თამთა ჩაჩანიძე
13.06.2023

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ყველა ე.წ. დამოუკიდებელ სამხედრო ფორმირებას მოთხოვა, რომ 1-ლ ივლისამდე პირდაპირ მათ დაქვემდებარებაში გადავიდნენ და უწყებასთან კონტრაქტი გააფორმონ, პირველი ხელშეკრულება სამინისტრომ ჩეჩნურ ქვედანაყოფთან, „ახმატთან" უკვე გააფორმა. „ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი კი კატეგორიულ უარზეა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიოკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ, საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს, რადგან პრიგოჟინი შოიგუს დაქვემდებარებაში არცერთ შემთხვევაში არ გადავა. მისი „ვაგნერის" კონტინგენტი 150 ათას ადამიანს შეადგენს და საკმაოდ კარგი შეიარაღებაც აქვს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის ყველა მოხალისეთა ფორმირებებს უბრძანა, 1-ლ ივლისამდე გააფორმონ კონტრაქტები თავდაცვის სამინისტროსთან. ეს ნაბიჯი, უწყების თანახმად, „შექმნის ერთიან მიდგომებს ყოვლისმომცველი მხარდაჭერის ორგანიზებისა და მათ მიერ ამოცანების შესრულების მიმართ".

პირველი ამ მოწოდებას ჩემჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ფაქტობრივ დაქვემდებარებაში მყოფი მოხალისეთა ბატალიონი „ახმატი" გამოეხმაურა. მათ დავთდაცვის სამინისტროსთან ოფიციალური კონტრაქტი ორშაბათს გააფორმეს.

რუსული მედიის ცნობით, კონტრაქტი განსაზღვრავს ახმატის მოხალისეთა ქვედანაყოფის საქმიანობის სამართლებრივ რეგულირებას „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში, ასევე კონტრაქტის ფარგლებში გათვალისწინებულია ქვედანაყოფის მოხალისეთა და მათი ოჯახის წევრებისთვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი სოციალური დაცვისა და მხარდაჭერის ზომების განსაზღვრა.

რუსეთის გენშტაბის უფროსის მოადგილე ალექსეი კიმმა კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ ამჟამად, რუსული არმიის რეგულარულ დანაყოფებთან ერთად, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში მოქმედება საკმაოდ დიდი რაოდენობით მოხალისეთა რაზმები და სხვა სამხედრო ფორმირებები, რომლებიც არ ექვემდებარებიან თავდაცვის სამინისტროს. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან მოხალისეთა სხვა რაზმებიც გააფორმებენ კონტრაქტებს.

რუსი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი კი აცხადებს, რომ მისი „ვაგნერი" არ გააფორმებს კონტრაქტს რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. მისი თქმით, შოიგუ ვერ მართავს სამხედრო ფორმირებას.

ამასთან, პრიგოჟინი ამბობს, რომ სხვადასხვა ე.წ. კერძო სამხედრო კომპანიები, რომლის წევრებსაც არ უნდათ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა, „ვაგნერს" მასიურად უერთდებიან.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, პროგოჟინი უკან დამხევი არაა და შესაძლოა შოიგუ-პრიგოჟინის დაპირისპირება ისე გამწვავდეს, რომ საქმე შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მივიდეს.

„ამ ვადის ამოწურვის მერე შესაძლოა სიტუაცია დაიძაბოს. „ვაგნერი" და რუსეთის შერიარაღებული ძალები ოფიციალურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და საბრძოლო მოქმედებებზე გადავიდნენ. პრიგოჟნი უკანდამხევი არაა და შოიგუს ნამდვილად არ დაექვემდებარება.

„რადგან კადიროვის ფორმირებებმა კონტრაქტს ხელი მოაწერეს, ეს, როგორც ჩანს, პუტინის ბრძანებაა და ეს ყველაფერი მისგან მოდის.

„ეჭვი მეპარება, რომ პრიგოჟინმა 1-ლ ივლისამდე პოზიცია შეიცვალოს. არ მგონია, რომ პრიგოჟინის განცხადება - რომ მას სხვა ე.წ. კერძო სამხედრო დაჯგუფებები უერთდებიან - მხოლოდ ცარიელი სიტყვები იყოს. იქ რამდენიმე წვრილი სამხედრო კომპანიაა, მაგალითად, „გაზპრომის" „ფაკელი" და ა.შ. ეს პრიგოჟინს გარკვეულწილად აძლიერებს, მაგრამ მას ისედაც ძლიერი შენაერთები ჰყავს.

„პრიგოჟინის კონტინგენტი 150 ათას ადამიანს შეადგენს, ძირითადად ქვეყნის გარეთ ჰყავს - ლიბიაში, სირიაში, უკრაინიდან კი რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში გადაიყვანა, საველე პირობებში არიან. ისინი საკმაოდ კარგად არიან მომზადებულები და აღჭურვილები, შეიარაღების უმაღლესი დონე აქვთ.

„ვაგნერელებს" ყველაფერი აქვთ - მძიმე და მოიერიშე ავიაცია, დრონები, ტანკები, ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, საკუთარი სპეცსამსახურიც ჰყავს, ასევე სპეცდანიშნულების დანაყოფები, რომლებიც უმაღლეს დონეზეა აღჭურვილი. თვეში 2 მილიარდ დოლარს ხარჯავენ.

„ვაგნერს" საბრძოლო მომზადებაც და მოტივაციაც საკმაოდ მაღალი აქვს. ყველა ბრძოლისუნარიანი სამხედრო მოსამსახურე პრიგოჟინის მხარეს გადავიდა. რაც მთავარია, მათ საბროლო მოქმედებების დიდი გამოცდილება აქვთ - სირიაში, ლიბიაში და ახლა უკვე უკრაინაში", - განაცხადა მაისაიამ.

რაც შეეხება ძალთა ბალანსს, მაისაიას თქმით, ახლა, როცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები უკრაინაში იბრძვიან, „ვაგნერი" ყველ ვარიანტში გადაწონის.

„ასეთ ჯგუფთან დაპირისპირება კრემლს რა თქმა უნდა ეშინია. ამასთან, პრიგოჟინი და მისი „ვაგნერი" მოსახლეობაში პოპულარული არიან და პოლიტიკური მხარდაჭერაც აქვთ - ორი პარტია უჭერს მხარს", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×