა გაიყინოს და უკრაინაში თავისი მიზნების განხორციელებას სამხედრო ოპერაციებით აგრძელებს. დასავლელი ლიდერებიც მოუწოდებენ კიევს, რომ უკრაინამ არ უნდა დათმოს თავისი სახელმწიფო სუვერენიტეტი. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ უკრაინამ არ უნდა დაუშვას ომის გაყინვა საკუთარი ტერიტორიების დაკარგვის სანაცვლოდ.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა რუსეთი დასავლეთის აზრს იმის თაობაზე, რომ უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა გაიყინოს,კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ გამოცემა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „რუსეთი სოლიდარულია" - ამის შესახებ

„რუსეთი განიხილავს მხოლოდ შემდეგ შესაძლებლობას სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასასრულებლად: ის იცავს თავის ინტერესებს და აღწევს თავის მიზნებს სპეციალური სამხედრო ოპერაციის საშუალებებით", - პესკოვმა უპასუხა კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რომ კონფლიქტი გაიყინოს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნაადრევია იმის თქმა, თუ რომელი შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა იქნება რუსეთისთვის მისაღები. თუმცა, მას არ უთქვამს აქვს თუ არა მოსკოვს შერიგების საკუთარი გეგმა.

"ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. აშკარად არ არსებობს სამშვიდობო პროცესის წინაპირობები, სპეცოპერაცია გრძელდება"-განაცხადა პესკოვმა.

მანამდე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინაში არ უნდა გულისხმობდეს კონფლიქტის გაყინვას. ანალოგიური მოსაზრება გამოთქვეს სხვა დასავლელმა ლიდერებმაც.

22 მაისს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა გააკრიტიკა სამშვიდობო გეგმები, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტის მხოლოდ გაყინვას ისახავდა მიზნად, კიევისთვის დაკარგული ტერიტორიის დაბრუნების გარეშე.

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ კონფლიქტის არ გაყინვის თაობაზე განცხადებები, სწორედ რუსეთის ეშმაკური ტაქტიკაა საკუთარი მიზნების მისაღწევად, რასაც უკრაინა არაფრით არ უნდა შეურიგდეს.

„კონფლიქტის გაყინვის საუკეთესო გამოცდილება აქვს რუსეთის ფედერაციას. ეს ეხება საქართველოსთან მიმართებაში კრემლის მიერ წამოწყებულ შეიარაღებულ კონფლიქტებს როგორც ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში ასევე დნესტისპირეთში მოლდოვაში და ასევე ყარაბაღში.

„ყველგან რუსეთი იყო ინიციატორი, ფარულად აკეთებდა ამას ქართველების აფხაზების, ოსების, მოლდოველების, აზერბაიჯანელების, სომხების ხელით და შემდეგ გაყინა ეს კონფლიქტები, რომ ვითომ თვითონ ყოფილიყო ამის მომგვარებელი შუამავალი და ჩააყენა ეგრედ წოდებული სამშვიდობო ძალები. ეს არის მისი ტაქტიკა.

„იგივეს გაკეთება უკრაინაში გამორიცხულია, ვერ გააკეთებს, იმიტომ, რომ რაც კონფლიქტები ჩამოვთვალე რუსეთი რა თქმა უნდა, მონაწილეობდა, მაგრამ არა ღიად, ის ამბობდა მე არ ვმონაწილეობ. თუმცა, აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში რომ გვებრძოდა მანამდე, ჩვენ ვიცით.

„უკრაინასთან ასე ვერ გამოვა, იმიტომ რომ უკრაინას ღიად დაესხა თავს და არის კონფლიქტის მონაწილე მხარე. ამიტომ ამ კონფლიქტის გაყინვა შეიძლება აწყობს კი რუსეთს, რომ ამოისუნთქოს მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ აწყობს უკრაინას. რადგან უკრაინა მიიღებს იგივე სიტუაციას, რაც მიიღო საქართველომ.

„სხვათაშორის პარალელურად ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს ყარაბაღთან დაკავშირებით, სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა, მუდმივად რასაც წლების განმავლობაში აკეთებდა რუსეთი ახლა გამოჩნდა.

„უკვე როცა დასავლეთი ჩაერთო ამ შუამავლობაში და ამას წინათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში იყო რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის და ორი დღის წინ ფაშინიანმა განაცხადა რომ სომხეთი თანახმაა აღიაროს აზერბაიჯანი მის არსებულ საზღვრებში, სადაც იგულისხმება ყარაბაღი. ეს რა თქმა უნდა რუსეთს არ აწყობს, იმიტომ, რომ ყარაბაღში შეყვანილი ე.წ. სამშვიდობო ძალები დარჩება უფუნქციოდ.

„ამ კონფლიქტის გაყინვა არავითარ შემთხვევაში არ აწყობს უკრაინას, უკრაინამ ყველაფერი უნდა იღონოს რომ რუსი ოკუპანტები გააძევოს საკუთარი ტერიტორიიდან-განაცხადა „რეზონანსთან" ირაკლი ალადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×